დროის მანქანის ტიუნინგი: BMW M3-ზე დაფუძნებული Coupe Lightweight Silhouettes
Aa Aa

დროის მანქანის ტიუნინგი: BMW M3-ზე დაფუძნებული Coupe Lightweight Silhouettes

E36 თაობის BMW 3-Series აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. DTM-ის ოქროს ხანის დროს მას იმდენად არ აღმერთებდნენ, რამდენადაც მის წინაპარს. თუ ქუჩაში საბაზისო 318i მოდელს შეხვდებით, რომელსაც პლასტმასის დეტალები აქვს, ძნელად თუ წარმოიდგენთ, რომ 1990-იანების რელიკვიაა.

მეორე მხრივ, E36 6-ცილინდრითა და სამი სატერფულით შეუდარებელია. მისი შასი კი ინტერპრეტაციებისთვის მოქნილია. გახადე ხისტი დაკიდების სისტემა, დაუმატე აერო ელემენტები, შეცვალე საბურავები და უკვე საინტერესო სპორტული ავტომობილი გყავს. რა თქმა უნდა, ხარისხის მიღწევას ბევრი ფულიც სჭირდება. სხვაგვარად პარკინგზე სულელურ გამომეტყველებას მიიღებს.

ეს შესაძლოა ამ მწვანე ავტომობილის შემთხვევაშიც მომხდარიყო, რომ არა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიუნინგ ატელიე AC Schnitzer-ი, რომელსაც BMW-სთან მჭიდრო კავშირები აქვს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Schnitzer Motorsport-ი 1963 წელს დაიბადა. ორმა ძმამ ფრაილასიგში Fiat-ი შეიძინა. მათი მიზანი ავტომობილის შეკეთება და გაძლიერება იყო. იოსებ და ჰერბერტ შნიცერი, მათი ნახევარ ძმა ჩარლი ლამი წლების განმავლობაში სხვა მარკის ავტომობილებზეც მუშაობდნენ, თუმცა ბავარიულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობამ ხშირი სახე მიიღო.

1960-იანებში Schnitzer Motorsport-ი BMW-ს სხვადასხვა მოდელზე მუშაობდა. ინჟინრებმა, მენეჯერებმა და პილოტებმა BMW 3.0 CSL-ის შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ავტოსპორტში E24 და E30 შასის წარმატებაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით. შემდეგ BMW-მ ლე მანში გაბრწყინება გადაწყვიტა. მათ „უილიამსთან“ თანამშრომლობა გადაწყვიტეს. ერთად Schnitzer Motorsport-ი იყიდეს. მეორევე მცდელობაზე გამარჯვებაც კი მოიპოვეს. შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვება კი მათთვის 2012 წელი იყო, როცა, პირველად 1993 წლის შემდეგ, DTM-ში დაბრუნდნენ და გაიმარჯვეს კიდეც.  

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კომპანიას BMW-ების გადაკეთებაში ბევრი დრო აქვს გატარებული. მათ გააკეთეს ის, რაც 80-იანებში ფულის საშოვნელად საკმაოდ ტრენდული იყო. იოსეფი ავტოავარიაში 1978 წელს გარდაიცვალა. ჰერბერტ შნიცერმა და BMW-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადილეროს ხელმძღვანელმა ვილი კოლმა 1987 წელს აახენში ტიუნინგ ატელიე გახსნეს და მას AC Schnitzer უწოდეს. AC აახენში სარეგისტრაციო ნომრების აბრევიატურაა.  

[ArticleBannerPlaceholder]

ავტოსპორტში მიღწეული წარმატებები ტუნინგ ატელიეს ძალიან ეხმარებოდა. თუმცა, მათ ჩვეულებრივ გზებზე დაშვებული ავტომობილების აღჭურვაში შესაძლებლობების დემონსტრაცია ჯერ კიდევ სჭირდებოდა. 1990-იანებში მათ ორი ავტომობილი შექმნეს: M3-ზე დაფუძნებული ACS3 CLS და ACS3 CLS II.

CLS-ი მსუბუქწონიანი BMW-ების აღმნიშვნელია. სურათზე პირველი Coupe Lightweight Silhouette-ია. ბამპერები და საფართოებლები კარბონ-კევლარისაა. ძრავა M3-ის S50B30 6-ცილინდრიანია. უფრო დიდი მუხრუჭები, უფრო მჭიდრო დაკიდების სისტემა და ტრასაზე ორიენტირებული სალონი და ციფრული მონაცემთა დაფა. ეს იყო E36 M3-ს მნიშვნელოვანი განახლება, თუმცა, შემდეგმა ვერსიამ ყველაფერი უფრო შორს წაიყვანა.

მწვანე CLS II,  E36-ის ენთუზიასტებისთვის წმიდა გრაალია და ამას თავისი მიზეზი აქვს. როცა BMW-მ 1995 წელს M3-სთვის 3.2-ლიტრიანი ძრავა შექმნა, AC Schnitzer-მა CLS ვერსიის გავითარება გადაწყვიტა. მათ ცილინდრის სახურავი, მუშტას პროფილი შეცვალეს, მაერთებელი საწევი დააბალანსეს, შემწოვებს კარბონი დაუმატეს, მაყუჩს კი - უჟანგავი ფოლადი. საბოლოოდ, ისედაც უკვე ძლიერი ძრავის ცხენის ძალები 350-მდე გაზარდეს. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 290კმ/სთ. 1995 წლისთვის ცუდი არის, არა?

სალონში ბევრი ნაწილი ან ამოიღეს, ან კარბონ-კევლარით ჩაანაცვლეს. მათ შორის, კარის პანელებიც. წინა და უკანა ბამპერები, სახურავის ფრთა, საბარგულის ფრთაც კარბონ-კევლარის იყო.

CLS-ის აეროდინამიკული ელემენტები CLS II-ზეც გადაიტანეს. უკანა დიფუზორის და საბარგულზე ფრთის ჩათვლით. წინა ბამპერს კი უფრო აგრესიული დიზაინი ჰქონდა. დაკიდების სისტემა მაღლდებოდა. ახალი ამორტიზატორები ნორდშლაიფზე გამოცადეს. თანაც ეს ადამიანები მარკეტინგული სტრატეგიის პიონერები იყვნენ.

ბევრ ასპექტში ეს ავტომობილები სრულიად საწინააღმდეგო იყო იმისა, რასაც მაშინდელი ავტონაწილების ბაზარი გვთავაზობდა: მაფართოებლები. ფერებში შეხამებული დისკები, მეტალის ინტერიერი, ზამში და უზარმაზარი ღილაკები საჭეზე. ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, რომ CLS II ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გადაღებილი BMW:

გაზიარება: