ეს 1999 წელს გამოსული Opel-ის კონცეპტი საქმიანი მამების ავტომობილი იქნებოდა
Aa
Aa

ეს 1999 წელს გამოსული Opel-ის კონცეპტი საქმიანი მამების ავტომობილი იქნებოდა

რა არის ეს ჩვეულებრივი ვიზუალის მქონე ავტომობილი?

კონცეპტუალურ ავტომობილს არ ჰგავს არა? და მაინც, არაფრით გამორჩეული კორპუსი იმ პერიოდისთვის მომავლის იდეებს მალავდა. ვიზუალი Opel Omega-სია. ის პირველად 1999 წლის ფრანკფურტის ავტოჩვენებაზე წარსდგა.

Omega პოლიციის ავტომობილი არ იყო?


ბრიტანეთში Vauxhall Omega ყველაზე კარგად საგზატკეცილო კავშირიდან ახსოვთ. დღესაც კი, სარკეში ამ ავტომობილის ცხვირის გამოჩენისას გარკვეული ასაკის წარმომადგენელი მძღოლები სიჩქარეს ამცირებენ და პირველ ზოლში გადადიან. Omega შიშის ზარს ავტომობილებს მაშინ სცემდა, როდესაც პოლიცია საგზაო წესრიგს უფრო მკაცრად აკონტროლებდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

Omega-ს ჩვენი მეგობრების მამები მართავდნენ


90-იანებში ყველას ჰყავდა ერთი ისეთი მეგობარი, რომლის მამაც Omega-ს მართავდა. ბრიტანეთში კი ასეთი ადამიანები უფრო მრავლად იყვნენ. ეს იდეალური მოდელი იყო მათთვის, ვისაც BMW-ს ან Jaguar-ის შეძენა არ შეეძლო. სხვათა შორის, შტატებში ის Cadillac Cetera-ს სახელით 1996-2001 წლებშიც იყიდებოდა.

ამ ავტომობილის დიზაინი ვეინ ჩერიმ შექმნა, რომელიც Opel-ის მიერ 80-იანი წლებიდან იყო დაქირავებული. მის სახელს ისეთი მოდელებიც უკავშირდება, როგორიც Astra, Calibra, Corsa და Tigra-ა. მოგვიანებით ის აშშ-ში გადაბარგდა, სადაც General Motors-ის დავალებებს ასრულებდა. გენიალური პიროვნება!

რა ჰქონდა Omega-ს კონცეპტს განსაკუთრებული?


1999 წლის კონცეპტი Opel Omega V8.com-ის სახელით იყო ცნობილი. ამ პერიოდში წერტილი და com ყველაფერს ფუტურისტულად და გამორჩეულად აქცევდა. იმ პერიოდისთვის Facebook-ი ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი და ტელევიზორში „World Wide Web-ს“ ხშირად მოისმენდით. Omega არამხოლოდ კონკრეტული მარშრუტის დაფარვას, არამედ დამატებით სხვა ფუნქციასაც შემოგთავაზებდათ. ის მობილური ინტერნეტ „ჰოტსპოტი“ იყო, რომლითაც მგზავრებს ელექტრონული მეილების შემოწმება და MP3 player-ში სიმღერების ჩამოტვირთვა შეეძლოთ.

როგორი იყო ის შიგნიდან?


ღერძებს შორის მანძილის გაზრდის შემდეგ სალონში 130მმ-ით უფრო მეტი ადგილი გაჩნდა, რამაც დამატებითი კომფორტი შექმნა. ოთხი მგზავრიდან სამს 9.5-ინჩიანი LCD მონიტორით სარგებლობა შეეძლო, რითიც ისინი ელექტრონულ მეილებსა და იმ პერიოდისთვის არსებული 12 ვებ-გვერდიდან ერთ-ერთს გახსნიდნენ. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი 1999 წელს. გარდა ამისა, მანქანაში ვიდეო კამერებიც იყო დამონტაჟებული, რომელსაც ვიდეოჩანაწერის გაგზავნა შეეძლო.

რა იმალებოდა ძრავის განყოფილებაში?


ეს ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი გახლავთ. V8.com-ისთვის Opel-მა მოახერხა, რომ ის General Motors-ის 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით აღეჭურვა. სიმძლავრე 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ აგრეგატით Chevy Corvette-ი იყო აღჭურვილი. იქნებოდა თუ არა მოდელის სერიულად წარმოების შემთხვევაში ის ყველა დროის საუკეთესო უნივერსალი? არამგონია. ყველაზე ექსტრავაგანტური? შესაძლოა.

რატომ არ შედგა Omega V8.com-ის წარმოება?


V8.com-ის სერიულად გამოშვება ტექნოლოგიური თვალსაზრისით რთული იქნებოდა, თუმცა 2000 წლის მარტში Opel-მა საწარმოოდ გამზადებული მოდელი 5.7-ლიტრიანი V8 აგრეგატით წარადგინა. ის ავტობანების ნამდვილი ცეცხლის მფრქვეველი მონსტრი იქნებოდა. სამწუხაროდ, მწარმოებელმა 32 საცდელად გამოშვებული მოდელი შექმნა. შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ აქსელერატორის სატეფულზე ბოლომდე ფეხის დაჭერის შემდეგ ძრავა ზედმეტად მძვინვარე ხდებოდა და მანქანა სიჩქარის შეუზღუდავ მასშტაბებს მიაღწევდა. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ნამდვილად არ იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები