უიშვიათესი Gemballa Mirage GT მანჰეტენზე სანახაობრივად დაიმტვრა
ასეთი მანქანა მსოფლიოში სულ 25 იყო. მას შემდეგ, რაც მძღოლი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა, სულ 24 დარჩა.
უიშვიათესი Gemballa Mirage GT სასეირნოდ სავარაუდოდ ბოლოჯერ გამოვიდა. მისმა მფლობელმა ის მანჰეტენზე სანახაობრივად დაამტვრია.
Gemballa Mirage GT Gemballa-სგან უიშვიათესი ავტომობილია. ის თავისთავად უკვე გასაოცარ Porsche Carrera GT-ზეა დაფუძნებული და ასეთი სულ 25 არსებობს. ახლა უკვე 24. ატელიემ ორიგინალი 5.7- ლიტრიანი V10 ძრავისგან 670 ცხენის ძალას მიაღწია.
ძრავა ერთადერთი განახლება არ იყო, რასაც Gemballa შეეხო. მან მანქანის თითქმის ყველა ნაწილი გააუმჯობესა: დაკიდების სისტემა განაახლა, დისკები შეამსუბუქა, საინფორმაციო გასართობი სისტემა გააუმჯობესა და ა.შ. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მაინც უკანა ფრთა იყო, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვითომ მანქანა ლე-მანის მონაწილეა.
ავტომობილი GoldRush Rally-ის თანადამაარსებელ ბენჟამინ ჩენს ეკუთვნოდა. როგორც ვიდეოში ჩანს, მანქანა, საკმაოდ სანახაობრივად, გაჩერებულ მინივენს შეეჯახა. საჭესთან მფლობელი იჯდა. მას მანქანა მოუცურდა და Toyota Sienna-ს შეეჯახა. გაქცევა სცადა და ეს კიდევ სხვა ბევრ ავტომობილთან შეჯახებით დასრულდა. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჩენს ჯარიმა დაეკისრება, რაც ნამდვილად დაიმსახურა.