ეს Alpina B10 V8 S-ი შესაძლოა იაფად გაიყიდოს
ახლანდელი შეთავაზება 13 000£-ს არ სცდება.
ეს BMW e39 Alpina B10 V8 S-ა, რაც ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დიზაინის მქონე მეხუთე სერიაა, რაც ოდესმე შექმნილა. ავტომობილი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იაფად არის შეფასებული.
Collecting Cars-ზე განთავსებული 2002 წლის B10 V8 S-ის ამჟამინდელი შეთავაზება 12 600£-ა.
Alpina აცხადებს, რომ ამ ავტომობილის წინამორბედი - B10 V8 - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო. 1997 წელს 1 300 ერთეული გაიყიდა. თუმცა, 347-ცხენისძალიანი აგრეგატს საკმარისი სიმძლავრე არ ჰქონდა. შედეგად e39-ის გამოსვლის ბოლო წელს V8 S-ი ვერსია ვიხილეთ.
ეს ავტომობილი 4.8-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. გაუმჯობესდა ლილვები, დგუშები და შემშვები სისტემა. შედეგად V8 S-ი 375 ცხენის ძალასა და 509 ნიუტონ მეტრს უყრიდა თავს. აგრეგატი 5-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან იყო დაკავშრებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ღერძზე ანაწილებდა. როგორც ირკვევა, Z8-ზე დაფუძნებულ Roadster-შიც სწორედ ეს ძრავა დევს. V8 S-ს 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება 5.4 წამში შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 283კმ/სთ-ით არის განსაზღვრული.
19-იანი დისკებისთვის დაკიდების ახალი სისტემაც შემუშავებული იქნა. Brembo-ს დიდი მუხრუჭები ავტომობილის გაჩერებაზე იღებს პასუხმგებლობას. ექსტერიერს კი Alpina-ს ნატიფი ვიზუალი ამშვენებს.
სურათზე ნაჩვენებ მოდელს 58 216 მილი აქვს გავლილი, რაც დიდი ზომის V8 ძრავისთვის არაფერია. „ღამის ლურჯი“ ფერის საღებავი ბეჟი ფერის ინტერიერთან საოცარ დუეტს ქმნის და ის ნებისმიერ ავტომოყვარულს თავს ერთი დანახვით შეაყვარებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ფასად თქვენ იშვიათ, მძლავრ და გამორჩეულ ავტომობილს შეიძენთ, მაშინ საქმე საკმაოდ სარფიან გარიგებასთან გვაქვს.