რა არის და როგორ მუშაობს Android Auto?
ჩვენს სტატიებში ავტომობილის აღჭურვილობის ჩამოთვლისას Android Auto არაერთხელ გვიხსენებია, მაგრამ რა არის ის და რატომ არის კარგი მისი ქონა? თანამედროვე სამყაროში ავტომობილს ბევრი ახალი ფუნქცია აქვს. ზოგს უკვე დაავიწყდა კიდეც, როგორი იყო ავტომობილის მართვა ამ ფუნქციების გარეშე. ასე არიან მძღოლებიც, რომლებიც Android Auto ფუნქციით ხშირად სარგებლობენ. მოდით, უკეთესად გავიცნოთ ეს ფუნქცია.
რა არის Android Auto?
Android Auto ავტომობილის სენსორული ეკრანის მობილურ ტელეფონთან დაკავშირების საშუალებაა. დაკავშირების შემდეგ მობილურში არსებული აპლიკაციები ავტომობილის სენსორულ ეკრანზე დიდი ხატულებით გამოჩნდება. ხატულებზე დაჭერით აპლიკაციები აქტიურდება. ტელეფონის Android Auto აპლიკაციიდან შეიძლება იმ პროგრამების შერჩევა, რომელიც ავტომობილის ეკრანზე გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ყველა არ აქტიურდება, მაგრამ საკმაოდ ბევრი აპლიკაციით შეძლებთ სარგებლობას. მათ შორის, Google Maps-ით, Spotify-ით, WhatsApp-ით და ა.შ.
ამ აპლიკაციების გააქტიურება ხმით, Google Assistant-ის დახმარებით შეიძლება. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია ზარების განსახორციელებლად და შეტყობინებების გასაგზავნად.
როგორ მუშაობს Android Auto?
რა თქმა უნდა, Android Auto იმ მობილურზე მუშაობს, რომელსაც Android სისტემა აქვს. საჭიროა Android 6.0 ან უფრო ახალი სისტემა, ავტომობილი, რომელსაც Android Auto აქვს და USB პორტი. USB საჭირო არ არის, თუ ავტომობილს უსადენო Android Auto-ს ფუნქცია აქვს.
იმ სმარტფონებში, რომლებსაც Android 10 ან უფრო ახალი სისტემა აქვთ, აპლიკაციის გადმოწერა აღარაა საჭირო. უბრალოდ შეაერთეთ USB კაბელით. პირველად ტელეფონსა და ავტომობილის სენსორულ ეკრანზე კოდის შედარებას მოგთხოვთ. შემდგომში სარგებლობისთვის ეს ნაბიჯი აღარ დაგჭირდებათ. თუ ტელეფონის Android Auto-ს აპლიკაციაში გაააქტიურებთ ფუნქციას "start Android Auto automatically", აპლიკაცია USB კაბელით დაკავშირებისას ავტომატურად გააქტიურდება.
როგორ გამოვიყენოთ Google Assistant?
Google Assistant-ი Android Auto-სთვის იგივეა, რაც Apple-ს პროდუქციისთვის Siri. მისი ხმით გააქტიურება მართვისას შესაძლებელია. მის გასააქტიურებლად უნდა ვთქვათ, "Hey, Google," ხელი დავაჭიროთ საჭეზე ხმის ღილაკს ან სენსორულ ეკრანზე მიკროფონის ხატულას და შემდეგ ვთხოვოთ მუსიკის ჩართვა, ან საყვარელი რესტორნისკენ გზის ჩვენება, ვკითხოთ რა დღეა, ან როგორი ამინდია.
შესაძლებელია Android Auto-თი შეტყობინების გაგზავნა?
ხმოვანი ბრძანებით ტექსტური შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია. უთხარით Google Assistant-ს გაუგზავნოს ხმოვანი შეტყობინება ვინმეს თქვენი კონტაქტების სიიდან. თუ მართვისას შეტყობინებას მიიღებთ, ის სენსორულ ეკრანზე გამოჩნდება. Google-ს თქვენთვის მისი წაკითხვა შეუძლია და შეგიძლიათ ისევ ხმით უპასუხოთ.
რა დადებითი მხარეები აქვს Android Auto-ს?
ამ ფუნქციის არსებობის მთავარი მიზანი ისაა, რომ მძღოლები მართვისას ტელეფონში აღარ იყურებოდნენ. Google Assistant-ის საშუალებით მძღოლებს შეუძლიათ იყვნენ კონტაქტზე ისე, რომ გზას თვალი არ მოაშორონ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყურადღება შეიძლება ამ პროგრამამაც გადაგვატანინოს და გზაზე მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა დავრჩეთ.
Android Auto კარგი მულტიმედია სისტემაა. ავტომობილებს თავისი ნავიგაციის სისტემაც აქვს, თუმცა, მობილურის აპლიკაციით სარგებლობა უფრო მოსახერხებელია ხოლმე. ასევე, საკუთარი „ფლეილისთის“ ტელეფონიდან მოსმენა უფრო მარტივი და მოსახერხებელია.