სარბოლო ავტომობილი ქუჩებისთვის: Mercedes 300SL-ის ისტორია
Aa Aa

სარბოლო ავტომობილი ქუჩებისთვის: Mercedes 300SL-ის ისტორია

არსებობს ცუდი, კარგი, ან ძალიან კარგი ავტომობილები. ლეგენდარულს კი ბევრ მათგანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. Mercedes 300SL-ი ნამდვილად ლეგენდარული ავტომობილია, ეს კი მისი ისტორიაა: 

1940-იანებში Mercedes-ში, როგორც მთელს გერმანიაში, რთული მდგომარეობა იყო. მისი ქარხნები გაერთიანებულმა ძალებმა დაბომბა. ომის შემდეგ ანტიგერმანულად განწყობის ქვეყნებში კომპანიას ძალიან გაუჭირდა. თანაც ამერიკაში დიდი კონკურენცია წარმოიშვა.

ამერიკაში დიდი ფული ტრიალებდა. იქ გერმანული ავტომწარმოებლის ავტომობილებს, მოსაწყენად და ნელად, თუმცა, პრაქტიკულად მიიჩნევდნენ.

სწორედ ამ დროს ევროპაში იყო ერთ ავტომობილი, „ვერცხლისფერი ტყვია“ – W194, რომელიც ბევრი ადამიანის აღელვებას იწვევდა. 1952 წელს ლე მანზე მან რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა.

W194-მა ამერიკის ყურადღებაც მიიპყრო. ამერიკელმა დილერმა მაქს ჰოფმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ავტომობილი საგზაო ავტომობილად უნდა გადაკეთებულიყო და მისი გემო ამერიკელებს გაესინჯათ. Gullwing-ის ფლობა სტატუსის განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო. თუ ვინმე ამ ავტომობილში დაგინახავდათ, ეს იმას ნიშნავდა, რომ თქვენ ნამდვილად წარმატებული ადამიანი იყავით.

ჰოფმანის დილერები შეკვეთას მისი მეშვეობით აკეთებდნენ. სანამ Mercedes-ი პროექტს დაამტკიცებდა, მან წინასწარ 1000 ავტომობილი შეუკვეთა. სწორედ მისი მეშვეობით მოხვდა ამერიკაში წარმოებულის დაახლოებით 80% Mercedes-Benz 300SL Gullwing-ი. ეს იყო Mercedes-Benz-ის ყველაზე დიდი წარმატება გარე ბაზარზე.

 

ფორმულა 1-ს ბოლიდი სარბოლო ტრასებზე საუკეთესოა, მაგრამ რალის ნებისმიერ ტრასაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუჭირდება, მაგრამ Mercedes 300SL-ი საუკეთესო იყო, როგორც ლე მანსა და ნორდშლაიფზე, ასევე ჩვეულებრივ გზებზე.

3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი M186 ძრავა 220 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Bosch-ის საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა Messerschmitt BF 109 საბრძოლო ხომალდიდან აიღეს. სადავოა, მაგრამ ეს ავტომობილი შესაძლოა პირველ სუპერქარად ჩაითვალოს. Mercedes-ი იმდენად წინ იყო, რომ მის კონკურენტებს უბრალოდ მტვერში ტოვებდა.

SL - 'super light'-ს ანუ სუპერ მსუბუქს ნიშნავს. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 9 წამში აღწევდა. 2021 წლისთვის ეს შეიძლება ძალიან ნელად მოგეჩვენოთ. მიახლოებული ყველაზე სწრაფი ავტომობილი კი Ferrari 250 Europa GT იყო. 300SL-ის მაქსიმალური სიჩქარე 262კმ/სთ იყო, რაც თანამედროვე სტანდარტებითაც არაა ცოტა.

ეს ავტომობილი ნებისმიერი კუთხიდან შესანიშნავად გამოიყურება. თოლიის ფორმის ფრთის კარები მას გენიალურობას მატებს. თუმცა, რაც მთავარია, 1954 წელს 300 SL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო.

ეს არის ავტომობილი, რომელიც ბევრი თანამედროვე მოდელის შთაგონების წყაროდ იქცა. მას „მერსედესის“ სუპერქარების სამეულის SLR McLaren-ის, SLS AMG-სა და AMG GT-ს არსებობას უნდა ვუმადლოდეთ.

