ქუჩის რბოლებით შთაგონებული ამბიციური პროექტი: Top Secret-ის V12 Supra
Aa
Aa

ქუჩის რბოლებით შთაგონებული ამბიციური პროექტი: Top Secret-ის V12 Supra

2017 წელს Top Secret-ის V12 Toyota Supra ტოკიოს ავტო სალონის აუქციონზე გაიყიდა და ახლა ამერიკაში, მაიამის შტატში იმყოფება.

ჩვენი ყველა პროექტი მეტ-ნაკლებად თანამედროვე პროექტებს ეხება და უმეტესობის ნახვა დღესაც შეგიძლიათ. დღეს კი გვინდა ცოტა ძველ დროს დავუბრუნდეთ, იმ ქვეყანაში, სადაც ქუჩის რბოლები შეიქმნა და მანქანების თანამედროვე ტიუნინგის ნიმუშები ჩამოყალიბდა. მოდით 90-იანების იაპონიის დედაქალი ტოკიო გავიხსენოთ, სადაც სარბოლო დაჯგუფებები და კლუბები შეიქმნა, რომლებიც საუკეთესოს სარბოლო კლუბის ტიტულისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი კლუბი Midnight Club-ია, მაგრამ დღეს ჩვენი პროექტის გმირი სულ სხვა ავტომობილია

 

რბოლები ძირითადად ღამის პერიოდში ტარდებოდა. ყველაზე პოპულარული შუტოს გზატკეცილები იყო თავისი სწორი მონაკვეთებით, სადაც ავტომობილებს მაქსიმალური სიჩქარის მიღწევა შეეძლოთ. ზუსტად ამ სწორი მონაკვეთების გამო ყველა დატიუნინგებული ავტომობილი მაქსიმალურ სიჩქარეზე იყო გათვლილი და ავტომობილების მფლობელებს ნაკლებად აინტერესებდათ 0-დან 100-მდე აჩქარების დროები, რადგან ხშირ შემთხვევაში რბოლები გაგორებული ავტომობილით იწყებოდა.

იაპონური ქუჩის რბოლების ისტორიით შეპყრობილი კაზუჰიკო „სმოკი“ ნაგატამ, 2006 წელს Top Secret-ის „ტვინ-ტურბო“ V12 Supra Tokyo Auto Salon-ის შოუზე წარადგინა.

 

ავტომობილის შექმნის იდეა Top Secret-ის ტიუნინგ ატელიეს ყველაზე გიჟური ავტომობილის შექმნა იყო. ამ პროექტის, ბაზისთვის Toyota Supra JZA80 აიღეს. პირველი ელემენტი, რაც ამ პროექტს Top Secret-ის სხვა ქმნილებებისგან განასხვავებს, ძარის განიერი დეტალებია (Wide-Body), რომლის ღირებულება 600 000 იენს აღემატებოდა.

 

Top Secret-ის ოქროსფერი უნიკალური საღებავი ტიუნინგ ატელიეს მხოლოდ საუკეთესო ქმნილებებს ეკუთვნის. არც ეს „სუპრა“ არის გამონაკლისი.

შეცვლილი ვიზუალური დიზაინის მქონე უამრავი „სუპრა“ არსებობს, მაგრამ ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი ძრავის ხუფის ქვეშ იმალება. ლეგენდარული მწკრიული განლაგების 6-ცილინდრიანი 2JZ-GTE ძრავის ნაცვლად 5-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი 1GZ-FE ძრავა იმალება, რომელსაც ორი HKS GT2835 ტურბო ამშვენებს. ძალოვანი აგრეგატი საბურავზე 900 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს.

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადაცემათა კოლოფი JZA80-ის სტანდარტული 6-სიჩქარიანი Getrag-ის ტრანსმისიაა, შეცვლილია მხოლოდ გადაბმულობის დისკი რათა ტრანსმისიამ მაბრუნ მომენტს გაუძლოს. იმავე მიზეზის გამო დიფერენციალიც შეუცვალეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ძრავის სივრცეში ტურბოების რადიატორებს თავისუფალი ადგილი სრულად ათვისებული აქვთ, ძრავის გაგრილების რადიატორი უკან, საბარგულში გადმოიტანეს და ეფექტური გაგრილებისთვის ჰაერი გვერდითა ჭრილებიდან მიეწოდება.

 

პროექტი 400კმ/სთ-ის ბარიერის დასაძლევად შეიქმნა. 900 ცხენის ძალას მოთოკვა სჭირდება და ამხელა სიჩქარიდან ავტომობილის ეფექტური გაჩერებისთვის, უბრალოდ გაჩერებისთვის, წინ Greddy-ის 8-დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა დაუყენეს.

Volk Racing GT-F-ის 19-იანი დისკები გაგანიერებულ ძარის ფარგლებში უპრობლემოდ თავსდება. წინ 255 მმ ხოლო უკან მასიური 285 მმ-იანი საბურავები უყენია.

 

უკანონობას რომ თავი დავანებოთ, ამ ქმნილების საბოლოო შედეგის გასინჯვა ტოკიოს გზატკეცილებზე სახიფათოც იყო, ამიტომ ნაგატამ იტალიაში, ნარდოს ტრეკზე იმოგზაურა, რათა ავტომობილის ნამდვილი მაქსიმალური სიჩქარე შეემოწმებინა. სამწუხაროდ ტესტირების შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რადგან 400 კმ/სთ-ის სიჩქარის ბარიერი ვერ გადალახა, საკმაოდ ცოტა დააკლდა. ნაგატას V12 Supra-მ 358,22 კმ/სთ-ის მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწია. ეს არავითარ შემთხვევაში ცოტა არ არის, მაგრამ პროექტის მიზანი ვერ გაამართლა.

 

ნაწყენმა ნაგატამ, „ევროტური“ განაგრძო და დიდი ბრიტანეთის კუნძულებს ესტუმრა. ერთ-ერთი „გასეირნების“ დროს, იგი სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს და ბრიტანეთში ავტომობილის ტარების უფლება რამდენიმე თვით შეუჩერეს.

თავდაპირველი სახით ავტომობილი ბოლოს ტოკიოს ავტოშოუზე იხილეს, სადაც მას არაერთ ნომინაციაში გამარჯვებულის ტიტული მიანიჭეს. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ავტომობილმა არაერთი ცვლილება განიცადა, მაგრამ დღესაც კი ძალიან ბევრი თავდაპირველი ნაწილი შემორჩა და რაც მთავარია, ავტომობილის გული უცვლელი დარჩა.

2017 წლიდან ავტომობილმა თავისი არსებობა ამერიკაში განაგრძო.

თუ გაგიმართლებთ, მაიამის შტატში შეიძლება რომელიმე ავტოშოუზე შეგხვდეთ.

მსგავსი სიახლეები