Aa
Aa

მოძრავი ციხე-სიმაგრე: შეჯავშნული Lincoln Navigator-ი

ისედაც შემაძრწუნებელი შეხედულების მქონე SUV-ის ჯავშანი დაემატა, რომელიც აფეთქებას უძლებს

Lincoln Navigator-ი ძალიან, ძალიან დიდი ავტომობილია. იგი სიგრძეში დაახლოებით ნახევარი მეტრით მეტია, ვიდრე გრძელი ბაზის მქონე Range Rover-ი. სიგანეზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია. ავტომობილის მასა 2,7 ტონას აღემატება.

EuroNCAP-ის ამერიკულმა ვარიანტმა - IIHS-მა - მას უსაფრთხოების რეიტინგის მიხედვით, 5 ვარსკვლავი მიანიჭა, ალბათ იმის გამო, რომ ყველა ბეტონის კედელი უბრალოდ გაიტანა, როგორც G-კლასი „მერსედესის“ ერთ-ერთ ძველ რეკლამაში.

 

რაც ამ ავტომობილს „ნამდვილად“ აკლდა, დამატებითი უსაფრთხოებისთვის ჯავშანის დამატება იყო, რომელიც 7,62 მმ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და ორი ყუმბარის აფეთქებას გაუძლებს. ეს INKAS Armored Lincoln Navigator L გახლავთ და ალბათ, დედამიწაზე არსებული ავტომობილებიდან ყველაზე მძიმეა. სამწუხაროდ წონის ზუსტ ციფრებს კომპანია არ ავრცელებს, რათა ეს ინფორმაცია ბოროტულად არ გამოიყენონ.

ავტომობილი აღჭურვილია 22-იანი დისკებით და runflat საბურავებით, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც კი ავტომობილის მოძრაობა არ შეფერხდება. ეს მოძრავი „ციხე-სიმაგრე“ ასევე წითელი და ლურჯი ციმციმა მაშუქებითა და სირენით არის აღჭურვილი. 

მიუხედავად წონის მომატებისა, INKAS სტანდარტულ ძალოვან აგრეგატებს ტოვებს: 450-ცხენისძალიან 3,5-ლიტრიან V6 ძრავას, რომელიც 691 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს და 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს. კიდევ კარგი, რომ დაკიდების სისტემა გააძლიერეს მაინც, რათა ახალ მასას მოსახვევში გაუმკლავდეს.

აკუმულატორის და ძრავის კომპიუტერის სივრცე განსაკუთრებით გაძლიერებულია და ყველგან ტყვიაგაუმტარი შუშები უყენია.

თუ ახალი ავტომობილის ყიდვისას თქვენი სამი ძირითადი კრიტერიუმი სივრცე, უსაფრთხოება და ცოტაოდენი ფუფუნება არის, მაშინ INKAS Navigator L თქვენთვის იდეალური საოჯახო ავტომობილი იქნება.

მსგავსი სიახლეები