დროშა, რომელიც ჰამილტონმა ბრაზილიის გრან პრიზე ააფრიალა, მარშალს წაართვეს
Aa
Aa

დროშა, რომელიც ჰამილტონმა ბრაზილიის გრან პრიზე ააფრიალა, მარშალს წაართვეს

მარშალი მაქსს გულშემატკივრობდა, მაგრამ უფროსობას დაემორჩილა.

სან-პაულუს გრან პრი ლუის  ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. მან ბრაზილიის დროშა ააფრიალა და ამით სენას სახლში გამარჯვებიდან 30 წლის თავს მიაგო პატივი. ფორმულა 1-ს გულშემატკივრების ნაწილი ლუისის საქციელმა გააღიზიანა. ბევრმა ისე ჩათვალა, თითქოს ჰამილტონი ცდილობს თავი სენას შეადაროს. მეორე ნაწილი კი ამ ჟესტით მოხიბლული დარჩა.

თუმცა, ლამაზი ჟესტის ისტორია ასეთივე ლამაზი არ აღმოჩნდა. სიმართლეს ნათელი რბოლის მარშალებმა მოჰფინეს. ფაბიუ რეზენდე და მატეუს სერველუ ტრასაზე მუშაობდნენ. ფაბიუ ერთადერთი აღმოჩნდა 90 მარშალიდან, რომელსაც ნაციონალური სიმბოლო - დროშა აღმოაჩნდა. მას ეს დროშა წაართვეს და მატეუსმა ის რბოლის გამარჯვებულს პირადად გადასცა.

საქმე იმაშია, რომ ფაბიუ რეზენდე მაქს ფერსტაპენის გულშემატკივარია და ის დროშის გადაცემას მხოლოდ „რედ ბულისთვის“ გეგმავდა. ამ დროშას გულდასმით უფრთხილდებოდა. როგორც მატეუ სერველუ ამბობს, ფაბიუს ამ დროშის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. დროშაზე არ იყო არც ერთი ლაქა და არც ერთი ნაკეცი.

როცა ჰამილტონმა ბოლო წრეც დაასრულა, რაზენდე მეგობრებს უკან დაიმალა, დამალა დროშაც. ეს ვერ დაეხმარა, ჰამილტონმა ჟესტით მინიშნება დაიწყო, რომ დროშა მიეცათ.

„შევნიშნე, როგორ მოიხსნა ლუისმა უსაფრთხოების ღვედი. გაჩნდა გრძნობა, რომ ის ბოლიდიდან გადმოსვლას აპირებდა.  მოქმედების დრო იყო. მე გავიქეცი და ფაბიუს დროშა წავართვი. ჩემმა უფროსმა ლეომ დაიყვირა: „გაიქეცი!“ ლუისთან მისვლის უფლება წესით არ მქონდა, მაგრამ, ლეოს შეძახილის შემდეგ, ეგრევე გავიქეცი“. - იხსენებს სერველუ.

ჰამილტონმა დროშა აიღო, ააფრიალა და პოდიუმზეც აიტანა. მას შემდეგ მარშალები დროშის დაბრუნებას ამაოდ ითხოვდნენ. ლეო ბოქსებშიც კი მივიდა და ჰკითხა, სად გაქრა დროშა. პასუხად კი ჰამილტონის თერაპევტისგან მიიღო, რომ დროშა დაკარგეს.

მარშლები დანებებას არ აპირებდნენ. მათ „მერსედესს“ და ჰამილტონს სოციალურ ქსელებშიც დაუკავშირდნენ.

„ჩვენ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ დროშას ხელმოწერილს უკან დაგვიბრუნებდნენ“. - ამბობდა სერველუ.

დროშას ხელი ნამდვილად მოაწერეს, თუმცა ფაბიუ რეზენდეს ის უკან არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები