GC8 STI Type RA: როდესაც Subaru ბატონობდა
Aa Aa

GC8 STI Type RA: როდესაც Subaru ბატონობდა

25 წლის წინ Subaru-ს ავტოსპორტი დაჩოქებული ჰყავდა. World Rally Championship-ის სპეციალურ საფეხურებზე ტურბინიანი Impreza უზენაესი მმართველი იყო.

ერთი წლით ადრე, სანამ გაბედული მაქრეი მსოფლიო მრბოლელის პირველ ტიტულს მოიპოვებდა, საინცთან, ლიატისთან და ბარნსთან ერთად გუნდს მწარმოებლის ტიტულის მოგებაშიც დაეხმარა. იგივე 1996 წელსაც განმეორდა. WRC-ში ასეთი წარმატება კი უმნიშვნელოვანესი გახლდათ ისეთი მწარმოებლისთვის, რომელიც 90-იანების დასაწყისში არც ისე დახვეწილ სრულად ამძრავ მანქანებს უშვებდა.

რალის ამ საფეხურში დომინანტურობის გაგრძელებასთან ერთად, ოქროსფერდისკებიანი ლურჯი Impreza-ს კულტიც უფრო მასშტაბური გახდა. ამ ყველაფრის ფონზე, Subaru-მ მსოფლიოს - იაპონური ბაზრისთვის გამოშვებული - ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სპორტული სედანი აჩუქა. ეს Impreza WRX STI Type RA გახლდათ.

ჯამში სულ რამდენიმე ეგზემპლარი გამოვიდა, თუმცა მათგან ორი STI Type RA უდაოდ განსაკუთრებული იყო. ისინი 90-იანების საკულტო ავტომობილის სულს ზუსტად ასახავდნენ.

თეთრი მანქანა ერთ-ერთია 852 Version II STI Type RA-დან, რაც ოდესმე შექმნილა. ლურჯი კი უფრო იშვიათია - 083/555 ნომრის მქონე Version II STI Type RA V-Limited სერიას განეკუთვნება, რომელიც 1995 წლის ქოლინ მაქრეისა და დერეკ რინგერის ტიტულის უკვდავსაყოფად შეიქმნა.

თანამედროვე მსოფლიოში, გადატვირთულ ქუჩებში, ეს ავტომობილები პაწაწინა ზომისაა. თავისუფალ გზაზე კი ბრუნების მატებასთან ერთად Type RA-ს მოკლე ფარდობის გადაცემათა კოლოფი მართვის საოცარ გამოცდილებას იძლევა.

რალის გენების სპორტული სედანის Subaru-ს წარმოშობა Legacy-ს სახელს უკავშირდება. ყველაზე ცნობილი მოდელი Legacy RS-RA გახლავთ. 1988 წელს Subaru Tecnica International-თან (STI) ერთად შემუშავებული მოდელის შექმნის მიზანი 100,000კმ-იანი Land Speed Endurance Trial-ზე საასპარეზო სამი ავტომობილის შექმნა იყო.

1989 წელს Legacy-ს გამოსვლას, როგორც მაღალი წარმადობის მოდელს, Subaru World Rally Team-ის გამოჩენაც დაემატა. 1990-ში Legacy RS-ი სცენაზე ვიხილეთ, თუმცა, რალიში გამოჩენას მყისიერი წარმატება არ მოუტანია. მოგვიანებით, ამ საფეხურისთვის გუნდს უფრო მსუბუქი ჰომოლოგირებული ავტომობილის საჭიროება გაუჩნდა. ასე და ამგვარად, Legacy RS-RA მივიღეთ. მანქანამ შედეგის დადება დაიწყოდა 1993 წლის აგვისტოში ქოლინ მაქრეიმ ახალ ზელანდიაში Legacy-ს პირველი და უკანასკნელი გამარჯვება მოუპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის შუა სეზონიდან ჩახსნა უცნაური გადაწყვეტილება იყო, თანაც 3-წლიანი ჩავარდნისა და წარმატების ჭიდილის ფონზე, Subaru-ს განსაკუთრებული ჩანაფიქრი ჰქონდა. კომპანიაში იცოდნენ, რომ გუნდს პატარა ზომის ჰომოლოგირებული ავტომობილი სჭირდებოდა, რომელიც ყველაფერს დაიპყრობდა. მალევე კი Group A-ს მსოლიო ჩემპიონატის მონსტრი - Subaru Impreza WRX Type RA ვიხილეთ, რომელმაც სადებიუტო რბოლაში 1000 Lakes Rally-ზე, ფინეთში, მეორე ადგილი დაიკავა.

1995-დან 1996 წლამდე აღიარება WRX-ისა და STI-ს ძველმა გამოშვებებმაც მოიპოვა, რის გამოც WRC-ში მათ მიმართ ინტერესი გაიზარდა. შესაბამისად, ნაცვლად შეკვეთისთვის დამზადებული სპეციალური მოდელებისა, Impreza-ს მაღალი წარმადობის ვერსიის გამოშვება ქარხნიდანვე გადაწყდა. 1995 წელს Version II STI Type RA-ს პირველი მოდელი იაჯიმას ქარხნიდან გამოგორდა. V-Limited-ის გამოსვლა კი მას, შემდეგ, 1996 წლის მარტში მოჰყვა.

ის, რაც Type RA-ს სხვა ვერსიებთან და გამოშვებებთან შედარებით განსაკუთრებულს ხდის Subaru-ს სრულად განსხვავებული მიდგომაა.

თავდაპირველად, წონა 1200 კგ-მდე შემცირდა. ეს ისეთი აღჭურვილობის მოცილებით მოხერხდა, როგორიც ელექტრო შუშები, უკანა შუშის საწმენდი და აუდიოო/რადიო სისტემაა. იმისათვის, რომ ავტომობილი Group N-ისთვის კარგი ბაზისი ყოფილიყო, მას სახურავზე დამაგრებული სავენტილაციო არხი სტანდარტულად მოჰყვა. ავტომობილს დამატებით საწვავის მეხუთე ინჟექტორიც ჰქონდა, რათა EJ20 ბოქსერის ძრავას საწვავი რალის ყველაზე რთულ ეტაპებზეც საკმარისად მიწოდებოდა.

V-Limited-მა STI Type RA-ს ყველა ტექნოლოგია მიიღო, მაგრამ 1995 წლის მაქრეის გამარჯვების პატივსაცემად მანქანას დამატებითი სტილი მიეცა. 556-ვე ავტომობილს სავარძლებზე ქოლინისა და დერეკის ავტოგრაფები, საბარგულზე სპეციალური წარწერა და უნიკალური ლურჯი ფერი ჰქონდა, რომელმაც ჩემპიონმა თავისით აარჩია. საინტერესოა ისიც, რომ ეგზემპლარების ათვლა #001-ის ნაცვლად #000-დან იწყება.

The Type RA


Type RA-ს ახლოდან ხილვისას ის დეტალები მარტივად ჩანს, რაც ავტომობილს 90-იანებში რალის მოსნტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა. ამ მანქანამ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაყურებელიც აღაფრთოვანა.

მიუხედავად იმისა, რომ 555 Impreza 1995-96 წლებში World Rally Championship-ზე დომინირებდა, წარმატება სხვა საფეხურებიდანაც მოდიოდა. კრიშტოფ ჰოლავჩიჩი ევროპის ტიტული მოიპოვა. ირლანდიაში კი ბერტი ფიშერისა და ენდრიუ ნესბიტის მასტერკლასის ცქერაში თაობები გაიზარდა.

RA-ს უამრავი სპორტული ნაწილი აქვს. ოქროსფერი Speedline 2110 Challenge-ის დისკები Prodrive/Alcon-ის სამუხრუჭე სისტემას ფარავს. ეს წინ 330მმ-იან დისკზე დამაგრებულ 4-დგუშიან, ხოლო უკან 290მმ-იან დისკზე დამაგრებულ 2-დგუშიან სუპორტს მოიცავს. ეს აგრესიული დგომი კი KYB-ის ზამბარისა და Eibach Pro-ს ამორტიზატორების დახმარებით მიიღწევა.

