Aa Aa
27 დეკემბერი 2021  |  11:45

უკანასკნელ Buick Grand National-ს 55კმ აქვს გავლილი და მალე ის გასაყიდად გავა

2022 წლის იანვარში ვიღაცას ხელში საკოლექციო მოდელი ჩაუვარდება.

GM-ის უკანა ამძრავი G-სტილის კორპუსი, ბოროტი გამოხედვა, ორი კარი და შავი ფერი. ეს ის დეტალებია, რაც აშშ-ს ლეგენდარულ ავტომობილს გამოარჩევს. ბევრი თქვენგანი მას Fast and Furious-ის მეოთხე ნაწილიდან იცნობთ, რომლის საჭესთანაც ვინ დიზელი ზის. მისი პერსონაჟი კი ამ მოდელით საოცრებებს სჩადის. ერთ-ერთი საოცრება კი გადაცემათა კოლოფია, რომლის სიჩქარეთა რაოდენობა უთვალავია!

რეალურად ეს ავტომობილი მართლაც ლეგენდარული გახლავთ. ამ კონკრეტული Buick-ით კი ეპოქა დასრულდა. 2022 წელს მას ახალი მეპატრონე გამოუჩნდება, რაზეც Barrett-Jackson-ის აუქციონი იზრუნებს.

ეპოქის დასასრულში უკანასკნელი Buick Grand National-ი ვიგულისხმეთ. განცხადების მიხედვით, ამ ავტომობილმა მიჩიგანში არსებული Pontiac-ის ქარხანა 1987 წლის 11 დეკემბერს დატოვა. მას შემდეგ კი მხოლოდ ერთ მეპატრონე ჰყავდა. როგორც სურათებიდან და გარბენიდან იგებთ, მოდელი გამოუყენებელია. ჯერ კიდევ შემორჩა ქარხნული ხუფები და გადასაკრავები.

ის რაც კონკრეტულად ამ Buick-ს გამოარჩევს მასზე მომუშავე ინჟინრების ხელმოწერაა. მათი პოვნა კაპოტის ქვეშ და ძრავის ხუფზეა შესაძლებელი.

რატომ იყო Buick Gran National-ი ლეგენდარული ავტომობილი? მისი ტურბინიანი 3.8-ლიტრიანი V6 245 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა მაშინ, როდესაც Corvette-ი 240-ცხენისძალიანი აგრეგატით გამოდიოდა. არც ისე გასაოცარი იყო Buick Regals-ის მონაცემები, რომელიც ამ მოდელის უფრო დაბალ კომპლექტაციას წარმოადგენდა. მოკრძალებული V6 და V8 ძრავების სიმძლავრე 200 ცხენის ძალას ვერც აღწევდა.

სურათზე ნაჩვენები მოდელი 1987 წელს გამოშვებული 20 000 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. ტექნიკურად ის ძალზედ იშვიათი ავტომობილი არ არის, მაგრამ დაბალი გარბენის მქონე GN-ი 100 000$-ზე მეტადაც შეფასებულა. სრულად ახალ ეგზემპლარს კი უფრო მეტი მსურველი გამოუჩნდება.

როგორ ფიქრობთ, რა თანხას გადაიხდის მსურველი მის სანაცვლოდ? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

გაზიარება: