შხამიანი გველი: Dodge Viper-ის ისტორია
Aa Aa

შხამიანი გველი: Dodge Viper-ის ისტორია

Dodge Viper-ის წარმოება 2017 წელს დასრულდა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არსად გამქრალა. ის ამერიკულ ავტოკულტურაზე გავლენას დღესაც ახდენს. შოურუმებში ისევ ცოცხლობს და მისი შეძენის მსურველიც ბევრია.

Viper-ი ქართულად გველგესლას ნიშნავს. ეს სახელი ავტომობილმა სახურავზე ამოშვერილი ფორმების და გველთან სხვა მსგავსებების გამო მიიღო. ეს ავტომობილი ერთ-ერთ ფარდულში 17-მა ადამიანმა ააწყო. ძრავა სატვირთოსგან აიღეს. თვლის მორგვები - პიკაპისგან. მოკლედ, გამოიყენეს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. ეს არ იყო უსაფრთხო ავტომობილი. არც მოქნილობით გამოირჩეოდა, თუმცა ავტომოყვარულების გულების მოგება თავისი ქარიზმით მოახერხა. 

Viper-ი და მისი V10 ძრავა ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ დარჩება. მოდით, გადავხედოთ, Dodge-ს სპორტული ავტომობილის გავლილ გზას.  

1989 Dodge Viper Concept

ამ ავტომობილს Shelby Cobra-ს წარმატება უნდა გაემეორებინა. Chrysler-მა Viper-ის კონცეპტი შექმნა, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის ბობ ლუტცის და მთავარი დიზაინერის, ტომ გეილის ნამუშევარი იყო.

1989 წლის დეტროიტის ავტოშოუზე კონცეპტმა კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. Chrysler-მა „Viper-ის გუნდი“ შეკრიბა, რომელსაც ავტომობილის წარმოება სამ წელიწადში ნაკლებ დროში უნდა დაეწყო.

1992 Dodge Viper RT10 Roadster

კონცეპტის დიზაინმა დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. წარმოებისთვის მზა ავტომობილში სულ მცირედი ცვლილებები იყო შეტანილი. მილისებრი ფოლადის შასი, რომელსაც მინაპლასტიკის დეტალები ფარავდა უფრო „კიტ ქარების“ კონსტრუქციას ჰგავდა. კომპანიის გადაწყვეტილებით ეს ნედლეული 5 წლის განმავლობაში რამე უფრო გამძლეთი უნდა ჩაენაცვლებინათ.

საწყისი ფასი $50,000 იყო. ეს რიცხვი კონკურენტი Chevrolet Corvette ZR-1-ს ფასს ჩამოუვარდებოდა. თუმცა, ზოგიერთი მსურველი მეტ თანხას იხდიდა იმისთვის, რომ პირველი 285 მოდელიდან ერთ-ერთი შეეძინა.

Shelby Cobra-ს მსგავსად, Viper-ს მაყუჩის მილები გვერდებზე ჰქონდა. RT/10-ს სამმანიანმა ალუმინის შენადნობის დისკებმა მოწონება მალევე დაიმსახურა. საბურავები კი გიგანტური იყო. წინა საბურავები - 275/40, უკან - 335/35.

Viper-ის გული და მისი მთავარი სიამაყე 8.0-ლიტრიანი V10 ძრავაა. დიზაინი Dodge-ს სატვირთოსგან იყო. მაგრამ Lamborghini-ს (მაშინ Chrysler-ი ფლობდა) მიერ განახლებული და ალუმინში ჩამოსხმული. ეს ძრავა ნამდვილი მონსტრი იყო.

პირველი თაობის Viper-ს 400 ცხენის ძალა ჰქონდა. RT/10 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 265+კმ/სთ. 

ამ ავტომობილის სიჩქარესა და სიმსუბუქეს, რა თქმა უნდა მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. პირველ ვერსიებს წესიერი სახურავი, გვერდითა მინები და ექსტერიერის სახელურებიც კი აკლდა.

ABS დამუხრუჭება, ჩაჭიდების კონტროლი და კონდიციონერი ავტომობილს არ ჰქონია, რადგან ის მთლიანად მაღალ ტექნიკურ მაჩვენებლებზე იყო კონცენტრირებული.

1996 Dodge Viper GTS

Viper-ის წარმატებით შთაგონებულმა Dodge-მა გადაწყვიტა, კუპე ვერსია გამოეშვა. კონკრეტულად Viper GTS-ი კი 1960-იანების Shelby Daytona კუპეთი იყო შთაგონებული.

ცვლილება უკანა შუშის ასაწევ კარსაც ემჩნეოდა მის ქვეშ დამატებითი საბურავი ჩანდა. ყველაზე შესამჩნევი მაინც ფერების სქემა იყო: ლურჯი თეთრი ზოლებით.

