12-ცილინდრიანი BMW E36 3-Series Compact-ი, რომელიც ყველას მოსწონს
E36 თაობის BMW 3 Series Compact-ი სასურველობით ვერასდროს დაიკვეხნიდა, თუმცა ეს კონკრეტული მოდელი განსაკუთრებულია. ძალზედ განსაკუთრებული.
E36 თაობის მესამე სერიის Compact-ი „ჰეჩბეკის“ შესახებ BMW-ს ახლებურ ხედვებს წარმოადგენდა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილის სიმძლავრე უკანა ღერძზე იყო მიმართული. ამ ფაქტის გამო, მოდელმა ხალხში თავდაპირველი დაინტერესება გამოიწვია, მაგრამ პოპულარობა ვერასდროს მოიპოვა.
ახლა კი იმ ამბიციურ პროექტზე უნდა მოგიყვეთ, რომელსაც სურათებზე ხედავთ. ეს მანქანა ახლა გასაყიდად ნორვეგიაშია გამოტანილი. მფლობელმა 16 წლის წინ BMW-ს ყველაზე პატარა მოდელის BMW-ს ყველაზე დიდი ძრავით აღჭურვა გადაწყვიტა. შედეგად, „კომპაქტის“ კაპოტის ქვეშ ახლა, 4-ცილინდრიანი აგრეგატის ნაცვლად, 5.6-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძგერს. ეს აგრეგატი 850CSi-დან არის გამოტანილი.
უზარმაზარ V12-თან მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც უკანა ღერძზე 400 ცხენის ძალას ანაწილებს. აღსანიშნავია ჟღერადობის გაუმჯობესებაც. ქარხნული 4-ცილინდრიანი ძრავა სპორტული ხმით არ გამოირჩეოდა. 12-ცილინდრიანი აგრეგატი კი ამ დანაკლისსაც ავსებს.
უკეთესი მართვადობისთვის მფლობელმა მოდელს დაკიდების სისტემაც გაუუმჯობესა. ახლა ეს „კომპაქტი“ E36 M3-ის ამორტიზატორებით არის წარმოდგენილი. M3-დან არის გადმოტანილი სავარძლებიც, მაჩვენებლებიც და ტორპედოც. მეტი ექსკლუზიურობისთვის ვიზუალურ მხარეს Hartge-ის თვალისმომჭრელი დისკებიც ამშვენებს.
ოდომეტრზე 104 000კმ-ია გამოსახული. აგრეგატის მოვლის შემთხვევაში კი ეს მანქანა კიდევ ბევრ კილომეტრს დაფარავს, რა დროსაც მძღოლს დაუვიწყარ სიამოვნებას მიანიჭებს.
მსურველებისთვის კი ვიტყვით, რომ მფლობელი მის სანაცვლოდ 33 000$-ს ითხოვს.