Aa Aa
21 დეკემბერი 2021  |  11:48

90-იანი წლების საუკეთესო ყველგანმავლები საქართველოში

საქართველოში 90-იანი წლების პერიოდი ვისაც ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ მიუხედავად იმ გაჭირვებული ფონისა, თუ ნამდვილი ავტომოყვარული იყავი, მაინც შეამჩნევდი იმ ყველგანმავლებს, რომლებიც ჩვენს სიას წარმოადგენენ. ამ პერიოდისთვის მთლიან ქვეყანაში გზების მდგომარეობა არა თუ არ იყო დამაკმაყოფილებელი, არამედ დედაქალაქის ძალიან ბევრ ადგილას შეუძლებელიც კი იყო ჩვეულებრივი ავტომობილით გადაადგილება, ამიტომ ბუნებრივია, რომ ვისაც საშუალება ჰქონდა უპირატესობას მაღალი გამავლობის მანქანას ანიჭებდა. ამ მონაცემების ავტომობილები დღესაც ძალიან დიდი მოთხოვნით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ გზების პრობლემა ძირითადად მოგვარდა, ავტომობილის ეს კონფიგურაცია, რასაც ყველგანმავალი ჰქვია აქტუალურობას მაინც არ კარგავს. ეს ფაქტი ყველგანმავლების მიმართ ქართველი ავტომოყავრულების დიდი პატივისცემის დასტურია. წარმოგიდგენთ 8 ყველგანმავალს, რომლებიც 90-იანი წლების საქართველოში ყველაზე პოპულარული იყო.

1. Jeep Grand Cherokee

ეს ის საავტომობილო ბრენდია, რომლის გამოც მაღალი გამავლობის 4x4-ზე ავტომობილებს ხშირად ჯიპებს ვეძახით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვერ ნახავთ მხარეს თუ ქვეყანას, სადაც ეს მოდელი არ მოსწონთ. პირველად 1992 წელს გამოვიდა და 6 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. ძრავთა გამაში  5.9-ლიტრიანი V8 ძრავის ტიპი ყველაზე სასურველი იყო და მას Limited ვერსიას უწოდებდნენ . ეს იყო მოდელი, რომელიც გამოირჩეოდა ყველა ასპექტში, იქნებოდა ეს დეტალების ხარისხი თუ ტექნიკური მახასიათებლები. Limited ვერსია 1997 წელს ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი SUV-ის წოდებას ატარებდა და მიუხედავად ამ წოდებისა მისთვის დამახასიათებელი უგზოობისთვის დიდი უნარებით გამოირჩეოდა. ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში იმდროინდელი კრიმინალური სამყაროს რომანტიზირებაც უწყობდა ხელს, რის გამოც ჩვენმა გმირმა 90-იან წლებში საქართველოში სახელი დაიმკვიდრა. დღეს, სამწუხაროდ, ცოტა თუ იქნება შემორჩენილი და ისიც დაბალი ძრავებით და კომპლექტაციებით, Limited ვერსია უკვე სამუზეუმო ექსპონატია.

2. Nissan Patrol

 ავტოწარმოებაში „ნისანი“ თუ რამით იამაყებს, ეს ორი მოდელია: Skyline-ი და Patrol-ი. მძიმეწონიან ყველგანმავლებში „ნისანი“ ყოველთვის ამაყობდა ამ მოდელით. ამ მანქანას უგზოობაზე თითქმის შეუჩერებლად შეუძლია გადაადგილება, „ნისანის“ ინჟინრებმა ძალიან ბევრი იშრომეს, რომ ტოლი არ დაედოთ „ტოიოტასა“ და სხვა კონკურენტების ყველგანმავლებისთვის, რაც შესანიშნავად გამოუვიდათ. Patrol-ის ეს თაობა 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში დიდი რეპუტაციით სარგებლობს, თუმცა, არც ადრე და არც ახლა ამ მოდელს ისე ხშირად ვერ შევხდებით, როგორც „ტოიოტას“ შესაბამის მოდელს ან რაიმე სხვა ბრენდისას. ეს მისი მაღალი ფასით და რთული ექსპლუატაციის პირობებით აიხსნება. მიუხედავად ამ ფაქტორებისა, Nissan Patrol-ი ყველა ქართველ ყველგანმავლების მოყვარულს სიგიჟემდე უყვარს.

