ფიქრობთ, რომ McLaren F1 პირველი იყო? ჯერ ამ ცხენს შეხედეთ!
როდესაც ვინმე სამსავარძლიან „სუპერქარს“ გიხსენებთ, რომელსაც საჭე კოკპიტის შუაში ექნება, მაშინვე ერთი ავტომობილი გაგახსენდებათ - McLaren F1. 90-იანების ავტომობილი რევოლუციური გამოდგა. მისი დიზაინი, სტილი, წარმადობა, ჟღერადობა და მართვადობა უბრალოდ სანიმუშოა. ეს ავტომობილი „ჰიპერქარების“ განსაზღვრება უფროა. McLaren F1-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მძღოლისა და მგზავრების სავარძლების განლაგება და რაოდენობა იყო. მძღოლის სავარძლის ცენტრში განთავსებამ წონის გადანაწილების ახლებური და იდეალური ხედვა დაამკვიდრა. F1-ის მანევრულობაში ამ კონცეფციამ დიდი როლი ითამაშა.
იმ პერიოდისთვის ასეთი დიზაინი არც ერთ ავტომობილს არ ჰქონდა. არც მოდელის გამოსვლის შემდეგ შეცვლილა რამე. უამრავ ადამიანს F1 ზუსტად ამ მახასიათებლის მიხედვით ახსოვს. თუმცა, რა მოხდება თუ გეტყვით, რომ McLaren-ი მძღოლის სავარძლის ამგვარი განლაგებით პირველი არ ყოფილა?
ყველა ავტომოყვარულისთვის ანალოგური მანქანები შეფასების უნიკალურ სკალას განეკუთვნება, განსაკუთრებით კი Ferrari-ს მოდელები. Ferrari 365 P Berlinetta Speciale კი საერთოდ სხვა ლიგაში ასპარეზობს. ეს იყო მანქანა, რომელიც 1960 წლის ტრადიციებსა და სტანდარტებს ნაკლებად შეესაბამებოდა. თუმცა, რა გამოარჩევდა მას Ferrari-ს სხვა V12 ძრავიანი ავტომობილებისგან? 365 P-მ საავტომობილო სამყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მრავალმხრივ იქონია.
პირველ რიგში, ის პირველი საგზაო Ferrari იყო, რომელსაც V12 ძრავა შუაში ჰქონდა განთავსებული. ეს ის მოწყობაა, რომელსაც დღეს უდიდეს პატივს ვცემთ. გარდა ამისა, მისი დიზაინი სამ სავარძელსაც გულისხმობდა. საჭე კი კოკპიტის შუაში იყო განთავსებული. თუ ამ ყველაფერს 365 P Berlinetta Speciale-ს შთამბეჭდავ სარბოლო შესაძლებლობებს დავუმატებთ, მაშინ საქმე ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მანქანასთან გვქონია.
ეს ის Ferrari-ა, რომელიც სხვებს არ ჰგავს. მოდელი Ferrari-ს სახელს ამაყად ატარებს, მაგრამ ენცო ფერარის ეს კონცეფცია თავდაპირველად არ ხიბლავდა. მარანელოში დაფუძნებული კომპანიის სულისჩამდგმელს სურდა, რომ ყველაფერი ტრადიციული ყოფილიყო. ის ფიქრობდა, რომ შუაძრავიანი 12-ცილინდრიანი საგზაო მანქანა წარმატებული არ იქნებოდა და ასეთი ავტომობილით გადაადგილება საფრთხის შემცველი იქნებოდა. ენცოს კრიტიკული ხედვების მიუხედავად, Pininfarina-მ და ლუიჯი ჩინეტი უმცროსმა პროექტს ხელი მოჰკიდეს.
ლუიჯი ჩინეტი უმცროსი წარმატებული მრბოლელი გახლდათ, რომელმაც ენცო ფერარი დაარწმუნა ავტომობილები აშშ-შიც გაეყიდა. ჩინეტიმ შტატებში Ferrari-ს უამრავი მოდელით იასპარეზა და კიდევ უფრო მეტი მოდელი გაყიდა. ჩინეტისა და Pininfarina-ს არამხოლოდ ავტოსამყაროს თავდაყირა დაყენება, არამედ ისეთი კონცეფციის შექმნაც სურდათ, რაც რეალურად იმუშავებდა და ინოვაცია იქნებოდა.