 

გვერდითა მაყუჩის მილები წარსულს ჩაბარდა. ცხენის ძალების რაოდენობა კი 450-მდე გაიზარდა. კუპე ვერსიას გაუმჯობესებული აეროდინამიკა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის გამაგრილებელი და უსაფრთხოების ბალიშები დაუმატეს, წონა ისევ დაბალი დარჩა.

GTS-ი 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.0 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 297+ ჰქონდა. ფასი კი $66,000 იყო, რაც F355-ის ღირებულების თითქმის ნახევარს შეადგენდა.

იმისთვის, რომ მეტ ადამიანს ენახა, Dodge-მ Viper GTS-ი Indianapolis 500-ს ოფიციალურ „ფეის ქარად“ შესთავაზა.

როგორც Chrysler-ის კორპორაციის პრეზიდენტს, ბობ ლუცს უფლება მისცეს, საჭესთან დამჯდარიყო.

GTS-მა Viper-ების მეორე თაობას დაუდო სათავე. RT/10-სთვის ეს მეტ თანამედროვე ტექნოლოგიას და ფუფუნებას ნიშნავდა, მაგალითად, ჰაერის გამაგრილებელს, ელექტრო ფანჯრებს და უსაფრთხოების ბალიშებს.

RT/10-მა GTS-ის 450-ცხენისძალიანი ძრავაც კი მიიღო და კიდევ უფრო ექსტრემალური გახდა.

 

1998 წლის Dodge Viper GTS-R ლე მანის გამარჯვებულია

ავტოსპორტში წარმატების მისაღწევად Viper-ს დიდი დრო არ დასჭირვებია. Team Oreca-ს მომზადებულმა GTS-R-მა GT2 კლასი 1997 წლის FIA GT Championship-ზე მოიგო. შემდეგ კი ეს მოგება 4-ჯერ გაიმეორა.

ყველაზე დიდი გამარჯვება კი 1998 წელს ლე მანის 24 საათზე პირველი ორი პოზიციის დაკავება იყო. ამით Shelby Daytona კუპეს მიღწევა გაიმეორა. იმ ავტომობილის, რომლის შთაგონებითაც Viper-ი შეიქმნა.  

 

1998 Dodge Viper GT2 Championship Edition

ამ გამარჯვებების აღსანიშნავად Dodge-მ 100 ეგზემპლარი GT2 Championship Edition-ი გამოუშვა. ფერთა გამა სარბოლო ავტომობილით იყო შთაგონებული.

ცხენის ძალების რაოდენობა 460-მდე გაიზარდა. სალონში ლურჯი დეტალები და 5-წერილიანი, სარბოლო უსაფრთხოების ღვედი იყო.

 

1997 Dodge Copperhead Concept

Viper-ის წარმატების შემდეგ, კომპანიას მეტი უნდოდა. მათ უფრო მოკლე და ვიწრო ავტომობილი Viper-ის პლატფორმაზე შექმნეს. Copperhead-ს 2.7-ლიტრიანი V6 ძრავა ჰქონდა, რომელიც 220 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.  

გველის ტყავის თემა გაგრძელდა. თუმცა, ავტომობილის სახელის გამო როკის ლეგენდა ბილი გიბსონთან სასამართლო დავა მოუწიათ. წარმოების დაწყება 2000 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა, საბოლოოდ, პროექტი გაუქმდა.

2000 Dodge Viper GTS-R Concept

ახალი ათწლეულისთვის კომპანიამ მესამე თაობის Viper-ის მომზადება სწრაფად დაიწყო. ახალ წარმოებულ ავტომობილზე პასუხისმგებელი ოსამუ შიკადო უნდა ყოფილიყო. GTS-R Concept-ი სამუშაო ვერსია იყო.

500-ცხენისძალიანი V10 ძრავით, GTS-R Concept სრულიად ფუნქციონირებდა.

2002 Dodge Viper GTS Final Edition

ამ ავტომობილმა სპეციალური გამოშვებების ტრადიციას დაუდო სათავე. გამოსამშვიდობებელი ვერსია მხოლოდ 360 ეგზემპლარად გამოვიდა. მას წითელი ექსტერიერი და ვერცხლისფერ ზოლები ჰქონდა. მიზეზი ის სარბოლო ავტომობილი იყო, რომელმაც 2000 წელს ლე მანის ამერიკული სერიები მოიგო.

წითელი აქცენტები სალონშიც იყო. ბოლო მოდელებს ABS დამუხრუჭება ჰქონდა.

2003 Dodge Viper SRT-10 Roadster

მესამე თაობისთვის Viper-მა მნიშვნელოვანი განახლებები განიცადა. ეს ავტომობილი DaimlerChrysler-ის ზედამხედველობის ქვეშ აიწყო. წონა ძრავასაც და შასისაც დააკლდა.  

