ამჯერად იმ პერიოდის ავტომობილებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც საქართველოში საბჭოთა ერთფეროვანი და მოსაწყენი ავტომობილების ჩანაცვლება დაიწყეს. დამოუკიდებელმა საქართველომ თავისთავად ევროპისკენ მისწრაფება წარმოშვა და ეს ჩვენ ავტოპარკსაც შეეხო. ევროპის კონტინენტი ბევრი ქვეყნისგან შედგება, მათგან არაერთი დიდი ავტომწარმოებელია, თუმცა გერმანია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში ძველი დროიდან დღემდე უაღრესად დადებითი და სრულყოფილი იმიჯით სარგებლობს. ეს ფაქტი ჩვენს საავტომობილო ბაზარსაც არ გამორჩა და 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველომ ძირითადად გერმანული ავტომობილებით შევსება აქტიურად დაიწყო. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ გერმანულ საავტომობილო ბრენდებს, რომლებზეც 90-იანი წლების საქართველოში დიდი მოთხოვნა იყო. მოცემულ სტატიაში რაიმე განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით ადგილების მინიჭება და გამარჯვებული არ იქნება, ეს ის ნუსხაა, რომელშიც ყველა გამარჯვებულია.
OPEL OMEGA (A)
აღნიშნული მოდელი დღემდე კომფორტული და გამძლე მანქანის სახელს ატარებს. ეს ყველაფერი კი დრომ წარმოაჩინა. იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში გერმანული ავტომობილების ჩამოყვანით იყვნენ დაკავებულები, ერთი სასაცილო ლეგენდა ყოველთვის ჰქონდათ მოსაყოლი: „გერმანიაში ყველაზე ცუდ მამად ის ითვლება, ვინც გარდაცვალების შემდეგ შვილს „ოპელს“ დაუტოვებსო“. მიუხედავად ამისა, „ომეგაზე“ მაინც დიდი მოთხოვნა იყო. ეს კონკრეტული მოდელი ფასთან შედარებით საკმაოდ კომფორტული იყო, მარტივი კონსტრუქციის მქონე და ადვილი შესანახი იყო. ძრავების არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანი ჰქონდა. ყველაზე სუსტი და დაბალი ძრავიდან, 1.8 ლიტრიდან დაწყებული ლეგენდარული და მძლავრი 3.0 ლიტრის მქონდე ძრავით დამთავრებული მოდელები ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თუ სხვადასხვა მხარეში ძალზედ ხშირად გვხდებოდა. იყო დრო, როდესაც „ოპელის“ ეს კონკრეტული მოდელი საქართველოში სხვა კრიტერიუმებთან ერთად ფუფუნების საგანიც იყო.
MERCEDES BENZ 190E
„მერსედესის“ ეს მოდელი კომპაქტური, კომფორტული, შედარებით ეკონომიური და საშუალო ფენაზე გათვლილი ავტომობილი იყო. იმდენად გაამართლა ამ მოდელმა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი გაყიდული „მერსედესის“ მოდელის სტატუსი მიიღო, მაგრამ ამ ფაქტმა ქართველი გადამყიდველების ჩაგვრისგან მაინც ვერ იხსნა. „ეს მოდელი არის მერსედესის შეცდომა“, ასე ახასიათებდნენ ამ ლეგენდარულ მოდელს, ალბათ იმიტომ, რომ W124-ისა და W140-ის ფონზე რატომღაც არასერიოზულად აღიქვამდენ, თუმცა ეს დიდი შეცდომაა და დრომ აქაც თავისი სათქმელი თქვა. 190 ყველა ასპექტში წარმატებული იყო, ავტოსპორტში მასზე ლეგენდები დადის. აგრეთვე არაერთი გამძლეობის ტესტის რეკორდის მფლობელია და დღემდე შევხდებით თბილისის ქუჩებში კარგად შენახულ მოდელს, რომელიც კარგი მეპატრონის ხელში კიდევ დიდხანს იცოცხლებს.