თუმცა, სრულყოფილი არავინ და არაფერია. 300 SL-იც სრულყოფილებისგან შორსაა. თოლიის ფრთის ფორმის კარი მიმზიდველია, თუმცა, არაპრაქტიკული. მიზეზი, რის გამოც თოლიის ფრთები გამოიყენეს, ორიგინალი სარბოლო ავტომობილის ზედმეტად ფართო და მაღალი ზღურბლები იყო.

როცა ვამბობთ, „ზედმეტად მაღალი“ არ ვაჭარბებთ. ზღურბლები ავტომობილის სიმაღლის ნახევარზეა. ჩვეულებრივი კარი ძალიან არაპრაქტიკული იქნებოდა. თოლიის ფრთის ფორმის კარმა კი ეს ავტომობილი გენიალურად აქცია. რა მიზეზითაც არ უნდა ყოფილიყო ეს, შედეგი შთამბეჭდავი გამოვიდა. მაგრამ, ამას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ჩაჯდომისას თავის მირტყმა გარანტირებულია. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ თოლიის ფორმის კარიდან Gullwing-ში წყალი ჟონავდა.

უკანა ღერძების გამო ავტომობილი მოსახვევებში კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. საბარგულში მთელ ადგილს კი დამატებითი საბურავი იკავებს. ირონიულია, რომ მყიდველებს საჩუქრად ორ ჩემოდანს აძლევდნენ, რომლებიც სალონის ფერებში იყო გადაწყვეტილი.

როდსტერი, განახლებული უკანა დაკიდების სისტემის გამო, უკეთ სამართავი იყო. ის უკეთეს ჩაჭიდებას განაპირობებდა. სიჩქარეებში უფრო რბილად გადადიოდა. დამატებითი საბურავი სხვაგან გადაიტანეს, ამიტომ საბარგულში ბარგისთვის მეტი სივრცე გათავისუფლდა. ეს მოდელი უსაფრთხოების ღვედების და ხისტი სახურავების მრავალფეროვნებას გვთავაზობდა.

სიმართლე ისაა, რომ, როცა საქმე Gullwing-ს ეხება, მისი პრაქტიკულობა არავის აინტერესებს. ეგზოტიკური ავტომობილების უმეტესობა ხომ პრაქტიკულობისგან შორსაა. მათი მთავარი ღირსება სულ სხვა რამაა: გამორჩეული დიზაინი და მაღალი სიჩქარე. ის შემოქმედებისთვის შთაგონების წყაროც კი გახდა.

ენდი უორჰოლი პოპარტის ერთ-ერთი დამაარსებელია. მან თავდაპირველად სახელი Campbell-ის სუპების ხატვით გაითქვა. მარკეტინგში მას ბადალი არ ჰყავდა. მან უკვდავყო და ხელოვნებაში ასახა პოპულარული ადამიანების დიდი ნაწილი. დაწყებული მერლინ მონროთი, დასრულებული მაო ძედუნით.თუ გინდოდა, რომ ავტომობილსაც უკვდავება მოეპოვებინა, მაშინ გვერდს იმ დროის ყველაზე ცნობილ და რევოლუციონერ მხატვარს, დოკუმენტალისტს და უბრალოდ ექსტრავაგანტურ ადამიანს გვერდს ვერ აუვლიდი.

ამ ავტომობილს ისეთი კინოვარსკვლავები ფლობდნენ, როგორებიც არიან სოფი ლორენი და რომი შნაიდერი. ის ფორმულა 1-ის პილოტების ხელშიც აღმოჩენილა. 300SL-ი ხუან მანუელ ფანხიოს კოლექციაშიც იყო. ახლა კი ერთ-ერთი განახლებული Gullwing-ი 2016 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონს ნიკო როზბერგს ჰყავს. ნიკოს ექსკლუზიური ავტომობილების კოლექციაში 1955 წლის Mercedes 300SL Gullwing-ია. მისი თქმით, ეს ავტომობილი სრულიად აღდგენილია. წითელი ტყავის სალონი კი შესანიშნავად გამოიყურება. 

ამ ავტომობილის გენიალურობაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, 300SL-ზე ის ფაქტიც ბევრს ამბობს, რომ დღეს ის კოლექციონერებისთვის ნამდვილი განძია. მისი ფასი მილიონ დოლარზე მაღალია. შეიძლება ითქვას, რომ 300SL ღვინოსავით დაძველდა და დღეს ის უფრო სასურველია, ვიდრე თავის დროში.

გაზიარება: