მოსახერხებელი რჩევები ახალბედა მძღოლებისთვის
თქვენი პირველი ავტომობილი ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ იდეალურ მდგომარეობაში იქნება.
პირველი ავტომობილის მართვა ახალბედა მძღოლების უმეტესობისთვის ცოტა საშიში დავალებაა. სასწავლი ბევრია, ხოლო გამოცდილება ცოტა. მანქანის თავდაჯერებულად მართვას, სათანადოდ მოვლის ცოდნას და პატრონობას წლები სჭირდება. ქვემოთ იმ ოთხ რჩევაზე ვისაუბრებთ, რომელთა გათვალისწინებაც ახალბედა მძღოლებს აუცილებლად გამოადგებათ.
1. ბორდიულის კიდეები
როდესად პარალელური პარკირებისას მანქანას ბორდიულის კიდესთან აჩერებთ, შესაძლოა მანძილი ვერ გათვალოთ და დისკი ბეტონზე ან ქვაზე გაახახუნოთ. ეს არამხოლოდ აუტანელ ხმას გამოსცემს, არამედ დისკსაც აზიანებს. სანამ პარალელური პარკირების გამოცდილებას დააგროვებთ ასეთი შემთხვევები შესაძლოა ხშირად მოხდეს.
პრევენცია
ზოგ ავტომობილს უკუსვლის რეჟიმში სარკეების ქვემოთ დაწევის ფუნქცია აქვს. ასე ბორდიულის კიდე უფრო კარგად ჩანს და მასთან მიახლოებისას მანძილის გათვლა უფრო ადგილი ხდება. თუმცა ყველა მანქანა ასეთი სარკეებით არ არის აღჭურვილი. შესაბამისად, არ იფიქროთ სისწრაფეზე, სარკეები თქვენით ჩამოსწიეთ და განსაზღვრეთ უსაფრთხო ადგილი. ასე დისკების შეკეთებისთვის საჭირო ხარჯებს დაზოგავთ.
2. ჩიტების „საჩუქრებისგან“ დაზიანებული საღებავი
ჩიტები მძღოლებს „საჩუქრებით“ ხშირად ანებივრებენ. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ეს „საჩუქრები“ დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს. თუ „დასაჩუქრებულ“ მანქანას დროულად არ გარეცხავთ და მასზე მზე რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მოხვდება, მაშინ იმ ადგილის გახუნება ან საღებავის დასკდომა გარდაუვალია. შედეგად, თქვენი ავტომობილის საღებავი გაფუჭდება, რაც მის ღირებულებაზე იმოქმედებს. ამიტომ, დროულად გაწმინდეთ ავტომობილი ჩიტების თავდასხმის შემდეგ.
პრევენცია
ჩიტების უმსგავსო საქციელისა და ავტომობილზე მიჭყლეტილი მწერების მოსაშორებლად სპეციალური ხსნარებიც არსებობს. თუმცა, იაფი გამოსავალი საპნიანი წყალი და რბილი ქსოვილის მქონე საჭერია.
3. ავტომობილის უკუსვლით გაჩერება, გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მარტივი და გამოსადეგია
მძღოლების უმეტესობა ავტომობილებს ცხვირით აპარკინგებს. ეს უფრო მარტივი და სწრაფი გამოსავალი ჩანს, მაგრამ როდესაც საქმე გასაჩერებელი ადგილიდან გამოსვლას ეხება დრო უფრო იკარგება. როდესაც 90-გრადუსიანი პარკინგიდან გამოდიხართ, ფაქტობრივად ვერაფერს ხედავთ. პარკინგკონტროლებმა და უკანა ხედვის კამერებმა საქმე გაამრტივა, თუმცა ეს ყველაფერი მომავალი ობიექტის დანახვაში მაინც არ გეხმარებათ.
როგორ მოვიქცეთ
რევერსული პარკირების სავარჯიშოდ მონახეთ მშვიდი სივრცე. ავტომობილი თავისუფალი ადგილის მართობულად უნდა გააჩეროთ ისე, რომ კორპუსის კუდი პარკინგს სცდებოდეს. მას შემდეგ, რაც მანქანას გააჩერებთ და გამოსვლას დააპირებთ, ნახავთ თუ რამდენად მარტივია პარკინგიდან გამოსვლა. გაიმეორეთ ეს პროცესი რამდენჯერმე და მალე უკანა სვლით ავტომობილის გაჩერება ინსტიქტივით გამოგიმუშავდებათ.
4. არ მისცეთ უფლება მჩაგვრელ მძღოლებს გავლენა იქონიონ თქვენს სიჩქარეზე!
საქართველოში მანქანის კუდზე „მოჯდომა“ დიდი პრობლემაა. არიან მძღოლები, რომლებსაც სიჩქარის შეზღუდვები და სხვა ადამიანები არ ადარდებთ. იმ შემთხვევაში თუ მოძრაობის ზოლს ვერ იცვლით ან გზა ერთზოლიანია, ასეთი მძღოლები მაშუქების ნერვულ ციმციმს და სიგნალის გამოყენებას იწყებენ. ხშირ შემთხვევაში ყვირიან კიდეც და ხელის ათასგვარ ჟესტს იყენებენ. შედეგად კი იძულებული ხდებით სიჩქარეს მოუმატოთ ან ჟესტების ენას თავადაც მიმართოთ. ეს ყველაფერი კი მოძრაობისას სახიფათოა!
რა მოვიმოქმედოთ
ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გამოსავალი გზის პირას გადასვლა და მრბოლელის გატარებაა. თქვენი ავტომობილის კუდთან ასე ახლოს სიარული უსაფრთხო არაა, რადგან თუ გამუხრუჭება მოგიწევთ, დიდი ალბათობით „მიხაილ შუმახერი“ რეაგირებას ვერ მოასწრებს და მანქანები დაზიანდება.
ყველაზე ხშირად ახალბედა მძღოლები იბნევიან და ასეთ სიტუაციებში სიჩქარეს უმატებენ, რაც ასევე საფრთხის შემცველია. მეორე გამოსავალი ასეთი მძღოლების, ანთებული მაშუქები და ხელით გამოხატული ჟესტების იქამდე იგნორია, სანამ გზაზე მათი გატარების უსაფრთხო სიტუაცია არ შეიქმნება. საჭესთან სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელი გახლავთ.