სურათებში ნაჩვენები მოდელის უკანა ფრთა Type RA-ს არ ეკუთვნის. ის სტანდარტული WRX-ის პერიოდისაა. მფლობელს ორიგინალი ფრთაც აქვს და საჭიროების შემთხვევაში მისი ავტომობილზე მორგება პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, უსაფრთხოდაა შენახული ორიგინალი და გამორჩეული გვერდითა სარკეებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ექსტერიერი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, მფლობელობაში მექანიკურ მხარეზე სერიოზულადაა ნამუშევარი. 2.0-ლიტრიანი EJ20-ის მოდიფიცირება Impreza STI Spec C-ის გამანაწილებელი ღერძებით, ახალი მუხლა ლილვითა და მისი შუა სადებებით დაიწყო. Link G4-ის ძრავის კომპიუტერი კი ბრძანებებს გასცემს. ჯამში ავტომობილი 322 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომელიც 5-სიჩქარიანი კოლოფისა და DCCD-ის (მძღოლის მიერ კონტროლირებადი დიფერენციალის) დახმარებით გზაზე დაიტანება.

საოცარი გახლავთ ავტომობილის ხმაც. უჟანგავი მეტალისგან დამზადებული გამშვები სისტემა Prodrive Group A-ის უკანა ყუთთანაა დაკავშრებული. ეს კი ყველაფერი არ არის. ნამდვილი სიურპრიზი ინტერიერში გელოდებათ.

ორიგანლი Nardi-ს საჭის ნაცვლად, რომელიც რა თქმა უნდა შენახულია, ინტერიერში კარგად გამოყენებული Momo Volanti Monte Carlo გვხვდება. ეს ძალზედ განსაკუთრებული საჭეა და ალბათ ის ნებისმიერ სპორტულ ავტომობილს დაამშვენებდა.

V-Limited


თუ ნაჩვენები Version II მოდიფიცირებულია, V-Limited-ი მაქსიმალურად პირვანდელ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

Impreza-ს საკულტო ლურჯი ფერისა და Speedline-ის ოქროსფერი დისკების კომბინაცია მართლაც რომ ორგანულად გამოიყურება. რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედოთ, ავტომობილი თავის უნიკალურ ხასიათს ასხივებს.

კარბონისგან დამზადებული ცრემლის ფორმის სარკეები ლაპლაპა კორპუსის ფორმაზე იდეალურად მიდის და დროსაც მშვენივრად გაუძლო. წინა ბამპერზე ნისლის მაშუქების ნაცვლად უბრალო ხუფები გვხვდება, რომელზეც STI-ს სტიკერებია დაკრული. გარდა ამისა, აღსანიშნავია შავი ფერის კარის სახელურებიც.

შიგნით, საკულტო ხელმოწერა და ნაკერები მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საკმაოდ იშვიათი მანქანაა.

ავტომობილის ტურბინიანი 4-ცილინდრიანი „ბოქსერი“ ძალზედ გამორჩეულ Hayward & Scott-ის 2.5 დიუმიან turbo-back გამშვებთან და Group A-ს სტილის ყუთთანაა დაკავშირებული, რაც უმშვენიერეს ჟღერადობას იძლევა.

1996 წელს Subaru-ს ყველაფერი ჰქონდა: წარმატება რალიში, საკულტო ვიზუალი და ამაღელვებელი შემადგენლობა. იდეალური შედეგებისადმი დაუსრულებელი სწრაფვის შედეგად რამდენიმე ვერსიისა და სპეციფიკაციის მქონე ხაზი შეიქმნა, რომელთაგან ეს ორი ყველაზე მეტად გამოირჩევა.

90-იანების JDM გმირების ფასების ზრდასთან ერთად, Impreza STI Type RA-ს ფასი მაღალ ნიშნულს იჭერს და ეპოქის ნამდვილ ვარსკვლავად გვევლინება.

გაზიარება: