გზებზე აგრესიული მძღოლების რაოდენობა იზრდება - როგორ დავიცვათ თავი?
პანდემიის შემდეგ მძღოლები გზებზე უფრო სახიფათოდ გადაადგილდებიან.
ასეთი რამ ყველას გამოგვიცდია - გზაზე წყნარად, აუღელვებლად გადაადგილდებით, უცბად კი თქვენ უკან ავტომობილი დიდი სიჩქარით გიახლოვდებათ. მათი მანქანის წინა ბამპერი თქვენს უკანა ბამპერს თითქმის ედება, გასატარებელი ადგილი კი ზოლში არ არის. შედეგად, იძაბებით და ცდილობთ, რომ სიჩქარეს თქვენც მოუმატოთ. „კუდზე მოდგომა“ საკმაოდ სტრესული სიტუაციაა და ეს მძღოლების აგრესიულობის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა.
მართვის უხეში სტილი აშშ-ში მზარდი პრობლემა მას შემდეგ გახდა, რაც პანდემია დაიწყო. თანდათანობით გზებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება, რადგან მობილობა გაიზარდა. სკოლებში სწავლა დაიწყო და რიგ ოფისებში სამუშაო პროცესი აღდგა. თუმცა, რატომ არის ეს ხალხი ასეთი გაბრაზებული? ძალადობრივი? რა არის ასეთი უხეში მართვის გამომწვევი მიზეზი?
ადამიანებს მანქანის მართვა დაავიწყდათ?
პასუხია - არა, არ დავიწყებიათ. დუაით ჰენესის მიხედვით, წესებისა და მარშრუტების გახსენებას ძალზეც მცირე დრო სჭირდება. გონებაში ეს ყველაფერი მიძინებულია. ავტომობილთან ურთიერთობისას კი ტვინის ეს მივიწყებული უბნები აქტიურდება და ძველებურ მდგომარეობას უბრუნდება.
Boston.com-მა კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 400 მძღოლი გამოიკითხეს. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა 67% ჩაკეტვების შემდგომ პერიოდს, გზებზე გადაადგილების კუთხით, გაუარესებულად აფასებდა. ამ ყველაფერს გამოხატულება მაღალი სიჩქარით, „სმარტფონების“ გამოყენებით, „კუდზე მოდგომითა“ და წესების ზოგადი უცოდინრობით ჰქონდა.
ასეთი სიტუაციის გამო, ყოველდღიურად ჩვენი მარშრუტების დაფარვა ფრთხილად მართვას მოითხოვს. ფრთხილი მართვა შიშს ან ზედემტად დიდ ყურადღებას არ ნიშნავს. ეს ჭკვიანურობას და გამჭრიახობას უკავშირდება.
ქვემოთ იმ რჩევათა ჩამონათვალს გაგიზიარებთ, რომელიც მანქანის ფრთხილად მართვაში დაგეხმარებათ.
არასოდეს აჰყვეთ
აგრესიული მძღოლები იმ კონკრეტული მომენტისთვის ცხოვრობენ, რომელიც საბოლოოდ და დიდი ალბათობით ჩხუბით შეიძლება დასრულდეს. არ მისცეთ მათ ამის საშუალება. ანთებული მაშუქები, ხმოვანი სიგნალები და უხეში ჟესტები აუცილებლად უნდა დააიგნოროთ.
თქვენ არ იცით, ვინ ზის ასეთი ავტომობილის საჭესთან. შესაბამისად, ნუ გამოიწვევთ. საგზაო რისხვა ხშირად ფატალური შედეგებითაც მთავრდება. საუკეთესო გამოსავალი კი თქვენს გზაზე სიარულის წყნარად გაგრძელებაა. დღის ბოლოს კი უსიამოვნო ეპიზოდი არც კი გემახსოვრებათ.
დაემორჩილეთ კანონს, მაშინაც, როცა სხვა არ ემორჩილება
მიჰყევით სიჩქარის დაწესებულ ზღვარს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ავტომობილების ნაკადი ზედმეტად სწრაფად დადის გზის უკიდურესი მარჯვენა მხარე დაიჭირეთ. არასდროს არ მოუმატოთ სიჩქარეს მაშინ, როდესაც ვიღაც „კუდზე მოგადგებათ“ (მათ მოთხოვნებს ვერასდროს დააკმაყოფილებთ). ეს შესაძლოა ავარიით დასრულდეს. ამით კი თავს დაიზიანებთ და ავტომობილს გააფუჭებთ. აგრეთვე, რისკის ქვეშ დგებიან ქვეითებიც. რატომ უნდა წახვიდეთ ასეთ რისკზე?
იყურეთ რაც შეიძლება შორს და წინ მიმავალი ავტომობილისადმი შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. აკონტროლეთ გარშემო არსებული სიტუაციები. პარანოიკად ქცევა აუცილებელი არ არის. უნდა ჩათვალოთ, რომ თქვენ ირგვლივ მოსიარულე მძღოლები აზრზე არ არიან მათგან რამდენად ხართ დაშორებული (ხშირად თითქმის ასეცაა).
კარგი იქნება თუ ჩამწერი კამერისთვის ფული არ დაგენანებათ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკიცებულება სულ გექნებათ.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე
მარტივი სათქმელი და რთულად შესასრულებელი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ვიდეოს ნახვა შეიძლება, რითაც გზებზე მომხდარი შემთხვევების სწავლა შეიძლება. კარგი იქნება თუ ასეთი კადრების ნახვით მოემზადებით. ასე თქვენ უამრავ დასკვნას გამოიტანთ და ცუდ მძღოლებს მარტივად ამოიცნობთ.
მიუდექით იუმორით. შიში ყველაზე გავრცელებული და პირველი საპასუხო რეაქციაა. შესაბამისად, ისწავლეთ, რომ ასეთ სიტუაციებს ღიმილით შეხვდეთ.
თუ თავს დაუცველად გრძნობთ, მონახეთ გადატვირთული და კარგად განათებული ადგილი
ქართველმა თავი დაუცველად იგრძნოს? რა სისულელეა... თუმცა ეს ისეთ დაუცველ სიტუაციას ეხება, რომელშიც შესაძლოა ყველა აღმოჩნდეს. მაშინ, როდესაც გზებზე ვინმესთან უთანხმოება ან უსიამოვნება მოგივათ და მიხვდებით, რომ ეს ინდივიდი მოგყვებათ, გადატვირთული ქუჩებით იარეთ. კარგი იქნება თუ განათება და ხალხმრავლობა იქნება. საუკეთესო გამოსავალი კი პოლიციის უახლოეს შენობასთან გაჩერება იქნება. არ წახვიდეთ სახლში.
იმ შემთხვევაში თუ ვინმე გემუქრებათ, დარეკეთ პოლიციაში. მიაწოდეთ მათ ავტომობილის ნომერი და მარკისა და მოდელის ინფორმაცია.
ცუდ მძღოლებს ვერ შევცვლით, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია. გზებზე კი საფრთხილო და საკამათო სიტუაციები ყოველდღიურად იმატებს.