ჰამილტონი - ყველაზე ტატუირებული პილოტი ფორმულა 1-ის ისტორიაში
Aa
Aa

ჰამილტონი - ყველაზე ტატუირებული პილოტი ფორმულა 1-ის ისტორიაში

სახალისო ფაქტია, რომ 2000-იანებში ფორმულა 1-ს მხოლოდ ტატუირებული პილოტები იგებდნენ. სხეული მოხატული აქვთ მიხაელ შუმახერს, ფერნანდო ალონსოს, კიმი რაიკონენს, ჯენსონ ბატონსა და ლუის ჰამილტონს.

ბოლო 21 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 გამონაკლისი დაფიქსირდა. ტატუები არ აქვთ სებასტიან ფეტელსა და ნიკო როზბერგს. ფეტელი სხეულის მოხატვაზე ფიქრობდა. თემაც შერჩეული ჰქონდა. თუმცა, აქამდე ეს არ გაუკეთებია.

„ყოველთვის მინდოდა რკინის კაცის დახატვა. ცოტათი სულელურია, მაგრამ ამაზე ვფიქრობდი და შეიძლება გავიკეთო კიდეც“, - თქვა მან.

ფორმულა 1-ში მთავარი რეკორდმაისტერი ლუის ჰამილტონი ამ საქმეშიც რეკორდსმენია. მისი სხეული თითქმის ბოლომდე მოხატულია. მას 16 დიდი და პატარა ზომის ტატუ აქვს. პირველი ტატუ მან 2012 წელს გაიკეთა.

„ჩემი და ტატუს ოსტატზე იყო დანიშნული და საბოლოოდ იქორწინა კიდეც მასზე. ასე რომ, 10 წლიდან ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ტატუებს აკეთებდნენ.

ბევრ ადამიანს, ვისაც ვიცნობ, ტატუს გაკეთება არ სურთ. მათ არ იციან, რომელი გამოსახულება ამოარჩიონ. ეს სწორია. ჩემი აზრით, რაღაც დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ადამიანები მიხვდნენ, როგორ იქნება სწორი მათი ისტორიის გამოსახვა, მათი მოგზაურობის ამ წერტილამდე“, - ამბობს ჰამილტონი.

„დიდი ჯვრის დახატვის იდეა ჩემი საყვარელი რეპერის სიმღერების გამო მომივიდა. გადავწყვიტე ის ანგელოზის ფრთებით შემემკო და დამეწერა «Still I Rise». ყველაზე ძნელი წარწერის გაკეთება იყო. მთლიანობაში ამ პროცესს 10 საათი დასჭირდა. მას შემდეგ ჩემი ზურგი მიყვარს.

მარჯვენა ხელზე მანათობელი გულით მფარველი ანგელოზი მახატია. ცოტა მაღლა - იესო. იქვე კი მიქელანჯელოს წმიდა მარიამის ქანდაკება მისი ვაჟიშვილით ხელში.

„კვირაობით ტაძარში დავდივარ. როცა იქ ვარ, მაშინ ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობ. შეიძლება ითქვას, რომ ტაძარი კომპასია. ამიტომაც, სხეულზე კომპასი დავიხატე.

ლომები — ისინი ყველაზე დაუჯერებელი ცხოველები არიან. თავმოყვარე, აგრესიული, ვნებიანი... ისინი ნამდვილი ლიდერები არიან. ჯუნგლების მეფე. მგონია, რომ ლომის გული მაქვს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, გულს ზემოთ ლომის გამოსახულება მქონოდა“.  

მხრებზე სიტყვები „ოჯახი“ და „რწმენა“ აწერია.

„მკერდზე ოდნავ ზემოთ მარიანა უილიამსონის (ამერიკელი მწერალი ქალის) ციტატა მაწერია. „ჩვენი ყველაზე დიდი შიში არ არის არასრულყოფილად გამოჩენა. ჩვენი ყველაზე დიდი შიში იმაშია, რომ არ გვინდა ზედმეტად ძლიერები გამოვჩნდეთ“.  ეს ციტატა ძალასა და შესაძლებლობებზეა, ოჯახსა და რწმენაზე. როგორც ვფიქრობ, ძირითად ღირებულებებზე“.

იეროგლიფები ჩინელი გულშემატკივრების მიმართ პატივისცემის ნიშანია:

„ჩინეთში საუკეთესო გულშემატკივრები არიან. ძალიან ემოციურად გვესალმებიან. ყველგან დაგვყვებიან, საჩუქრებს გვჩუქნიან. ძალიან ხელგაშლილები არიან. შესანიშნავი ხალხია. ერთხელ გადავწყვიტე, რომ ჩინური სიმბოლოები მინდოდა და ავირჩიე „ომი“, „სიყვარული“ და „სამყარო“.

„ხელზე რამის დახატვა მინდოდა, რადგან იარა მქონდა. სარბოლო იარა. როცა რვა წლის ვიყავი ხელი კარტინგის ქვეშ მომყვა, რომელსაც მე ვმართავდი. ხელთათმანზე გადამიარა. ახლა იმ ადგილას ვარდი მახატია“.

„კისერზე არწივი მახატია, რადგან 10 წლის ასაკში ჩემი მეგობარი „არწივის თვალიანს“ მეძახდა. მართლაც ძალიან კარგი მხედველობა მქონდა“.

„აქ მაწერია „ღმერთია სიყვარული“ - ღმერთი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია“.

„აი, ეს უცნაურია. ყურს უკან „დალოცვილი“ მაწერია. სადღაც მინდოდა, რომ ეს სიტყვა მწერებოდა. ვერ მოვიფიქრე სად და ბოლოს ვიფიქრე, რატომაც არა აქ? ეს მომენტი ყოველთვის ამაღელვებელია, რადგან წარმოდგენა არ გაქვს, იმ ადგილას ტატუს როგორი შეხედულება ექნება“.

ყველაზე ამაღელვებელი სურათი კი მაინც მხარზეა.

„ეს მამას ეძღვნება. რომ არა ის, მე დღეს ამას არ გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ. ის ფუნდამენტური ფიგურაა, ჩემთვის მაგალითი. მახსოვს, როცა 4 წლის ვიყავი, ის ჰაერში ასე მაგდებდა ხოლმე. ეს ყველაზე ნათელი მოგონებაა მამასთან ერთად. ის ძალიან სერიოზული და მკაცრია. ამ კონკრეტულ მომენტში კი ის ყველაზე ბედნიერი ჩანდა. არ იყო არანაირი საქმე, არანაირი დისციპლინა - მხოლოდ სიყვარული. აქ მას ხელში ბიბლიურ სამოთხის კართან ვყავარ აყვანილი“.

ვარდი ასევე ოჯახის პატივსაცემოდ:

„ეს ჩემი დეიდას სურათია, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა“, - ხსნის ლუისი.

7-გზის მსოფლიო ჩემპიონს მისი ცხოვრების მთავარი კუმირის, სხვა ფერადკანიანი ნამდვილი ჩემპიონის, მუჰამედ ალის ტატუც აქვს.

„ალი ის ადამიანია, რომელმაც ყველაზე მეტად შთამაგონა. ამიტომ მე მისი და მთელი მისი ოჯახის გამოსახულების დახატვა მინდოდა. მე მსგავსი ისტორიისა და ეთიკის ოჯახიდან ვარ, ამიტომ მე მყავდა ის, ვისაც უნდა მივყოლოდი. ფორმულა 1-ში ხომ მსგავსი კანის ფერის ადამიანი არ იყო“.

და ამ დროისთვის ბოლო ტატუ ხელებზე გეომეტრიული ფიგურები და ქიმიური სქემებია.

ფეხი და ხელი ლუისმა 2019 წელს მოიხატა. მას შემდეგ ახალი არ დაუმატებია. იქნებ ახლა, ამ დაძაბულ და იმედგამაცრუებელ სეზონთან დაკავშირებით, რამე ახალი იდეა გაუჩნდეს.

„რისი დახატვა მენდომებოდა შემდეგში? - პასუხობდა კითხვაზე 2018 წელს. - ჯერ არაფერი მაქვს დედაზე - მსოფლიოში საუკეთესო ადამიანზე. ასევე - ჩემს საყვარელ ძაღლებზე როსკოსა და კოკოზე. ახლა ვფიქრობ, რა გამოსახულება შევარჩიო. რაღაც, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება“.

დედაზე და ძაღლებზე ჯერ არაფერი გამოჩენილა. ველოდებით.

ასე რომ, ჰამილტონი ფორმულა 1-ში ტატუებითაც რეკორდსმენია. მასთან ყველაზე ახლოს დენი რიკიარდოა, რომელსაც 12 ტატუ აქვს. დანარჩენი პილოტები მხოლოდ 3-4 ნახატით შემოიფარგლებიან.

საინტერესოა, მალე მოიხსნება ეს რეკორდი?

მსგავსი სიახლეები