Aa Aa
9 სექტემბერი 2021  |  10:30

სინგაპურის ქუჩებში რობოტები არასასურველ სოციალურ ქცევებს გააკონტროლებენ

სინგაპურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტომ (HTX) ორი რობოტი შექმნა, სახელად Xavier. სააგენტოს განცხადების თანახმად, რობოტი 360 გრადუსიან კამერებს და ანალიტიკურ პროგრამებს გამოიყენებს, რაც “არასასურველი სოციალური ქცევის” გამოვლენას ემსახურება. უფრო კონკრეტულად რობოტები ისეთი აქტივობების დასადგენადაა შექმნილი, როგორიცაა საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა, პანდემიური შეზღუდვების დარღვევა და ქუჩაში საქონლის უკანონო გაყიდვა.

Xavier რობოტები ნავიგაციას უწევენ საპატრულო მარშრუტს, რომელიც მთავრობის წარმომადგენლების მიერ წინასწარ არის კონფიგურირებული – თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანაც შესაძლებელია, რათა ქვეითებთან შეჯახება ან სხვა დაბრკოლებები თავიდან იქნას აცილებული. თავის მხრივ, რობოტები ამგვარი დარღვევების შესახებ ცენტრალურ პოლიციას ატყობინებენ.

“როგორც კი Xavier რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევას აღმოაჩენს, ის რეალურ დროში აგზავნის შეტყობინებებს, საზოგადოების ინფორმირებისა და ქმედების აღკვეთის მიზნით. თანაც, აუცილებლობის შემთხვევაში, რობოტს დამატებითი რესურსების გააქტიურებაც შეუძლია” – წერს HTX.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს სინგაპურის ეროვნულმა პარკებმა და GovTech სააგენტომ ცნობილი Spot მოდელი განათავსეს – იგი პანდემიის თანმდევი სოციალური დისტანციის კონტროლს ემსახურებოდა. ასევე, სინგაპურის ხელისუფლებამ ათეულობით დრონი გაუშვა, რათა ოფიცრებს “მაღალი უპირატესობის წერტილი” მიეღოთ, საიდანაც უკეთ გააკონტროლებდნენ ყველაფერს.

როგორც ცნობილია, სინგაპურს სურს, მომდევნო 10 წელიწადში სათვალთვალო კამერების რაოდენობა 20 000-მდე გაზარდოს. ცხადია, რობოტების გამოჩენა ქუჩაში პატრულირების აუცილებლობას შეამცირებს და პოლიციის თანამშრომლების ძალების სხვა კუთხით მიმართვა იქნება შესაძლებელი.

ავტორი: Marketer.ge

გაზიარება: