Mil-Spec Automotive M1-R-ის პირველი გამოცდა: უმაღლესი დონის Hummer H1
Mil-Spec-ის მეორე თაობის Hummer H1 ბევრად დახვეწილია.
Mil-Spec Automotive-და Hummer H1-ს შორის ზუსტად ის საქმიანობა სრულდება, რაც Singer-სა და Porsche 911-ს შორის. სტანდარტული მოდელი ძირფესვიანად უმჯობესდება. Mil-Spec-მა პირველი Hummer H1 2018 წელს გამოუშვა. პანდემიისას კი მეორე თაობის H1 შეიმუშავა. ეს გაუმჯობესებები მოდელს ფასს უფრო უმატებს. 2006 წლის Hummer H1 Alpha-ს მეორადი ქარხნული მოდელები 200 000$-ზე ნაკლებად არ ფასდება.
Mil-Spec Hummer H1-ის ძრავის სპეციფიკაციები
როგორც ადრე, ისეც ახლა MSA-ს ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება Hummer-ის ქარხნული დიზელის ან ბენზინის ძალოვანი აგრეგატია. ეს საცოდავი V8 ძრავები 2006-2007.5 წლის მოდელში 6.6-ლიტრიანი Duramax-ის დიზელის ძრავით ჩანაცვლდა. Mil-Spec-ი ამ LBZ ძრავას აფასებს, როგორც „უკანასკნელი დიზელის ძრავები ჰოთ-როდებისთვის“. HSP Diesel Performance & Accessories of Romeo-მ ძრავის შიგნით მთელი რიგი ნაწილები გააუმჯობესა, რის შედეგადაც 350-ცხენისძალიანი და 881-ნმ-იანი აგრეგატი 500-ცხენისძალისა და 1355ნმ-ის მქონე მონსტრად იქცა. ეს ყველაფერი არ არის. თუ თქვენ დამატებით 60 000$-ს Intrepid Performance Package-ში გადაიხდით, მაშინ 800 ცხენის ძალასა და 1 760 ნიუტონ მეტრს მიიღებთ.
ასეთი რაოდენობის სიმძლავრეს უფრო დიდი ტურბინა და ინტერქულერი სჭირდება. ავტომობილი აღჭურვილია Bosch-ის საწვავის შეფრქვევის სისტემითაც. ძრავას ახალი კომპიუტერიც აკონტროლებს. გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმო ტრანსმისიასაც. Allison 1000 T6-ის 6-სიჩქარიანი კოლოფი HSP-ის Stage 3 და Stage 5-ის სტანდარტებისაა. ეს ცხენის ძალებისა და მაბრუნი მომენტის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
შასის გაუმჯობესება
Mil-Spec Hummer H1-ის პირველ თაობაშიც M1 სრულად დაიშალა და ჩარჩო სპეციალური ფხვნილეულობით დაიფარა. იმისათვის, რომ შასი ახალზე უკეთესი ყოფილიყო უამრავი „აფტერმარკეტ“ ნაწილი იქნა გამოყენებული. ქარხნული მუხრუჭები 32-სმ-იანი დიამეტრის ვენტილირებადი მუხრუჭებით შეიცვალა, რომელზეც 6-პისტონიანი სუპორტები უჭერს.
11 500$-იანი Baja Suspension პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი Rod Hall-ის დაკიდების სისტემას მიიღებს. ქარხნული 6.5-ინჩიანი ამორტიზატორების სვლას ის ორჯერ ზრდის და 13 ინჩს შეადგენს. დაკიდების სისტემას შეერთების წერტილებიც და განივი მდგრადობის სტაბილიზატორიც გაუმჯობესებული აქვს.
ექსტერიერის მოდიფიკაციები
სურათებზე ნაჩვენები M1-R-ი MSA Bold Body-ს, Tire-ის (5500$-იანი) და Baja Exterior-ის (3500$-იანი) პაკეტითაა აღჭურვილი. ავტომობილს წინ დამატებით 5500-კილოგრამიანი ჯალამბარი და სპეციალურად შერჩეული დამცველები აქვს. გარდა ამისა, მოდელს ელექტრო ფეხის სადგამიც აქვს, რომლის შეძენაც 1 950$-ად იქნება შესაძლებელი. ეს დეტალი ავტომობილში ასვლას გააადვილებს.
ინტერიერის განახლებები
Mil-Spec-მა მეორე თაობის H1-ს უკეთესად დაპროექტებული ინტერიერის დიზაინი მისცა, ვიდრე პირველ თაობაში გვხვდებოდა. სალონის დიზაინი ახლა უფრო მოსახერხებელია და ის ბრილიანტისებრადაა შეკერილი.
საჭე ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. სახისკენ მომართული მხარე ტყავითაა დამზადებული, ხოლო უკანა ალუმინითაა დამუშავებული და თითების ფორმას იმეორებს. მოხვევის მაშუქების გასააქტიურებელ ბერკეტს იდეალური შეგრძნება აქვს. სიამოვნებას მოგანიჭებთ შორს მიმართული შუქის ჩამრთველის გამოყენებაც.
სპიდომეტრის ტაქომეტრისა და ოდომეტრის მაჩვენებლები საჭის მარჯვნივაა განთავსებული, ხოლო საწვავის, ბატარეის ვოლაჟის, წყლისა და ზეთის ტემპერატურის მაჩვენებლები შესაძლოა საჭემ დაფაროს, რადგან ისინი დიდი მაჩვენებლების შიგნით არის მოთავსებული. სამი მცირე ზომის მაჩვენებელი კი ნამუშევარი აირების ტემპერატურას, ტურბინის წნევასა და ტრანსმისიის ტემპერატურას ზომავს. ასევე, დამატებულია ელექტრო ხელის მუხრუჭიც, რომლის გამოყენებაც ღილაკის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ავტომობილში მოწესრიგებულია კლიმატ კონტროლის სისტემაც. აქ თქვენ გამაგრილებელის სიჩქარეს, ტემპერატურასა და რეჟიმს შეარჩევთ. გარდა ამისა, სალონის უკანა ხაზში სავენტილაციო არხები დამოუკიდებლად გადის, რაც კომფორტს კიდევ უფრო ზრდის.
700-ვატიანი, 9-დინამიკიანი JL-ის აუდიო სისტემის მაკონტრელებელი ღილაკები სპიდომეტრის ქვეშაა განთავსებული.
როგორი სამართავია M1-R?
პიროვნებამ, რომელმაც Hummer H1 Alpha-ც მართა და Mil-Spec-ის პირველი თაობის მოდელიც, ირწმუნება, რომ სურათზე ნაჩვენები ავტომობილი მათგან საუკეთესოა. განსაკუთრებით აჩქარების ნაწილში.
M1-R-ს ჩამრთველთან სიმძლავრის ღილაკი აქვს, რომელიც 5 პოზიციაზე ტრიალებს. ყველაზე სპორტული რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში ის დიზელისძრავიანი Audi Q5-ის ან BMW X5-ის მსგავსად მიჰქრის. 6-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი კი სიჩქარეებს საკმაოდ სწრაფად ცვლის. X5-ზე ორჯერ მძიმე Hummer-ს სპორტულ რეჟიმში 0-დან 100-მდე აჩქარება 5 წამში შეუძლია.
3400-კგ-იანი ავტომობილის კვალობაზე მუხრუჭის შეგრძნება საკმაოდ ნორმალურია. სატერფულს დიდი რეაქცია არ აქვს. მოქმედებაზე სახევარღეძი და უზარმაზარი ზომის საბურავები დიდწილად მოქმედებს. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Mil-Spec-ს თვითბლოკირებადი მუხრუჭები და მოჭიდების სისტემა არ აქვს, რაც ქარხნულ H1-ზე ხელმისაწვდომი იყო.
Baja-ს დაკიდების სისტემა რატომღაც ხისტია, მაგრამ ის უდაბნოში გადასაადგილებლად იდეალური იქნება და Ram 1500 TRX-სა და Ford F-150 Raptor-ს ღირსეული კონკურენციას გაუწევს. მოხვევა საკმაოდ მსუბუქია და არც თუ ისე პირდაპირი, რაც მოსალოდნელი იყო.
ღირს თუ არა Mil-Spec M1-R-ის შეძენა 440 250$-ად?
ვიღაცისთვის ღირს! თუ თქვენი მიზანი Baja 1000-ის მოგება ან სამხედრო ავტომობილის შეძენაა მაშინ საბაზისო 300 000$-ის დახარჯვა სხვა ავტომობილში ღირს. მაგრამ თუ Nord Star 31+ იახტა, Singer 911 და მსგავსი ტიპის სათამაშები გყავთ, მაშინ ამ „ოფროუდერის“ ყიდვაც არ იქნება აზრს მოკლებული. დეტალებზე ორიენტირებულობა და სრული აღჭურვილობა საკმაოდ ბევრს მოხიბლავს. აწყობის ხარისხი კი უმაღლეს დონეზეა. თითოეული მოდელი აწყობას 4-დან 8-თვემდე საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ამ ავტომობილს უფრო ვიწრო მოხმარება სჭირდება, რადგან ის საკმაოდ ექსკლუზიურია.