BMW (E30)
ყურადღება! ფრთხილად! საშიშია!-ამ ბრენდის სახელის მოსმენისას იმ დროს ყველას ეს გამაფრთხილებელი შეძახილები ელანდებოდა. საგა იმის შესახებ, თუ როგორ იქნევს „ბეენვე“ უკანა მხარეს მოსმენილი ერთხელ მაინც ყველას გექნებათ. 90-იანების ქართველმა ავტომოყვარულებმა ამ მოდელს ეს იარლიყი ყველაზე მეტად შეუსაბამეს. ყველასთვის ცნობილია, რომ საშიში მეტ ინტერესს იწვევს, ამიტომ ვისაც იმ დროს ავტომობილები და სისწრაფე უყვარდა, ყველა ამ მოდელს ყიდულობდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ამან გამოიწვია ბევრი მძიმე თუ მსუბუქი ავარია და ალბათ ეს გახდა მიზეზი, თუ რატომაც დაიმსახურა ზემოხსენებული ნეგატიური სტატუსი. ამ ყველაფერს მისი მეტსახელიც უწყობდა ხელს: „ხულიგანკა“- დღემდე ასე ეძახიან. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად იყო. 78-ცხენისძალიანი ვაზ 2106-ის მერე ნამდვილი მონსტრი იყო. ნელი „ჟიგულების“ ფონზე, შედარებით ჩქარი მანქანით გამოუცდელი მძღოლი ბლოკირებული ხიდის მქონე 325-ით ხშირად სავალალოდ ამთავრებდა, თორემ თუ მოსახვევში ზედმეტად დააწვებით აქსელერატორს ან გადამეტებული სიჩქარით მოუხვევთ, „მერსედესით“ და სხვა ბრენდის ავტომობილითაც დაახლოებით ერთი და იგივე მოხდება! უბრალოდ იმ დროს სისწრაფის მოყვარული ახალგაზრდა იშვიათად ყიდულობდა სხვა ბრენდის მოდელს.
OPEL VECTRA (A)
უმარტივესი და უპრეტენზიო მანქანაა. ეკონომიურია, გამძლეა და ავტომობილისთვის დაკისრებულ ძირითად მოვალეობებს კარგად ასრულებს, უბრალოდ ფუფუნების საგანი ვერასდროს გახდება, სულ რომ 100 წელი გავიდეს მისი სტატუსი რაც დასაწყისში იყო იგივე დარჩება. ზოგ ავტომობილს ეს ხვედრი აქვს. საქართველოში 90-იანი წლების „პრიუსად“ ალბათ ყველაზე მეტად ეს მოდელი წარმოგვიდგება. სტატიის დასაწყისში „ომეგაზე“ კურიოზი რომ გავიხსენეთ, იმავეს ხუმრობდნენ „ვექტრაზეც“. ეს მანქანა იმდენად ხალისს მოკლებულია, რომ განსხვავებული გასახსენებელი არაფერი დაგვიტოვა, გარდა იმისა რომ ყოველდღიურობაში ტერმინი „ჟანგიანი ვექტრა“ დღესაც საკმაოდ აქტუალურია. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ავტომობილი მხოლოდ გადაადგილებისთვის იყო აუცილებელი, კარგად ერგებოდა ექსპლუატაციაში. მას არანაირი სიამოვნება არ გააჩნია. დღემდე ბევრი შემორჩა ჩვენს ქვეყანას, რაც მის საიმედოობაზე აშკარად მეტყველებს.
VOLKSWAGEN GOLF (mk2)
მრავალი წლის განმავლობაში ე.წ. „გოლფ“ კლასი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილებისგან შედგებოდა. ეს ამ კლასის წარმომადგენლების ღირებულებამ და ეკონომიურობამ განაპირობა. სახელწოდება ამ კლასის დამფუძნებლის საპატივსაცემოდ დაერქვა. Volkswagen Golf-ავტომობილი, რომელმაც მსოფლიო ავტომშენებლობაში სრულიად ახალი და დღემდე პოპულარული კლასი შექმნა. ამ კრიტერიუმების გამო, ჩვენს ქვეყანაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. მიზეზი მარტივია, მანქანამ, რომელმაც ცალკეული კლასი შექმნა მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვებისთვის. სხვა ბრენდებმაც გაუწიეს კონკურენცია, თუმცა „გოლფ“ კლასის ეტალონად მაინც ეს მოდელი ითლებოდა. ამ ავტომობილს ზედმეტი არაფერი არ გააჩნდა, რა ზედმეტობაზეა ლაპარაკი, როდესაც საჭის გამაძლიერებლის და წინა შუშების ელექტრო ამწევი მექანიზმის გამო მფლობელები თავს კმაყოფილად გრძნობდნენ, იმიტომ, რომ ეს ოფციები მაშინ ბევრ „გოლფს“ არ ჰქონდა. 90-იანი წლების საქართველოში Golf 2-მა პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და ბევრ ჩვენგანს დიდხანს ემსახურა.
OPEL ASTRA (F)
ესეთ ავტომობილებზე ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, თავისი სტატუსით ძალიან ჰგავს მის ახლო ნათესავს „ოპელ ვექტრას“. Astra-ც მხოლოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილებაში თუ გამოგადგებათ. საბჭოთა უსახური ავტომობილების ფონზე 90-იან წლებში გარკვეული სიმაღლე მაინც ეჭირა, მაგრამ დროთა განმავლობაში „ასტრა“ გახდა ის მოდელი, რომელმაც რუსული „ლადა“ ჩაანაცვლა.
MERCEDES BENZ E CLASS (W124)
ამ ავტომობილის „უნამუსობას“ საზღვარი აღარ აქვს, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით! 80-იანი წლების მოდელია, “გედეერიდან“ დაწყებული დღემდე ყველა ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი. გაზის ბალონები, ტაქსაობა საქართველოს პირობებში ათწლეულების განმავლობაში, ცუდი ხარისხის საწვავი, მანქანაზე დიდი ორმოები ბევრ ცენტრალურ გამზირზე, მაგრამ დღესაც არაერთი შეგვხდება 500 000 კმ გარბენის მიღმა, რომლებიც საკმაოდ კარგად დადიან და ბევრ თანამედროვე შესაბამისი კლასის წარმომადგენელს ტოლს არაფერში დაუდებენ. უამრავი კომპლექტაცია არსებობს, კომიკური 2.0 დიზელის 75 ცხენისძალიანით დაწყებული და 5.0 მოცულობის 326-ცხენისძალიანით დამთავრებული. ამ მოდელის გამძლეობის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. ვისაც ჰყოლია ერთხელ მაინც მან უკეთ იცის. დღეს ესეთ შენახულ მოდელებს გერმანიაში საავტომობილო მუზეუმებში თუ ნახავთ, ხოლო საქართველოში შეიძლება ბევრი თქვენგანის მეზობლად ხანში შესულ ადამიანსაც კი ჰყავდეს ყოველდღიური მოხმარებისთვის.
BMW (E34)
ბნელით მოცულ 90-იანებში „რაზბორკაზე“ შავი ფერის ამ მოდელით თუ მიხვიდოდით პირველი შეტაკება უკვე მოგებული გქონდათ. სინამდვილეში კი უაღრესად საიმედო, კომფორტული და ამავე დროს საკმაოდ მოქნილი ავტომობილია. უამრავ ავტომოყვარულში ეს მოდელი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს. „ყველაზე მაგარი მეხუთე სერიაა“- მასზე საუბრისას გამუდმებით გავიგებთ. საქართველოში ყველაზე გავრცელებული 6 ცილინდრიანი 520 და 525 იყო. ყველა ასაკის თუ სტატუსის მქონე ადამიანი ფლობდა, ალბათ იმიტომ, რომ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ამ მოდელის პიკი ლეგენდარული M5-ია, მაგრამ მისი ფასიდან გამომდინარე რომელიც სულ მცირედით ჩამორჩებოდა დედაქალაქის მაშინდელ ბიუჯეტს რამდენიმე თუ შეგხვდებოდა თბილისის ქუჩებში. M5-ის მიუწვდომლობას 8-ცილინდრიანი 540 აკომპენსირებდა. როგორც ზევით აღვნიშნე, მიუხედავად დიდი წონისა, საკმაოდ მოქნილი ავტომობილი იყო, სწორედ ამ უნარში „ბეემვეს“ იდეოლოგია კარგად ჩანდა.