Viper V-10 ადგილზე დარჩა. თუმცა, ზომაში გაიზარდა. 8.5-ლიტრიანი ძრავა 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ის Chrysler-ის ‘Street and Racing Technology’ ემბლემას ატარებდა. მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 305კმ/სთ იყო. გვერდითა მაყუჩის მილებიც ისევ ადგილზე დარჩა. ასევე დაკეცვადი ნაჭრის სახურავიც.

2003 Dodge Viper Competition Coupe

Competition Coupe 2000 წლის GTS-R კონცეპტს ძალიან ჰგავდა. ეს იყო მსუბუქი, როლისთვის მზა ავტომობილი, რომლის 8.3-ლიტრიანი V-10 ძრავა 520 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მოგვიანებით, სარბოლო გუნდებმა ეს ავტომობილი GT2 და GT3 ჩემპიონატებში გამოიყენეს.

 

2004 Dodge Ram SRT-10

წარმოებაში მოხვდა Ram SRT-10, რომელსაც 500 ცხენისძალიანი V10 ძრავა ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ Viper-ზე ბევრად მძიმე იყო, 0-100კმ/სთ-მდე 5 წამში ნაკლებ დროში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 248კმ/სთ. 

2004 წელს SRT-10 გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე სწრაფი პიკაპი. მან 249.4 კმ/სთ განავითარა.

 

2005 Dodge Viper SRT-10 Coupe

2005 წელს Viper SRT-10-ის კუპე ვერსიაც გამოჩნდა. ის თითქმის როდსტერის იდენტური იყო, თუ არ ჩავთვლით ‘double-bubble’ სახურავს.

ცხენის ძალების რაოდენობა 510-მდე გაიზარდა, თუმცა, ფიქსირებული სახურავის გამო წონაშიც მოიმატა. გაუმჯობესებული აეროდინამიკით მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-მდე აღწევდა.

 

2008 Dodge Viper SRT-10 ACR

2008 წლის მოდელისთვის ძრავის მოცულობა ისევ გაიზარდა და ამჯერად 8.4-ლიტრი შეადგინა. ცხენის ძალების რაოდენობა 600 გახდა. თუმცა, ყველაზე დიდი სიახლე დრამატული ACR-ის დაბრუნება იყო.

1999 წლის ვერსიისგან განსხვავებით, 2008 წლის ACR-ს კარბონის გიგანტური ფრთა ჰქონდა. მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოვიდა. SRT-10 ACR-მა 2009 წელს ნორდშლაიფზე რეკორდი დაამყარა.  

2010 Dodge Viper SRT-10 Final Edition

წარმოების ბოლო წლისთვის Dodge-მა რამდენიმე სპეციალური გამოშვების მოდელის აწყობა დაგეგმა. მათგან ყველაზე გამორჩეული Final Edition ვერსია იყო. სულ 50 ეგზემპლარად აიწყო. მათგან ზოგი ვერსია კუპე იყო, ზოგი როდსტერი და ზოგიც ACR ვარიანტი.

ყველა მათგანი ნაცრისფერი იყო, კაპოტზე შავი მონაკვეთით, რომელიც წითელი ზოლებით იყო შემოფარგლული. წითელი დეტალები შავი ფერის  სალონსაც ამშვენებდა.

2012 SRT Viper

2007 წელს Chrysler-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, Viper-ი კინაღამ წარმოებიდან ამოიღეს. სერჯიო მარკიონემ ამ ავტომობილის გადარჩენაში დიდი როლი შეიტანა. 2012 წელს მეხუთე თაობის ავტომობილი გამოვიდა, რომელიც ბაზარზე 2013 წლის მოდელის სახელით გამოჩნდა.

უნდოდათ, რომ SRT ბრენდი გამხდარიყო, ამიტომ სახელიდან „Dodge” ამოიღეს.  კლიენტებს Viper-ს მხოლოდ კუპეს სახით სთავაზობდნენ. 8.4-ლიტრიანი V10 ძრავა დარჩა. ცხენის ძალები 640-მდე გაიზარდა. ნაკლები წონა და კრუიზ კონტროლი ავტომობილს უფრო სასურველად აქცევდა.  

 

აიწყო უფრო მდიდრული GTS ვერსიაც. კაპოტზე უფრო დახვეწილი ჰაერის შემწოვები იყო, სალონში კი ტყავისა და მეტალის მეტი დეტალი.

2012 SRT Viper GTS-R

მეხუთე თაობის გამოსვლისთანავე, Viper-ი ლე მანის ამერიკულ სერიებში დაბრუნდა. Riley Technologies გუნდთან თანამშრომლობით, GTS-R-ს, ნაცვლად მექანიკურისა, 6-სიჩქარიანი თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.  

