სასარგებლო ინფო, რჩევა, როგორ შევარჩიოთ ავტომობილი, როგორ
Aa
Aa

როგორ შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას

კვლევების თანახმად, ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 7-8 ავტომობილს ყიდულობს. ეს არც თუ ისე ცოტაა, არა? ავტომობილის შეძენა საკმაოდ ამაღელვებელი პროცესია. სწორი მოდელის შერჩევა კი ადვილი ნამდვილად არ არის.

როცა უკვე გადაწყვეტთ, რა ზომის, როგორი შასის და ძრავის ტიპის ავტომობილის შეძენა გსურთ, მისი სწორად შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ან ძველი ავტომობილის ყიდვა მისი შემოწმების გარეშე იგივეა, რაც იმ მდინარეში ჩასვლა, რომელიც არ იცი, რა სიღრმისაა. ეს ყველაფერი მეტ აზრს იძენს, როდესაც მეორადი ავტომობილის შეძენა გიწევთ.
ამ სტატიაში ჩვენ იმაზე გესაუბრებით, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ავტომობილი შეძენამდე. 

შეამოწმეთ ავტომობილი დაძვრამდე

უპირველეს ყოვლისა, სანამ მძღოლის კარს გააღებთ, შეამოწმეთ ავტომობილი გარედან. ყურადღება მიაქციეთ კორპუსის მდგომარეობას. დააკვირდით, გასდის თუ არა სითხეები და ეტყობა თუ არა ჟანგვის, გადაღებვის ან რაიმე ინციდენტის კვალი. ინციდენტზე ხშირად პანელების ღრეჩოები მიუთითებს. ყველა მათგანი თითქმის თანაბარი ზომის უნდა იყოს. 



ასევე შეამოწმეთ ავტომობილის საბუთები. ყურადღება შემდეგ დეტალებზე უნდა გაამახვილოთ: ემთხვევა თუ არა ავტომობილისა და ტექნიკური პასპორტის მონაცემები ერთმანეთს; არის თუ არა ავტომობილი იურიდიული პასუხისმგებლობით დატვირთული; შეიძლება თუ არა ავტომობილის გადაფორმება. 

გარდა ამის, შეამოწმეთ ავტომობილის ისტორია ე.წ. VIN კოდით. 

თუ რომელიმე ასპექტში უზუსტობას ან შეუსაბამობას შეამჩნევთ, მანქანის გამყიდველს მიზეზი ჰკითხეთ. თუ გამყიდველი დაბნეული ჩანს, აგრესიულია, არადამაჯერებელ პასუხს გვაძლევს ან არ აქვს ინფორმაცია საკუთარი მანქანის მდგომარეობის შესახებ, ბევრს ვერაფერს იზამთ. მოძებნეთ სხვა ავტომობილი.

შეამოწმეთ სალონი 



სალონში მოხვედრისას ყურადღება შემდეგ დეტალებს უნდა მიაქციოთ: საჭე, სიჩქარის გადამრთველის ბერკეტი, სატერფულები და ყველა ის ღილაკი, რომლის გამოყენებაც მძღოლს სისტემატურად უწევს. თუ ჩამოთვლილიდან რომელიმეს ცვეთა ეტყობა, იცოდეთ, რომ მანქანას შესაძლოა იმაზე მეტი გარბენი ჰქონდეს, ვიდრე მის ოდომეტრზე ხედავთ. ასევე, გასათვალისწინებელია, სავარძლების მდგომარეობაც. 

კარგი იქნება, თუ ავტომობილში ჩაჯდომისას შეამოწმებთ გათბობისა და გაგრილების სისტემას. დარწმუნდით, რომ ინტერიერში ყველა დეტალი გამართულად მუშაობს. 



აუცილებლად შეამოწმეთ საბარგული. სათადარიგო საბურავის ხუფის აწევისას მანქანის ძარა ჩანს. ამ ნაწილში ავტომობილის კოროზიისა და ავარიის კვალი არ უნდა ეტყობოდეს.

დაიმახსოვრეთ ყველა ფუნქცია, რომელიც არ მუშაობს. ეს ფასზე შეკამათების საშუალებას მოგცემთ. გააღეთ ყველა კარი, ლუქი და საბარგული. შეამოწმეთ საკეტები.

მანქანის დაძვრა

ავტომობილის დაძვრამდე შეამოწმეთ გამაგრილებელი სისტემისა და ძრავის ზეთის მდგომარეობა. კარგი იქნება თუ დაძვრამდე ავტომობილს 5 წუთი მაინც ანთებული მაშუქებით დატოვებთ. ასე ბატარეის სიცოცხლისუნარიანობას შეამოწმებთ. 

ამის შემდეგ, ავტომობილის დაძვრასთან ერთად ყური დაუგდეთ ყველა უჩვეულო ხმას. აქ გასათვალისწინებელია ძრავის მუშაობა ცივ და ცხელ ტემპერატურაზე. ასევე, შეამოწმეთ მაყუჩიდან გამომავალი გამონაბოლქვი - აქვს თუ არა მას ნამწვის ან საწვავის სუნი ან ლურჯი ან შავი შეფერილობა.  



რამდენჯერმე გამორთეთ და ჩართეთ ძრავა იმისთვის, რომ კარგად დარწმუნდეთ მის გამართულობაში. 

ასევე, შეამოწმეთ არის თუ არა მაჩვენებელთა დაფაზე გამოსახული რაიმე სახის მაფრთხილებელი ნიშანი. არ დაგავიწყდეთ მაშუქების შემოწმება. ახალი ავტომობილების უმეტესობას LED მაშუქები აქვს. გაუმართაობის შემთხვევაში მათი შეცვლა კი იაფი ნამდვილად არ ჯდება. 



მანქანის დაძვრისას დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ამ დროს გადაცემათა კოლოფის შემოწმებაა შესაძლებელი. გადაცემათა კოლოფის სიჩქარეთა მონაცვლეობისას მანქანა არ უნდა ირხეოდეს. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისმიერ ხმას. ავტომობილს დაძვრისას არ უნდა ჰქონდეს ვიბრაციები და ძალის დიდი დანაკარგი.
ატარეთ ავტომობილი

მართვის დროს რამდენიმე ფაქტორია, რასაც ყურადღება სჭირდება:
• შეამოწმეთ, როგორ მუშაობს ძრავა. მოუსმინეთ ხმებს. იარეთ ნელაც და სწრაფადაც.
• დააკვირდით, როგორ გადადის სიჩქარეებში, როგორ იქცევა მანქანა, როცა ის სიჩქარის ზღვარს აღწევს. დარწმუნდით, რომ ის ჩუმია და სიჩქარეებშიც ადვილად გადადის. მუდმივად აკონტროლეთ ძრავის ტემპერატურა და მაჩვენებელთა დაფა.
• წაიყვანეთ მანქანა იქ, სადაც ნაკლები მოძრაობაა. გაუშვით ხელი საჭეს. თუ ის გვერდზე მიდის ეს შესაძლოა მცირე ან სერიოზული პრობლემაც იყოს. ამიტომ მის გადამოწმებას კვალიფიციურ მექანიკოსთან გირჩევთ. აუცილებლად შეამოწმეთ ავტომობილის გადაადგილების ხარისხი უსწორ-მასწორო გზაზე. თუ ავტომობილს წინა ან უკანა დაკიდების სისტემაში პრობლემა აქვს, ასეთ გზებზე ეს მარტივად გამოჩნდება. თუ მუხრუჭზე დაჭერისას ვიბრაციას გრძნობთ, ეს სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაზე მიუთითებს.
• შეამოწმეთ ავტომობილის მობრუნების რადიუსი. დაბალ სიჩქარეზე საჭე ერთი მიმართულებით ატრიალეთ. ყველა უჩვეულო ხმას. თუ არაა ხმა, არც პრობლემაა. 

ჰკითხეთ აზრი სხვასაც
თუ ახალი მძღოლი ხართ და წარმოდგენა არ გაქვთ, რა პრობლემებს უნდა უფრთხილდეთ, უკეთესია თან გყავდეთ ისეთი ადამიანი, ვინც მანქანებში კარგად ერკვევა. 

თუ ავტომობილი ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აუცილებლად ჩაუტარეთ ელექტრო დიაგნოსტიკა. თუ გაქვთ გათვალისწინებული თანხა, შეამოწმებინეთ ავტომობილი მექანიკოსს. ავტომობილის შემოწმება მის ყიდვამდე გამართლებული ხარჯია. 

თუ მანქანა ამ ტესტებს წარმატებით გაივლის, მაშინ ამ ავტომობილის შეძენამდე მხოლოდ თანხის შეთანხმება რჩება.
მთავარი მიზანი ისაა, რომ მაქსიმალურად შეაფასოთ ის პრობლემები, რაც ავტომობილს აქვს. ეს ავტომობილის ოპტიმალურ ფასად შეძენაში გეხმარებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მთავარი თქვენი უსაფრთხოებაა. მანქანის შეძენისას ამ რჩევებს მიჰყევით, რათა თქვენი ფული წყალში გადაყრილი არ გამოდგეს.

მსგავსი სიახლეები