არის თუ არა ძრავის კომპიუტერის შეცვლა დამაზიანებელი თქვენი ავტომობილისთვის
ავტომობილის წარმადობის გასაზრდელად ძრავის კომპიუტერის შეცვლა/გადაპროგრამება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. შესაბამისად, დიდია ინტერესიც. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითის მიხედვით, ძრავის კოპიუტერის გადაპროგრამება, იგივე ECU Tuning-ი, ავტომობილზე საზიანოდ მოქმედებს. იმისათვის, რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ, შევეცდებით სტატიაში ამ საკითხის ირგვლივ ამომწურავად ვისაუბროთ.
დასაწყისისთვის გეტყვით, რომ სწორად გაკეთებული ECU Tuning-ი თქვენი ავტომობილის ძრავას ვერაფერს დააკლებს. კარგი პროგრამირების შემდეგ, როგორც მანქანის სიმძლავრის მომატება, ისე საწვავის მოხმარების ეფექტურობის გაზრდაცაა შესაძლებელი. თუმცა, თუ პროგრამირებას ზომაზე მეტად შეეცდებით, მაშინ ეს საბოლოოდ ძრავის სიცოცხლისუნარიანობაზე იმოქმედებს.
მაგალითისთვის, ერთ-ერთი ავტომოყვარულის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც Honda Civic-ს მართავს. ძრავის წარმადობის გასაზრდელად მფლოელმა დიდი ტურბინის დაყენება გადაწყვიტა. მხოლოდ ტურბინის დაყენების შემდგომ შესამჩნევი შედეგი ვერ მიიღო. ხშირ შემთხვევაში წნევა საერთოდ აგვიანებდა და აგრეგატი პირვანდელ მდგომარეობაზე ცუდად მუშაობდა.
ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამების შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. მისი მანქანა აქსელერატორის სატერფულზე ფეხის დაჭერისას მყისიერად რეაგირებდა. კარდინალურად შეიცვალა შედეგიც - 402 მეტრზე Civic-მა დრო 3 წამით გააუმჯობესა.
ECU Tuning-ი: როგორ მუშაობს ის
ავტომობილის ძრავის გადაპროგრამება მისი კომპიუტერის პროგრამის ცხრილში ცვლადების შეცვლას გულისხმობს. ეს ყველაფერი თქვენ მიზანზეა დამოკიდებული - წარმადობის გაზრდა თუ საწვავის მოხმარების ეკონომიურობა.
ახალი სქემა იმ ცვლადებით აღარ იმუშავებს, როგორც ქარხნული მუშაობდა. წარმადობისთვის შეცვლილი სქემა კი რა თქმა უნდა საწვავის მოხმარებას ზრდის და ძრავის უფრო მეტად დატვირთვას განაპირობებს.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ECU Tuning-ის შემდეგ ავტომობილზე გარანტია აღარ მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ქარხნის მიერ დადგენილ სტანდარტებს გადაუხვევთ და მწარმოებლის რეკომენდაციებს უგულებელყოფთ სადილერო პოტენციური მექანიკური დაზიანებისგან პასუხისმგებლობას იხსნის. ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამების შემჩნევა კი ძალზედ მარტივი გახლავთ. ეს ყველაფერი ინსპექტირებისას ან სერვისის დროს გატარებულ ციფრულ შემოწმებებზე პირდაპირ ჩანს. შესაბამისად, თუ თქვენი ავტომობილის საგარანტიო ძალაშია და ძრავის კომპიუტერის შეცვლას გადაწყვეტთ ეს ჭკვიანური არჩევანი ნამდვილად არ იქნება.
ცხენის ძალების მომატება
დინამომეტრზე გაკეთებული პროგრამირების შემდეგ, ქარხნულ ავტომობილზე, დაახლოებით 10-15 ცხენის ძალის მომატებაა შესაძლებელი. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მანქანაზე სპორტული გამშვები და არაქარხნული ტურბინა მაინცაა დაყენებული ეს მაჩვენებელი 50-მდეც ადის. მიუხედავად ყველაფრისა, სიმძლავრის მომატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ძრავაზე, მის პოტენციალზე და სხვადასხვა სპორტულ კომპონენტზე.
გარდა ამისა, ცხენის ძალები გვერდით რომ გადავდოთ, დიდ ცვლილებას დაინახავთ აქსელარატორის სატერფულზე. შესაბამისი პროგრამირების შემდეგ მანქანის აქსელერაცია უფრო ცოცხალი იქნება. ამ შეგრძნებას კი მაბრუნი მომენტის დაბალ ბრუნებზე ხელმისაწვდომობით განაპირობებს.
რა არის სპორტული ჩიპები და რისთვის გამოიყენება ისინი?
სპორტული ჩიპები გახლავთ მოწყობილობა, რომელიც თქვენს ავტომობილში ერთდება. ის ძრავის კომპიუტერის ქარხნულ კონფიგურაციას მოდიფიცირებას უწევს. კონფიგურაციის შეცვლა დამოკიდებულია თქვენს მიზანზე - წარმადობის გაზრდა გსურთ თუ საწვავის ეკონომია.
გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ცვლილებები მოიცავს: მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის მოხსნას, ძრავის ბრუნების შეზღუდვის მოხსნას, გაშვების კონტროლის რეგულირებას (ახალ ავტომობილებში).
ეს მეთოდი მუშაობს. თუ თქვენ წარმადობის გაზრდა და ცხენის ძალების მომატება გსურთ, სპორტული ჩიპი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია.
ყველა ავტომობილი თავისი კომპიუტერით არის აღჭურვილი. მასში ჩაწერილი პარამეტრები კი ძრავისთვის მუშაობისთვის და წვისთვის ოპტიმალურად არის შედგენილი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პარამეტრები მორგებულია რეგულაციებზეც.
სპორტული ჩიპების დახმარებით პარამეტრები ძირითადად წარმადობის გასაზრდელად იცვლება (ვის ადარდებს საწვავის ეკონომია?). ტიპური ჩიპის მონტაჟი ადვილია. ის OBD2-ის შესაერთებელში უნდა შეაერთოთ. რამდენიმე წამის შემდეგ კი ავტომობილი თავიდან უნდა აამუშაოთ. OBD2 ყველა ავტომობილს აქვს. მისი პოვნა ხშირ შემთხვევაში ტორპედოს ქვეშ, მგზავრის მხარეს არის შესაძლებელი.
ECU Tuning-ის უარყოფითი მხარეები
მაქსიმალური წარმადობის მისაღებად გაუმჯობესებული ავტომობილების უმატესება უსაფრთხო არ არის. ყურადღება მიაქციეთ სიტყვა "მაქსიმალურს". იქამდე, სანამ მანქანის მონაცემების გაზრდას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი მართვადობა და მანევრულობა. თუ ცხენის ძალების კოლოსალური რაოდენობით მომატება გსურთ, უნდა იცოდეთ, რომ დაკიდების და სამუხრუჭე სისტემაც მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროთ.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ძრავის განყოფილებაში არსებული კომპონენტებიც. სიმძლავრის მომატება ერთი საკითხია, მაგრამ რამდენად გაუძლებს გაზრდილ დატვირთვას ქარხნული დეტალები - მეორე.
შესაძლებელია ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამების შემდეგ მისი ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება?
მარტივი პასუხია - დიახ, შესაძლებელია. საბედნიეროდ, ECU Tuning-ის შემდეგ კონფიგურაციის ქარხნულ ნიშნულებზე დაბრუნება სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. ეს მაშინაა გამოსადეგი, როდესაც საქმე ავტომობილის საგარანტიოს ან სადაზღვევოს ეხება.
ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება მარტივია. ერთადერთი, რაც გჭირდებათ ორიგინალი პროგრამის ცვლადებია. იქამდე, სანამ ავტომობილს რომელიმე „ტუნინგ“ ატელიეში წაიყვანთ დარწმუნდით, რომ ქარხნულ სტანდარტებზე დაბრუნებას ნებისმიერ დროს შეძლებთ. ეს საკითხი სპეციალისტთან უნდა შეათანხმოთ.
დასკვნა
მაშინ, რომდესაც საქმე ძრავის კომპიუტერის შეცვლას და გადაპროგრამებას ეხება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს მიზნებში მკაფიოდ გარკვევა და ჩამოყალიბებაა. მეორეს მხრივ ყურადსაღებია ის რისკ-ფაქტორები, რაც ECU Tuning-ს მოჰყვება. ძრავის კომპიუტერის ზედმეტად მძლავრი პარამეტრების შეცვლით თქვენი ძრავა საჭიროზე მეტად დაიტვირთება. ამ დატვირთვას კი, დიდი ალბათობით, ქარხნული დეტალები ვერ გაუძლებს. გასათვალისწინებელია ავტომობილის გარანტიაც.
მიუხედავად ყველაფრისა, თუ თქვენ მანქანის მსუბუქი მოდიფიცირება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ECU Tuning-ი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. გამშვები სისტემის, მაყუჩის მიმღები მილის, შემშვები სისტემისა და ტურბინის გაუმჯობესების შემდეგ კი ძრავის კომპიუტერის მძლავრი მოდიფიცირებაც დასაშვები იქნება.