365 P Berlinetta Speciale-ს, რომელსაც ზედმეტსახელად “Tre Posti“ შეარქვეს (იტალიურად სამსავარძლიანს ნიშნავს), დონორ სარბოლო შასიზე სამი სავარძელი დაუმაგრეს. მძღოლის პოზიცია ცენტრში გახლდათ. შედეგად კი პირველი სპეციალურად შექმნილი, უკომპრომისო, შუაში განთავსებული 12-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი საგზაო Ferrari მივიღეთ. მისი დიზაინი ყველას ყურადღებას იპყრობს. შეხედეთ მის ცხვირს, მაშუქებს და კაპოტს. შასი ალუმინისგან დამზადდა. მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლები კი შედარებით უკან იყო განლაგებული. ცენტრში დამაგრებული საქარე მინის საწმენდი რბოლისთვის გამომდგარი გახლდათ.
რბოლაზე ორიენტირებულობა დისკომფორტს არ უდრიდა. ეს ავტომობილი საკმაოდ მდიდრულადაც იყო შექმნილი. ინტერიერში ტყავის სალონი, ხალიჩები და Nardi-ს საჭე დაგხვდებოდათ. ექსტერიერს კი ქრომირებული ბამპერები და გრძელი ლუქი ამშვენებდა. პროექტის წინამძღოლად სერჟიო პინინფარინა მოგვევლინა. მოდელით მოგვიანებით Fiat-ის დირექტორი, ჯიანი ანიელიც დაინტერესდა.
ანიელის პროექტი იმდენად მოეწონა, რომ Pininfarina-ს არა ერთი, არამედ ორი მოდელის შექმნა დაავალა. შესაბამისად, მსოფლიოში სულ 365 P Berlinetta Speciale-ს ორი ეგზემპლარი უნდა შექმნილიყო. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, რომ ასეთი ექსკლუზიური მოდელის შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 2014 წელს, ერთ-ერთი ეგზემპლარი 23.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მონაცემები? იმ პერიოდისთვის საავტომობილო სამყარო „tre posti-ზე“ საუბარს ვერ წყვეტდა. 1960-იან წლებში 4.4-ლიტრიანი სარბოლო V12 ძრავა 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს მონაცემი ამ ეპოქაში არარეალურად ჟღერდა. სამწუხაროდ, გრძელკუდიანი, სამსავარძლიანი Ferrari-ს მართვის გამოცდილების შესახებ საუბარი გაგვიჭირდება, რადგან ამ ავტომობილის მართვა მსოფლიოში საკმაოდ ცოტა ადამიანმა შეძლო.
თუმცა, ერთ ნიუ იორკელ ბანკირზე ძალზედ უცნაური ისტორია არსებობს. 1967 წელს, ფერარის საინტერესო მოდელის 26 000$-ად შეძენის შემდგომ ის მიხვდა, რომ საქმე Ferrari-ს რეგულარულ მოდელთან არ ჰქონდა. სარბოლო შთაგონებით შექმნილ 365 P Berlinetta Speciale-ს უზარმაზარი ლუქი ამშვენებდა, ხოლო სალონი კონდიციონერით არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მზიან დღეებში ავტომობილში ძალზედ ცხელოდა. შედეგად, ბანკირს „tre posti” დიდად არ მოეწონა და ის 365GT-ში გაცვალა.
ჩინეტი უმცროსი Ferrari 365 P Berlinetta Speciale-ს გიჟურ ავტომობილად არასდროს განიხილავდა. მას ეს ავტომობილი ხელოვნების ნამდვილ მექანიკურ ნიმუშად მიაჩნდა. რომ არა 365 P McLaren F1-ს შესაძლოა მძღოლის სავარძელი ცენტრში არასდროს ჰქონოდა. რომ არა 365 P არ ვიცით Ferrari კიდევ რამდენ ხანს შეიკავებდა თავს გამოეშვა საგზაო ავტომობილი შუაში განთავსებული V12-ით. რომ არა ეს მოდელი, ავტოინდუსტრიაში ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. ეს მანქანა დაბალი, განიერი, გრძელი და საოცარი ჟღერადობისაა. ოთხი მაყუჩიდან გამოსული ხმა თვით ენცო ფერარისაც აღაფრთოვანებდა.