3. Opel Frontera

უადგილო იქნებოდა 90-იანი წლების საქართველოზე ვლაპარაკობდეთ და „ოპელი“ არ ვახსენოთ. მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდი ფუფუნების საგანია სრულფასოვანი ყველგანმავალი. მას ყველა ფინანსურად ვერ სწვდება. 90-იან წლებში უგზოობის მოყვარულებში ფუფუნების უფლება ცოტას თუ ჰქონდა, ამიტომ გაჩნდა ალტერნატივა, რომელიც შეიძლება ვერ აკმაყოფილებდა იმ კომფორტს, რასაც ჩვენი სიის გმირების უმეტესობა უზრუნველყოფდნენ, მაგრამ სამაგიეროდ გაჭირვებულ ქვეყანაში ეს ბრენდი თავისი საქმის მუდამ ერთგული იყო. „ფრონტერა“ საკმაოდ მარტივი კონსტრუქციის იყო, გამძლე და ეკონომიური, რაც მაშინდელ ქართულ ავტოპარკში თითქმის გადამწყვეტი იყო. იგი „ომეგას“ საკვანძო დეტალებით იყო აღჭურვილი, რაც მას ექსპლუატაციისთის საკმაოდ მიმზიდველს ხდიდა. უგზოობის პირობებში მისთვის დამახასიათებელი კარგი მაჩვენებლები იყო. 2/3 კარიანი მოდელის შემთხვევაში ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ უკანა სავარძლების მაღლა მდებარე სახურავი ეხსნებოდა, რაც კარგ ამინდში საკმაოდ სასიამოვნო იყო. ამ მოდელთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე წლებში წარმოებული Honda Passport-ი და Isuzu Rodeo იგივე ავტომობილები იყო, უბრალოდ „ოპელის“ ლოგოს ადგილას Honda-ს და Isuzu-ს ლოგოები იყო განთავსებული.

4. Hyundai Galloper

ალბათ ცოტას თუ გემახსოვრებათ „ჰიუნდაის“ ეს მოდელი. ახლა, სავარაუდოდ, დავიწყებას მიეცა, მაგრამ იყო დრო, როდესაც თბილისის ქუჩებში „გალოპერი“ დიდი რაოდენობით დადიოდა. 80-90-იანი წლებში, როდესაც კორეული ავტოწარმოება ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა, იაპონურ ავტომწარმოებლებთან ერთ მოედანზე თამაში საკმაოდ უჭირდათ. კორეელები იაპონელებისგან მოძველებული მოდელების პლატფორმას ყიდულობდნენ, ფუთავდნენ საკუთარ დიზაინში, რომელიც ისევ იაპონური ავტომობილებიდან იყო აღებული და ამგვარად აწარმოებდნენ თავისი ავტომშენებლობის ძირითად ბირთვს. „გალოპერიც“ ეს შემთხვევა იყო, ვიზუალი „პაჯეროს“ პირველ მოდელს ძალიან წააგავს, რაც შეეხება სავალ ნაწილებს, წინა დაკიდება „პაჯერო 2-სგან“ ჰქონდა, ხოლო უკანა დაკიდება კი „პაჯერო 1-სგან“. აგრეთვე აგრეგატებშიც უამრავი მსგავსება არსებობდა. ვერდიქტი კი ესეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა „პაჯეროს“ სარკის ანარეკლი იყო, მაინც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და ეს „მიცუბიშის“ დიდი დამსახურება იყო.

5. Mitsubishi Pajero

ყველა წარმატებულ ავტომწარმოებელს ჰყავს მოდელი, რითაც თავს წარმოაჩენს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში. „მიცუბიშისთვის“ ეს მოდელი ნამდვილად Pajero-ა. რაც არ უნდა მოვიწადინოთ, ისტორიის განმავლობაში ვერსად შევხვდებით „პაჯეროს“ წარუმატებელ მოდელს. ყველა თაობა ერთმანეთზე უკეთესია. თუმცა ჩვენი სიის კრიტერიუმებიდან გამომდინარე ამ მოდელის მეორე თაობაზე ვილაპარაკებთ. ეს მოდელი 1991 წლიდან 1999 წლის ჩათვლით იწარმოებოდა. ხანგრძლივი წარმოება მის საიმედოობაზე მეტყველებს. ამ დროის განმავლობაში გარდამავალი მოდელისთის დამახასიათებელი ცვლილებები მხოლოდ ერთხელ განიცადა. მეორე თაობის „პაჯერო“ ჩინეთის ავტობაზარზე 13 სხვადასხვა ბრენდით შენიღბული შეიძლება შეგვხდეს. ესეთი მაღალი მოთხოვნა არც 90-იანი წლების საქართველოში გამორჩათ, ამ მოდელმა ჩვენს სამშობლოშიც წლების განმავლობაში უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა.

6. Lexus LX450 (J80)

Lexus-ის გაგონებაზე, როგორც წესი საუბარი ზედმეტია. ეს არის ავტომწარმოებელი, რომლის „ბოსები“ იაპონიაში, კერძოდ „ტოიოტას“ სათავო ოფისში სხედან და უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფიქრობენ თუ როგორ მოხიბლონ ამერიკელი ავტომოყვარულები. მათ ეს ბრწყინვალედ გამოსდით. იმდენად ბრწყინვალედ, რომ ამ ყველაფრის შედეგები მთელს მსოფლიოს მოედო და საქართველომდეც ჩამოვიდა. LX450 2 წლის განმავლობაში იწარმოებოდა (1995-1997) და ის Toyota Land Cruiser J80-ის ბაზაზე იყო აწყობილი. ჩვეულებრივი „ტოიოტას“ მოდელისგან განსხვავებით „ლექსუსის“ ინტერიერში ბევრ კომფორტს შეხვდებით. დეტალებზე საკმაოდ ბევრი აქვთ ინჟინრებს დახარჯული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემული მოდელი მხოლოდ 2 წლის განმავლობაში იწარმოებოდა, ამიტომ „ლექსუსის“ ეს მეტად საინტერესო ყველგანმავლის ეგზემპლარები საქართველოში თითქმის აღარ მოიპოვება.

7. Range Rover HSE

ის ძვირადღირებულია! მკაცრი გამოხედვა აქვს! დიდი პოტენციალით თავს იწონებს! ნამდვილი ბრიტანელისთვის ყველა დამახასიათებელი თვისება აქვს. ამ კლასიკურ ყველგანმავალს 90-იან წლებში ბევრ ფილმში შეხვდებოდით. იგი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციებისთვის და მდიდარი ფენის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მხოლოდ იმიჯი არ ყოფილა მომხმარებლისთვის სატყუარა. ეს ავტომობილი მძიმე უგზოობისთვის ყველა მოთხოვნას  სრულად აკმაყოფილებდა. ამ ავტომობილს ინტერიერში ერთი უცნაური დეტალი აქვს, ავტომატური გადაცემათა კოლოფის სახელურს ორი მწკრივის მიმართულება ჰქონდა, ერთი უგზოობის რეჟიმებისთვის და მეორე ყოველდღიური მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ექსტერიერს რაც შეეხება, თვალისმომჭრელი დიზაინით არ გამოირჩევა, თუმცა ყველას ძალიან მოსწონს. ალბათ, მოცემულ შემთხვევაში ამ ავტომობილის მოყვარულებს ბრენდის სიდიადე ალამაზებს, ამ ავტომობილს „კიას“ ლოგო რომ ჰქონოდა, ხომ აღარ იქნებოდა ასეთი მიმზიდველი?!

8. Lada Niva

„იყიდე ნივა, ყველგან მივა!“-ეს ცნობილი გამონათქვამია, რომელიც 90-იან წლებში ავტომოყვარულებს მუდამ ესმოდათ. თუმცა დრო გავიდა, ჩვენმა ქვეყანამ უკეთესი ყველგანმავლები ნახა და ამ ცნობილ გამონათქვამს მალე იუმორისტული გაგრძელება მოუფიქრეს. 90-იან წლების ავტომობილებზე ისე ვერ ვილაპარაკებთ, რომ ერთი საბჭოთა წარმომადგენელი არ ჩაერიოს. უკვე აღარავის უკვირს ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი გამუდმებით იპარავდა სხვადასხვა ევროპული თუ ამერიკული ბრენდების პლატფორმებს. ჩვენი გმირიც ამ ყველაფრის ერთობლიობა იყო. მოკლე ბაზიდან გამომდინარე უგზოობის კარგი მტერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ძალზედ მოძველებული ძრავა, რომელსაც 60-იანი წლებიდან მოყოლებული ერთი ცხენის ძალაც კი არ მომატებია დიდი იმედების მომცემი არ იყო. 80 ც.ძ. და 120 მაბრუნი მომენტი, სულ ეს იყო რუსული ყველგანმავლის მთელი პოტენციალი. სიმძლავრეს რომ თავი გავანებოთ, ელემენტარულ კომფორტს და უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. სათადარიგო საბურავი რომელიც ათეული წლების განმავლობაში ძრავის ხუფის ქვეშ ჰქონდა განთავსებული, ფრონტალური შეჯახებისას მძღოლს მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნიდა. მიუხედავად უამრავი „აქილევსის ქუსლისა“, რუსული ავტომწარმოებელი ჯიუტად არ ცვლის არაფერს. ამიტომაც ისინი უბრალოდ დროს ჩამორჩნენ. „ნივაზე“ ბევრი რამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუმცა ერთი რამ აშკარაა, მიუხედავად თავისი უამრავი ნაკლისა, 90-იანი წლების საქართველოში ამ ავტომობილს ყოველთვის საპატიო ადგილი ეკავა.

გაზიარება: