ავტოსპორტმა კიდევ ერთი დიდი ლეგენდა დაკარგა. 79 წლის ასაკში ფორმულა 1-ის „უილიამსის“ გუნდის დამაარსებელი, ფრენკ უილიამსი გარდაიცვალა. ალბათ, ფორმულა 1-ს გულშემატკივრებს გვეგონა, რომ ფრენკ უილიამსი უკვე მთელი ცხოვრებაა იქ იყო და თავის გუნდს ხელმძღვანელობდა.
ლოგიკურია, რადგან ჯერ კიდევ 2019 წელს მისმა სტაჟმა ნახევარსაუკუნიან ნიშნულს მიაღწია. 1999 წელს ბრიტანეთის დედოფლისგან რაინდის - სერის წოდება მიიღო. გუნდის ხელმძღვანელის პოსტს იმაზე დიდხანს იკავებდა ვიდრე ნებისმიერი ფორმულა 1-ის ისტორიაში. მისი გუნდის პირველი ბოლიდი 1969 წლის 16 მარტს გამოჩნდა. ეს იყო Race of Champions-ზე. მაშინ გუნდს Frank Williams Racing Cars ერქვა.
მისი კარიერა მოკლედ, სტატისტიკაში რომ შევაჯამო, მისი გუნდის პილოტებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 7-ჯერ მოიგეს. გუნდმა კონსტრუქტორთა თასში გამარჯვება 9-ჯერ შეძლო.
გამარჯვებები 1979 წელს დაიწყო, როცა დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე კლეი რიგაცონიმ FW07 გამარჯვება მოიპოვა. იმ სეზონში გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. 1980 წელს კი გუნდმა უკვე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ალან ჯონსმა მოიპოვა. ეს იყო პირველი ტიტული გუნდის ისტორიაში. შემდეგი გამარჯვება გუნდს კეკე როზბერგმა მოუტანა. 1987 წელს შემდეგი ტიტული ნელსონ პიკემ მოიპოვა. 5 წლის შემდეგ კი ჩემპიონატი ნაიჯელ მენსელმა მოიგო. შემდეგ - ალენ პროსტმა. 1996-ში დეიმონ ჰილმა, 1997-ში კი ჟაკ ვილნევმა.
გამარჯვებები მას შემდეგაც იყო, თუმცა, სულ უფრო იშვიათი ხდებოდა. ყველაზე შავი წერტილი კი გუნდის ისტორიაში 1994 წელია. „Williams-ის" ბოლიდის საჭეს აირტონ სენა მიუჯდა. FW16-ით ავარიისას 1 მაისს იმოლაზე აირტონ სენა გარდაიცვალა. სენა ხშირად ჩიოდა, რომ ბოლიდი გაუმართავი იყო.
დრო იცვლებოდა, გუნდმა კი ფეხის აწყობა ვერ შეძლო. 2004 წლის ოქტომბერში ბრაზილიის გრან პრიზე გუნდის ბოლიდით გამარჯვება ხუან პაბლო მონტოიამ მოიპოვა. შემდეგი სეზონის დასაწყისში კი ფორმულა 1-ის ვეტერანმა ბრიტანელმა პილოტმა თქვა: „Williams-ის გუნდი BBC-სავითაა, კარგი თანამშრომლებითა და დიდი ბიუჯეტით, თუმცა, ცოტათი ძველმოდური. მას უკვე პატარა გუნდებიც დაეწივნენ“.
შედეგები სულ უფრო უარესდებოდა. უარესდებოდა სერ ფრენკ უილიამსის ჯანმრთელობაც. ჯერ კიდევ 1986 წელს ფრენკი ავარიაში მოჰყვა, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა. მას შემდეგ, ის გუნდს კიდევ ძალიან დიდხანს ხელმძღვანელობდა. მას ზედმეტსახელად „რკინის ფრენკი“ უწოდეს.
2013 წელს მან ფაქტობრივად კომპანიის ხელმძღვანელობა ქალიშვილს, კლერ უილიამსს გადასცა. თუმცა, ფორმალურად ხელმძღვანელის პოსტს ისევ ფრენკი იკავებდა.
ბოლოს რაც მოხდა, უკვე ყველასთვის ცნობილია. Williams-ის, როგორც ოჯახური ბიზნესის ისტორია 2020 წელს დასრულდა, როცა ის ამერიკულმა ჰოლდინგმა Dorilton Capital-მა შეიძინა.
იტალიის გრან პრი ბოლო აღმოჩნდა, როცა კლერ უილიამსი გუნდის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე რბოლაზე გამოჩნდა. შემდეგ გუნდის ოფიციალური განცხადებაც ვიხილეთ: „გუნდი ჩვენთვის ყოველთვის პირველ ადგილას იყო. ესე იყო 4 ათწლეულის განმავლობაში. ის ყოველთვის ჩვენს გულში რჩებოდა და ჩვენი ოჯახის ცენტრი იყო. გაყიდვის გადაწყვეტილება ჩვენთვის რთული არ ყოფილა, რადგან ჩვენ გუნდისთვის წარმატებული მომავლის გარანტია გვინდოდა“.
მთავარი კი ამ ისტორიაში ისაა, რომ უილიამსების გვარი ისევ ფორმულა 1-შია. მის ახალ მფლობელებს საკმაოდ ამბიციური და გრძელვადიანი გეგმები აქვთ. როგორ შეძლებენ ამ ყველაფრის განხორციელებას უკვე მომავალი გვიჩვენებს.
ახლა კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ იოსტ კაპიტოს სიტყვები გავიხსენოთ:
„ფრენკ უილიამსი ავტოსპორტის საკულტო ფიგურა იყო. მისი წასვლა ჩვენი გუნდისთვის და მთლიანად ფორმულა 1-სთვის ეპოქის დასასრულია. ის უნიკალური ადამიანი იყო. მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რისი გადატანაც მას მოუწია, ის ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც 16 ჩემპიონატი მოიგო.
ის პრინციპულობას, გუნდურ მუშაობას, დამოუკიდებლობას და გადაწყვეტილების მიღების უნარს ყოველთვის აფასებდა. ეს ღირებულებები Williams-ის გუნდის ეთიკის საფუძველია. ჩვენ ეს ღირებულებები გუნდის სახელთან ერთად მივიღეთ, რომლის ქვეშაც ასპარეზობა ჩვენთვის საამაყოა.
ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები უილიამსების ოჯახთანაა“.