ესპანელი სამურაი: ფერნანდო ალონსოს ისტორია
Aa Aa

ესპანელი სამურაი: ფერნანდო ალონსოს ისტორია

„მართალია, 5 ან 7 ქულით მეტი რომ მომეგროვებინა, შესაძლოა 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ვყოფილიყავი. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ვერც ერთი ტიტული მომეგო, პოდიუმზე ვერ ავსულიყავი, რადგან ფორმულა 1 ძალიან კონკურენტული სპორტია. ამიტომ, მე მხოლოდ პოზიტივს ვიღებ და ბედნიერი ვარ ჩემი მიღწევებით“, - ეს სიტყვები ფორმულა 1-ში 2-გზის მსოფლიო ჩემპიონს, ფერნანდო ალონსოს ეკუთვნის.

ალონსო ბევრი ადამიანისთვის საყვარელი პილოტი და უბრალოდ ლეგენდაა. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავი ავტოსპორტის ბევრ დისციპლინაში სცადა, თუმცა ყველაზე მეტად თავი ფორმულა 1-ში ხანგრძლივი კარიერით დაგვამახსოვრა. მისი დებიუტი 2001 წლის ავსტრალიის გრან პრიზე შედგა და ის დღემდე გვაოცებს.

გზა, რომელიც კარიერის განმავლობაში მან გაიარა, სულაც არ იყო მარტივი. ბევრ გამარჯვებებთან და იმედის გამაცრუებელ მარცხთან ერთად, იყო ტიტული რომელიც გამარჯვებულთან ერთი ქულის სხვაობით დათმო, თუმცა ფერნანდო ალონსო ბრძოლას ყოველთვის აგრძელებდა!

დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ მოვიდა ესპანელი პილოტის სარბოლო კარიერა ამ დღემდე.

ფერნანდო ალონსო დიასი 1981 წლის 29 ივლისს ასტურიასში დაიბადა. მისი ზედმეტსახელი El Nano-ც სწორედ აქედან მოდის. ასტურიასში ყველა ფერნანდოს მოფერებით „ნანოს" ეძახიან. მას მხოლოდ ერთი უფროსი და, ლორენა ჰყავს. მამამისი ხოსე ლუის ალონსო ქარხნის მექანიკოსი იყო, რომლის ჰობიც კარტის მართვა იყო. დედა - ანა დიასი, მაღაზიის თანამშრომელი.

მამამ გადაწყვიტა შვილებისთვის თავისი ჰობი გაეზიარებინა და კარტი ააწყო, რომელიც ფორმულა 1-ს მინიატურულ მოდელს ჰგავდა. თუმცა, თუმცა, ფერნანდოს უფროსი და, ლორენა ამით არ დაინტერესდა და ასე აღმოჩნდა სამი წლის ნანდო თავის პირველ „სარბოლო ავტომობილში“. 5 წლის ასაკში, მან კარტის მართვის ოფიციალური უფლება მიიღო. როგორც ამბობენ, ესპანელი ყველა სპორტში კარგი იყო, თუმცა, მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნანდო ავტოსპორტზე კონცენტრირებულიყო.

საფეხბურთო კლუბმა RC Celta de Vigo-მ ნანდოს მეკარის პოზიცია შესთავაზა, თუმცა, უფროსი ალონსოს გადაწყვეტილებით ფერნანდოს უარის თქმა მოუწია.

უკვე 7 წლის ასაკში ფერნანდომ კარტებით პირველ რბოლაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. 10 წლის ასაკში უკვე რამდენიმე ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული.

ალონსოების ოჯახი იმ დროის საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახთა შორის იყო, ნანდოს კარიერის განვითარებას კი უფრო და უფრო მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა.

ალონსო ესპანურად „ბრძოლისთვის მზადს“ ნიშნავს. ნანდომ კარგად იცოდა, რომ მისი ოჯახი კარიერის დაფინანსებას ვერ შეძლებდა და ის ბრძოლისთვის მზად იყო. რბოლებში გამარჯვებით სპონსორები უნდა მოეზიდა და ასეც ამისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა. ყველა ჩემპიონატში ის ყველაზე ახალგაზრდა და საუკეთესო პილოტი იყო.

„ცხოვრებაში ყველაფერი გამარჯვებაა, როცა მეგობართან ერთად მაღაზიაში მივდივარ, კარებში შესვლას პირველი მე ვცდილობ. ასეთი რამეები - ყველაფერი ცხოვრებაში ჩემთვის შეჯიბრია“. - ამბობს ალონსო.

2000 წელს მან International formula 3000 ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და მეოთხე ადგილი დაიკავა. 2001 წელს კი ფორმულა 1-ში მისი დებიუტი შედგა. ის Minardi-ს გუნდის პილოტი იყო. 2002 წელს კი „რენოს“ სატესტო პილოტად აიყვანეს.

ეს იყო ერა, როცა Ferrari და მიხაელ შუმახერი დაუმარცხებლები იყვნენ. თუმცა, ესპანელმა სამურაიმ თავის გამოჩენა მაინც შეძლო.

„მე არ მინდა, რომ უბრალოდ კარგი პილოტი ვიყო. მე მინდა ვიყო სრულყოფილი და მსოფლიოში საუკეთესო პილოტი“, - ამბობდა ის.

მისი მართვის სტილი, მოსახვევებში აგრესიული შესვლა და მაღალი რისკი ყველას არ მოსწონდა, თუმცა, ამ სტილმა მას გამარჯვება ორჯერ, 2005 და 2006 წლებში მოუტანა. ის ავტოსპორტის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, რომელმაც ტიტული მოიგო და ეს შემდეგ წელსაც გაიმეორა. ახლა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს სებასტიან ფეტელი ატარებს.

მისი კარიერა მაკლარენის, ფერარის და მერსედესის გუნდებსაც უკავშირდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან დღემდე ტიტული აღარ მოუგია, მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ლეგენდარულ პილოტად მიიჩნევა.

2005 წელს საბურავებთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა „ფერარის“ დომინაცია დაასრულა.

Renault-ი თავისი R25-ით დომინირებისთვის მზად იყო. ამას ფერნანდო ალონსოს საოცარი ნიჭიც ემატებოდა. მან თავისი მართვის უნარები ბოლიდს იდეალურად მოარგო. მელბურნში გამარჯვება ფიზიკელამ მოიპოვა, თუმცა დანარჩენი სეზონის განმავლობაში ალონსომ პირველობა არვის დაუთმო. 7 რბოლაში გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა. ტიტულისთვის მისი მთავარი კონკურენტი კიმი რაიკონენი და McLaren-ი იყვნენ. თუმცა, Renault-ი ყველასთვის მოულოდნელად უფრო სტაბილური აღმოჩნდა. ამ ყველაფერს კიმი რაიკონენის შეცდომები დაემატა, რაც ყინულის კაცს ტიტულის დაკარგვად დაუჯდა.

2006 წლისთვის ალონსოსთვის მთავარ საფრთხეს ისევ ფერარი და შუმახერი წარმოადგენდა. ყველასთვის გასაკვირად, ალონსომ 2005 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ 2007 წელს „მაკლარენში“ გადავიდოდა.

2006 წლის სეზონი ისე დაიწყო, რომ ალონსომ იცოდა, ეს გუნდში მისი ბოლო სეზონი იყო. სეზონის დასაწყისი ალონსოსთვის წარმატებული გამოდგა, თუმცა, შუა სეზონში შუმახერმა და Ferrari-მ კლანჭები გამოაჩინეს. ახალი აეროდინამიკული პაკეტით და Bridgestone-ის საბურავებით გერმანელი კვლავ ძალიან სწრაფი იყო.

9 რბოლის შემდეგ შესაძლო 90-დან, ალონსოს 84 ქულა ჰქონდა. მონცაზე კვალიფიკაციაზე მან უცნაური ჯარიმა მიიღო. სტიუარდების აზრით, ფერნანდომ თითქოს სპეციალურად შეაყოვნა შუმახერის გუნდელი ფელიპე მასა. გაბრაზებულმა ალონსომ, კვირა დღეს რბოლის წინ თქვა, რომ „ფორმულა 1-ს სპორტად აღარ მიიჩნევდა“.

იმ რბოლაში შუმახერმა გაიმარჯვა. ალონსოს კი ძრავამ უმტყუნა და ფინიშის ხაზის გადაკვეთა ვერ შეძლო.

იაპონიაში ბოლო რბოლაში Ferrari-ს დიდი უპირატესობა ჰქონდა. ალონსოს წინ ორი ფერარი და ორი „ტოიოტა“ იდგა. ალონსომ ორივე „ტოიოტა“ რბოლის დასაწყისშივე ჩამოიტოვა და მთავარ კონკურენტს მიუახლოვდა. იმ სეზონში ალონსოს იმედი ბოლიდმა ორჯერ გაუცრუა. ახლა შუმახერის ჯერი იყო და ასეც მოხდა. ალონსომ ჩაუარა გაჩერებულ Ferrari-ს, რომელსაც ძრავიდან თეთრი ბოლი ამოსდიოდა, რამაც ფერნანდო ალონსოს ტიტულის შესახებ გვაუწყა. ასე მოიპოვა ალონსომ მეორე ტიტული და მეორედვე შევიდა ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი.

2007 წელს ალონსო მაკლარენში გადავიდა. თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობას მის მიმართ თავიდანვე ეჭვები ჰქონდა. მისი აგრესიული სტილი ყველასთვის მისაღები არ იყო. მიუხედავად ამისა, ნანდო მესამე ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო. ის ტიტულისთვის ბრძოლაში კიმი რაიკონენს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.

სეზონის განმავლობაში გუნდში განხეთქილება გაჩნდა. როგორც ჩანდა, ალონსო მისი გუნდელი ლუის ჰამილტონის წარმატებით უკმაყოფილო იყო. ესპანელი მიიჩნევდა, რომ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში პრიოტიტეტი გუნდისთვის თავად უნდა ყოფილიყო. არადა ჩემპიონატში მას ჰამილტონი უგებდა. 

დაძაბულობამ პიკს უნგრეთის გრან პრიზე მიაღწია, როცა კვალიფიკაციაზე ჰამილტონმა ალონსოს გატარებაზე უარი თქვა და ბრძანებას არ დაემორჩილა. ალონსომ შური იძია და ლუისი პიტებში შეაყოვნა, რის გამოც ბრიტანელმა ბოლო წრეზე გასვლა ვეღარ მოასწრო.

სტიუარდებმა ალონსო დასაჯეს. დასაჯეს „მაკლარენიც“ იმის გამო, რომ მათ სათანადოდ ვერ განმარტეს, რა მოხდა კვალიფიკაციაზე.

McLaren-ს ბრალდებებთან გამკლავებაც უწევდა. გუნდს Ferrari-ს ბოლიდზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებაში ადანაშაულებდნენ. McLaren-ი 100 მილიონი დოლარით დააჯარიმეს და კონსტრუქტორთა თასიდან დისკვალიფიკაცია მისცეს. ალონსო და ჰამილტონი უდანაშაულოდ ცნეს. გუნდის ხელმძღვანელმა რონ დენისმა თქვა, რომ უნგრეთის გრან პრის დილას ალონსო მას დაემუქრა, რომ ჯაშუშობაში ამხელდა.  

ალონსო გუნდის მოქმედებების მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავდა, რამაც ის გუნდს კიდევ უფრო დააშორა.

ალონსომ და ჰამილტონმა კიმი რაიკონენისთვის ტიტულის გამოგლეჯა ვერ შეძლეს. სეზონის დასრულებისთანავე მაკლარენმა ალონსოზე უარი თქვა. ესპანელი „რენოში“ დაბრუნდა.

2008 წელს R28-ს ტემპი აკლდა. სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა აეროდინამიკულმა გაუმჯობესებამ ბოლიდის შესაძლებლობები გაზარდა. თუმცა, გუნდის წევრები ფიქრობდნენ, რომ მოსაგებად მეტი იყო საჭირო. სინგაპურის გრან პრიზე ნელსონ პიკე უმცროსს გუნდმა ბოლიდის დამტვრევა უბრძანა იმისთვის, რომ ალონსოს რბოლა მოეგო. გეგმამ იმუშავა. მთელი გეგმა ფლავიო ბრიატორეს და გუნდის მთავარი ინჟინრის პეტ საიმონდსის შემუშავებული იყო. შემდეგ რბოლაში ნანდომ უკვე დამსახურებულად გაიმარჯვა. საბოლოოდ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა. 

2009 წელს R29 კიდევ უფრო განიცდიდა ტემპის ნაკლებობას, ვიდრე მისი წინამორბედი. 2009 წელს ბრიატორეს და საიმონდს ფორმულა 1-დან წასვლა მოუწიათ, როცა წინა წლის შეთქმულება გამოაშკარავდა. FIA-მ მათ სიცოცხლის ბოლომდე ფორმულა 1-ში ნებისმიერ თანამდებობაზე ყოფნა აუკრძალა. ასევე დაადგინა, რომ ამ შეთქმულებაზე ესპანელი პილოტი ინფორმაციას არ ფლობდა. სინგაპურის გრან პრის შემდეგ კომენტატორმა მარტინ ბრანდლმა ალონსოს ზედმეტსახელად Teflonso უწოდა. Teflon-ი არის სავაჭრო სახელი პოლიტეტრაფთოროეთილენის, რომელსაც იზოლაციის კარგი უნარი აქვს და მას ყველაზე ხშირად სამზარეულოს აღჭურვილობაში გამოიყენებენ. ამ სიტყვას ასევე გამოიყენებენ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მუდმივად რაღაც დანაშაულებში არის გახვეული, მაგრამ პირადად მას არასდროს ადანაშაულებენ. 

2010 წელს კი სკანდალები დასრულდა და დიდი ხნის ჭორები დადასტურდა. ალონსო Ferrari-ს გუნდში გადავიდა. იქ მისი გუნდელი ბრაზილიელი ფელიპე მასა უნდა ყოფილიყო.

„ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და ვიცი, რომ Ferrari-სთან ერთად გამარჯვება კიდევ უფრო ღირებული იქნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან ერთად“. - ამბობდა ალონსო.

Ferrari-ს გუნდში მას საუკეთესო დასაწყისი ჰქონდა. ბაჰრეინში, იტალიური საჯინიბოს გუნდის ბოლიდის საჭესთან მის პირველ რბოლაში ალონსომ გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, ჯარიმებმა, შეცდომებმა, ბოლიდის არასტაბილურობამ და მონაკოს გრან პრის ვარჯიშზე ავარიამ მას ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალა.

სეზონის მეორე ნაწილში გუნდი უფრო ძლიერი დაბრუნდა. ალონსომ გერმანიაში საკამათო გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდისგან ბრძანებები FIA-ს მიერ იყო აკრძალული, მასას ალონსოს გატარება უბრძანეს. ესპანელმა იტალიის, სინგაპურის და კორეის გრან პრიც მოიგო. ბოლო რბოლის წინ კი სატურნირო ცხრილში ლიდერობდა.

აბუ დაბის გრან პრიზე გუნდმა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და ალონსოს ჩემპიონის მესამე ტიტული ფაქტობრივად ხელიდან გამოგლიჯა.

ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ, მოვლენები უარესად განვითარდა. 2011 წელს ალონსომ მხოლოდ სილვერსტოუნზე შეძლო გამარჯვება. ესპანელი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა. პოდიუმზე 10-ჯერ იდგა, მაშინ, როცა მისი გუნდელი მასას საუკეთესო პოზიცია სეზონში მეოთხე ადგილი იყო.

მას ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. სებასტიან ფეტელმა კი მისი რეკორდი გააუმჯობესა. გერმანელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ ზედიზედ მოიგო. 

6 წლის განმავლობაში მესამედ, ალონსო კიდევ ერთი ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო. მან მალაიზიის წვიმიანი გრან პრი მოიგო. ვალენსიასა და ჰოკენჰაიმში გამარჯვების შემდეგ, ესპანელი ჩემპიონატში ლიდერობდა. ბელგიასა და იაპონიაში წარუმატებლობის შემდეგ, მან ტიტული ფეტელთან კიდევ ერთხელ დათმო.

