„ფერარიმ“ „მერსედესს“ მიბაძა
Aa
Aa

„ფერარიმ“ „მერსედესს“ მიბაძა

წელს რეგულაციები არ შეცვლილა და „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდმა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული ინოვაციით ფორმულა 1-ის სამყარო გააოცა, რაც „ფერარის“ არ მოეწონა. 

„მერსედესმა" წლევანდელი პრე-სეზონის ტესტირებაზე DAS (Dual-Axis Steering) სისტემა შემოიღო. თუმცა ამ სიურპრიზით ზოგიერთი უკმაყოფილო დარჩა. როგორც გუნდის დირექტორი მატია ბინოტო აცხადებს, „ფერარის“ ამ ტექნოლოგიის იდეა ადრეც ჰქონდა.

„ჩვენ DAS სისტემა წარსულში არაერთხელ განვიხილეთ, მაგრამ მისი დიზაინი და განვითარება არ დაგვიწყია,“- თქვა ბინოტომ პრესკონფერენციაზე. „ამის მიზეზი სისტემის ლეგალური მხარე იყო, რომელიც ჩვენ თავის დროზე FIA-სთან არ გაგვირკვევია.“

მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი, რის გამოც ეს იდეა ნაგვის ურნაში მოისროლეს. ბინოტომ ახსენა, რომ პროექტის განვითარება „ფერარისთვის“ არამიზანშეწონილი იყო, რადგან უპირატესობები აშკარა არ იყო. მისი ეს სიტყვები გასაკვირია, იმ პოტენციალისა და დადებითი მხარეების გათვალისწინებით, რომელიც DAS სისტემას აქვს. DAS სისტემის სწორი გამოყენებით თვლების ნახარის ცვლილებით შესაძლებელია საბურავების ცვეთის და ჰაერის წინააღობის შემცირება, რაც სწორ მონაკვეთებზე უფრო მაღალ სიჩქარეს განაპირობებს.

„მერსედესის“ მიერ ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, ბინოტო კვლავ არაა დარწმუნებული, „ფერარის“ ბოლიდს და მათ ახლანდელ სტრატეგიას ეს სიახლე რამდენად მოერგება. მათ სისტემის განვითარების გეგმა დამტკიცებული არ აქვთ, თუმცა  2020 წლის სეზონის განმავლობაში ამ სისტემის ათვისებაზე არც უარს ამბობენ. გუნდს სწრაფად რეაგირება უწევს  და გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს, რადგან 2021 წლის სეზონისთვის ეს სისტემა უკვე აიკრძალება და ბოლიდები საგრძნობლად შეიცლვება.

მსგავსი სიახლეები