2012 და 2013 წლებში ნელი სტარტის შემდეგ, 2014 წელს GTS-R-მა სიჩქარე აკრიფა და 2014 წლის United SportsCar Championship-ში გამარჯვება Corvette Racing-ს წაართვა.  

2013 SRT Viper TA

სარბოლო ტრასების მოყვარულების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, SRT-მ შეზღუდული წარმოების Time Attack (TA) მოდელი გამოუშვა. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება ნარინჯისფერი ექსტერიერი იყო. გარდა ამისა, ამ მოდელს ალუმინის დისკები და კარბონის მეტი დეტალი ჰქონდა.

ცხენის ძალების რაოდენობა ისე 640 დარჩა. თუმცა, Pirelli-ს ტრასაზე ორიენტირებული საბურავებით, Bilstein-ის დაკიდების სისტემითა და Brembo-ს განახლებული მუხრუჭებით, ტრასაზე მართვადობის სხვაობა საგრძნობი იყო.  

2016 Dodge Viper SRT ACR

2016 წელს ACR ვერსია დაბრუნდა. მისი კონცეპტის დებიუტი 2014 წლის SEMA-ს ავტოშოუზე შედგა. დაბრუნდა სახელში Dodge მარკაც.

კარბონ-კერამიკული მუხრუჭები, სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილი Kumho საბურავები, Bilstein-ის ადაპტური დაკიდების სისტემა და მსუბუქი ხალიჩებიც კი პაკეტში შედიოდა. ამერიკულ ტრასებზე დამყარებული სიჩქარის რეკორდები მის მაღალ ფასს ($122,000) ამართლებდა.

2017 Dodge Viper 25th Anniversary Edition

მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილს ერთგული გულშემატკივრები ყოველთვის ჰყავდა. გაყიდვები ძალიან ნელა მიდიოდა. ამ ავტომობილის წარმოების დასასრულებლად რამდენიმე ვერსია შექმნეს, რომლებიც Viper-ის 25-ე იუბილეს აღნიშნავდა.

ოცდარვავე ავტომობილი გამოსვლიდან 40 წუთში უკვე გაყიდული იყო. ბოლო წლების მოდელებიდან დარჩენილი გასაყიდი ავტომობილები კი 5 დღეში გაიყიდა.

უკანასკნელი Viper-ი

25 წლისა და 31 300 ავტომობილის შემდეგ, ბოლო Viper-ი მიჩიგანში 2017 წლის 16 აგვისტოს აიწყო. ის პირველი კონცეპტის მსგავსად, წითელ ფერში იყო. 2018 წელს ბარეტ-ჯექსონის აუქციონზე გაყიდეს, როგორც Viper-ს ფლობის „უკანასკნელი შანსი“.

ის 2018 წლის Dodge Challenger SRT Demon მასლქართან ერთად იყიდებოდა. ორივე ჯამში $1 მილიონად გაიყიდა. ფული მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა. იღბლიანმა ახალმა მფლობელმა კი Viper-ისა და Demon-ს სრული აღჭურვილობა მიიღო.

Viper-ის მემკვიდრეობა

ცალკეული Viper-ები სადილეროებსა და აუქციონებზე ისევ ჩნდება ხოლმე, თუმცა, V10-ძრავიანი ავტომობილის სერიულ წარმოებაში დაბრუნება საეჭვოა. მის მთავარ კონკურენტ Corvette-ს ახლა შუაძრავიანი განლაგება აქვს. Dodge კი დღეისთვის უფრო ძლიერ და პრაქტიკულ ავტომობილებს გვთავაზობს.ფასიც ადეკვატურია.

2017 წელს Viper-ის წარმოება შეწყდა. ის ახალ უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. უსაფრთხოების პრობლემის შესახებ, ამ ავტომობილის შემქმნელებიც გვაფრთხილებდნენ. ზოგიერთ მოდელს მინიმუმ 3 ადგილას მაინც ჰქონდა მიკრული ეტიკეტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი გვაფრთხილებდა, რომ სავარძლის უკან მოთავსებული ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ თავის მისადები იყო და არა გადაბრუნებისას დამცავი ძელი. "მართეთ ფრთხილად!" - ეწერა ეტიკეტზე. თუ ფრთხილად უნდა მართო, მაშინ რა საჭიროა V10 ძრავა? 2016 წელს მხოლოდ 630 Viper-ი გაიყიდა, რამაც წარმოების შეწყვეტაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჰიბრიდულ ერაში კი V10-ძრავიანი ავტომობილი, როგორც ჩანს მხოლოდ ისტორიის ფურცლებსა და ავტომოყვარულების გულებში დარჩება.

გაზიარება: