რა არის ბორბლის „სფეისერები“?
Aa
Aa

რა არის ბორბლის „სფეისერები“?

ბორბლის სფეისერები „აფტერმარკეტ“ ნაწილია, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი გამოყენება აქვს: გამოწიოს თქვენი ავტომობილის ბორბალი კორპუსიდან გარეთ. ის საკმაოდ მასობრივი გამოყენებისაა და მისი შეძენა დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული. სფეისერებს ხშირად სპორტული ვიზუალის ავტომობილებსა და „ოფროუდერებზეც“ აყენებენ.

რა ფუნქცია აქვს „სფეისერებს“?

ბორბლის სფეისერი დისკის შეერთების ადგილას ყენდება. ის დისკსა და მისამაგრებელს შორის ადგილს ქმნის, რაც საბოლოოდ დისკის გარეთ გამოწევას იწვევს. აღსანიშნავია, რომ სფეისერები მორგვის შესაერთებელს არ ამოძრავებს. ის მხოლოდ ბორბალზე ზემოქმედებს.

სფეისერის, იგივე ადაპტერის, დაყენების შემდეგ ქარხნული თუ არაქარხნული დისკი ფრთებს უფრო მეტად ავსებს, რაც ავტომობილის დგომაზე და ვიზუალზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. მათი შეძენა მხოლოდ „აფტერმარკეტ“ ბაზარზეა შესაძლებელი. ქარხნულად კი ავტომობილები ადაპტერებზე არ არის გათვლილი.

ბორბლის ადაპტერის სისქე 5მმ-დან 45მმ-მდე მერყეობს. არსებობს უფრო დიდი ზომის სფეისერებიც, რომლებსაც უგზოობაში სასიარულო ავტომობილებისთვის იყენებენ.

დისკის ადაპტერების დადებითი და უარყოფითი მხარეები


მიუხედავად იმისა, რომ ამ დეტალის თქვენ ავტომობილზე დაყენება უმეტესწილად სარგებელს მოიტანს, "სფეისერებს" სხვა ნეგატიური ეფექტიც აქვს.

დადებითი მხარეები:
• გაუმჯობესებული მართვადობა;
• დიდი მუხრუჭების დაყენების საშუალება;
• აუმჯობესებს ავტომობილის ვიზუალს;
• შეძენა იაფია;
• მარტივი დასამონტაჟებელია.

ნაკლოვანებები:
• მოხვევის ძალისხმევას ზრდის;
• სვლის კომფორტულობა იცვლება;
• დაკიდების სისტემა უფრო იცვითება.

გაუმჯობესებული მართვადობა

ავტომობილის წარმადობაზე ორიენტირებული მძღოლები სფეისერებს მართვადობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. რაც უფრო განიერია მანქანა, ან ერთ ღერძზე დამონტაჟებულ ბორბლებს შორის მანძილი, მით უფრო იზრდება მისი მოჭიდება და მოხვევის სტაბილურობა.


დიდი მუხრუჭების დაყენების საშუალება

სპორტული მუხრუჭები ხშირად ქარხნულზე განიერია. სფეისერები კი ასეთი მძლავრი მუხრუჭების დაყენებით გამოწვეულ სავარაუდო პრობლემებს აგარიდებთ თავიდან.

აუმჯობესებს ავტომობილის ვიზუალს


არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა ასეთი სტილის გულშემატკივარი, ვერ უარყოფთ, რომ დისკის სფეისერები ავტომობილს ხასიათს უცვლის. სწორად შერჩეული "სფეისერების" დაყენების შემდეგ, ქარხნული დისკებიც საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება. შედეგად კი მანქანა ისეთ დგომას იძენს, რომ ის ყველა ქარხნული ავტომობილისგან გამოირჩევა.

შეძენა იაფია

"სფეისერების" ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ რა მასალით და ტექნოლოგიითაა ის დამზადებული. ნორმალური ხარისხის "სფეისერების" ადგილობრივ მაღაზიებში შეძენა 150 ლარიდან 350 ლარამდეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ ფასად თქვენს ავტომობილს სხვა დეტალით, ასე თვალსაჩინოდ, ვერ გააუმჯობესებთ.

მარტივი დასამონტაჟებელია


მათი დამონტაჟება ძალზედ ადვილია. ეს პროცესი ზუსტად ისეთივე სირთულისაა, როგორც ბორბლის მოხსნა და დაყენება. პროცესის შესრულება თქვენ თავადვე, თქვენს ავტოფარეხში შეგიძლიათ. თითოეულ ბორბალზე მორგებას კი მაქსიმუმ 15 წუთი სჭირდება. საბოლოო ჯამში კი უქმეების ერთ დღეს თქვენი მანქანა მნიშვნელოვნად შეიცვლება.

მოხვევის ძალისხმევას ზრდის

გაუმჯობესებულ მართვადობას ერთი უარყოფითი მხარეც აქვს - მოხვევის ძალისხმევის გაზრდა. მაშინ, როდესაც ბორბლები ერთმანეთს უფრო მეტად შორდება, მოხვევისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამ დროს კი მთელი რიგი მექანიკური ნაწილები ისტრესება და იჭიმება. ამის შეგრძნობა უფრო მეტად დაბალ სიჩქარეზეა შესაძლებელი. თუმცა, თანამედროვე ელექტრონული სისტემების ხარჯზე ამ ნაკლოვანების უგულებელყოფა შესაძლებელია.

სვლის კომფორტულობა იცვლება


ინჟინრებმა, რომლებმაც თქვენი მანქანის მოდელზე იმუშავეს, ოპტიმიზებული სვლისთვის იდეალური მოწყობა შეიმუშავეს. დისკის ადაპტერები ბალანსს ცვლის. დაკიდების სისტემის კომპონენტებისგან კიდევ უფრო დაშორებული დისკები მანქანის მოძრაობის ხარისხსა და მის კომფორტულობას მნიშვნელოვნად ცვლის. 

დაკიდების სისტემა უფრო იცვითება

გამომდინარე იქიდან, რომ დისკები ახლა უფრო განზე დგას, დაკიდების სისტემა უფრო მეტად იჭიმება და მეტად მოძრაობს. ზედმეტად განიერი სფეისერების დაყენების შედეგად მორგვის საკისარი უფრო მალე გაიცვითება.

არის თუ არა ბორბლის სფეისერების გამოყენება უსაფრთხო?

მაღალი ხარისხის ბორბლის სფეისერების სწორად დამონტაჟების შემდეგ უსაფრთხოებაზე დარდი არ მოგიწევთ. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც დისკის გამოწევა ფრთის სისწორეზეც არ შეიძლება. 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, დისკის სფეისერები ავტომობილის გარკვეული დეტალების ცვეთას იწვევს. მომხმარებელთა უმეტესობისთვის კი ეს გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დამატებითი თავისტკივილიც გახდეს.

მსგავსი სიახლეები