2013 წლის სეზონი იმედისმომცემად დაიწყო. ალონსომ ჯერ ავსტრალიის, შემდეგ ჩინეთის და ესპანეთის გრან პრი მოიგო. საზაფხულო შესვენების დაწყებამდე Ferrari-ს უკვე ტრადიციული პრობლემები დაეწყო. განახლებების შემდეგ ბოლიდი კარგ შედეგებს ვერ აჩვენებდა.

თუმცა, ესპანელმა ამ სეზონშიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და მეორე ადგილი დაიკავა.

2014 წლამდე ალონსოს Ferrari-ში ყოფნისას 2 ტიტული ცხვირწინ ააცალეს. თუმცა, 2014 წელი უფრო მწარე აღმოჩნდა. მისი ბოლიდი საერთოდ კონკურენტუნარიანიც აღარ იყო. სეზონის დასაწყისშივე ჩანდა, რომ Ferrari-მ ახალ V6 ჰიბრიდულ ერას ფეხი ვერ აუწყო. ბაჰრეინის გრან პრის შემდეგ სკუდერიადან გუნდის ხელმძღვანელი სტეფანო დომენიკალი წავიდა და მას უკან გუნდის სხვა წევრებიც მიჰყვნენ.

საბოლოოდ, გუნდი ალონსომაც დატოვა. ესპანელი უკეთეს შედეგებს აჩვენებდა, ვიდრე მისი ახალი გუნდელი კიმი რაიკონენი. თუმცა, პოდიუმზე ასვლა მხოლოდ ორჯერ. ჩინეთსა და უნგრეთში შეძლო.

ახალი გუნდის ძებნაში, ალონსომ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ის McLaren-ის გუნდში დაბრუნდა. იქ, საიდანაც 7 წლის წინ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო წამოვიდა. McLaren-ის გუნდს ჰონდას ძრავით ჩემპიონატში ახალი დომინანტი - Mercedes-ის გუნდი უნდა დაემარცხებინა.

თუმცა, პრობლემებმა თავი ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე იჩინა. ტესტირებებში დაუდგენელი მიზეზით ალონსო კატალუნიის ტრასაზე ავარიაში მოყვა. ტვინის შერყევის გამო, ალონსოს სეზონის პირველი რბოლის გამოტოვება მოუწია.  ის მალაიზიის გრან პრიზე დაბრუნდა. მას 9 რბოლა დასჭირდა იმისთვის, რომ ქულების ზონაში მოხვედრილიყო.

HONDA-ს ძრავა კონკურენტუნარიანი არ გამოდგა. ალონსო უკმაყოფილებას არ მალავდა. იაპონიის გრან პრიზე, ჰონდას საშინაო რბოლაში მან რადიოში არაერთხელ დაიჩივლა, რომ ძრავა Gp2-ის დონის იყო.

McLaren-ისა და ალონსოს 2015 წლის სეზონის წარუმატებლობას ყველაზე კარგად აღწერს ფოტო, რომელიც ბრაზილიაში, ინტერლაგოსის ტრეკზეა გადაღებული. მას შემდეგ, რაც ბრაზილიის გრან პრის კვალიფიკაციაზე „მაკლარენის“ ბოლიდი კიდევ ერთხელ გაფუჭდა, ესპანელი პილოტი გასაშლელ სკამზე ზის და მზეს ეფიცხება.

წარმატებული არც 2016 წელი ყოფილა. მელბურნში ავარიის შემდეგ, მას ბაჰრეინის გრან პრის გამოტოვება მოუწია. მისი დაბრუნების შემდეგ ბოლიდის შესაძლებლობები თითქოს გაუმჯობესდა. მონაკოში მან მეხუთე ადგილი დაიკავა.

გარდა ამისა, ალონსო ფორმულა 1-ის მომავალზეც ღელავდა. მისი აზრით, ეს სპორტი არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. McLaren-თან მესამე წელსაც გააფორმა კონტრაქტი. თუმცა, თქვა, რომ მოღვაწეობას ავტოსპორტის სხვა სახეობაში გააგრძელებდა, თუ ფორმულა 1 ისევ საწვავისა და საბურავების შენახვაზე იქნებოდა ორიენტირებული და არა სრულყოფილ მართვადობაზე.

2017 წლის დასაწყისში იმედები მალევე გაქრა. სეზონის დასრულებამდე McLaren-მა განაცხადა, რომ მათი და ჰონდას გზები გაიყრებოდა.

ალონსომ ფინიშის ხაზის გადაკვეთა მხოლოდ სეზონის მეხუთე რბოლაში შეძლო. მან ავტოსპორტის სხვა სახეობაში წასვლა გადაწყვიტა. მან ანდრეტის გუნდის სახელით ინდიანაპოლის 500-ში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ის 27 წრის განმავლობაში ლიდერობდა, სანამ ისევ Honda-ს ძრავამ ამ უმტყუნა. რბოლაში მისმა გუნდელმა ტაკუმა სატომ გაიმარჯვა.

ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, მან უნგრეთში მეექვსე ადგილი დაიკავა. ბოლო სამ რბოლაში კი ქულების ზონაში აღმოჩნდა.

3-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, McLaren-მა ძრავებით მომმარაგებელი შეცვალა. Renault-ის აგრეგატზე გადასვლის შემდეგ, ერთი რამ ცხადი გახდა: Honda მათი ერთადერთი პრობლემა არ იყო.  

ავსტრალიის გრან პრიზე ალონსომ მეხუთე ადგილი დაიკავა. თუმცა, სეზონი გრძელდებოდა და ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა. ბოლიდის მართვადობა სულ უფრო უარესდებოდა.

ამ ყველაფრის ფონზე, ალონსო ავტოსპორტის სხვა სახეობებში მონაწილეობას აგრძელებდა. მასზე მეტი ტიტულის მოგება ფორმულა 1-ში 10-მა პილოტმა შეძლო. თუმცა, ის ერთ-ერთი იმ ხუთი პილოტიდან, რომლებმაც ლე მანის 24 საათის მოგებაც შეძლეს. მან Toyota-ს გუნდის სახელით გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ლე მანზე მან გუნდელებთან სებასტიან ბუემისა და კაზუკი ნაკაჯიმასთან ერთად გამარჯვება მოიპოვა.

ამასობაში, ალონსო ამტკიცებდა, რომ ფორმულა 1 მარტივად პროგნოზირებადი გახდა:

„ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტები არიან, მაგალითად, გერმანია, ესპანეთი ან ბრაზილია, თუმცა, გარანტია არ გაქვს, რომ რომელიმე მათგანი მოიგებს. თუმცა, აქ მარტივად პროგნოზირებადია, რომ ან Mercedes-ი მოიგებს, ან Ferrari და ეს ძალიან სამწუხაროა”, - თქვა მან თავისი მესამასე გრან პრის წინ.

ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ, ალონსომ ლე მანზე გამარჯვება ისევ გაიმეორა. თუმცა, სამარცხვინო მარცხი იწვნია „მაკლარენის” გუნდთან ერთად, როცა შეჯიბრებას კვალიფიკაციიდანვე გამოეთიშა.

ბედი დაკარ რალიშიც სცადა, თუმცა, თავი მხოლოდ საშიში ავარიით დაგვამახსოვრა. მეათე ეტაპზე მისი Toyota Hilux-ი ორჯერ გადაბრუნდა. საბედნიეროდ, ალონსო არ დაშავებულა, მაგრამ ამ ავარიის გამო 68 წუთი დაკარგა.

დაკარ რალიში მონაწილეობისა და ინდიანაპოლისში კიდევ ერთი გამოჩენის შემდეგ, ესპანელმა პილოტმა ფორმულა 1-ში დაბრუნება გადაწყვიტა.

2020 წელს ხელი Renault-ის გუნდში დაბრუნებას მოაწერა. გუნდმა მისი სუბ-ბრენდის - ალპინის სახელწოდება მიიღო. გულშემატკივრები აღტაცებულები შეხვდნენ ამ სიახლეს, ძველი, წარმატებული თანამშრომლობა ახალ ერაშიც გაგრძელდა.

მზადებები ველოსიპედით სიარულისას მიღებულმა ტრავმამ შეაფერხა. ფერნანდო ალონსოს შვეიცარიაში, ლუგანოში ველოსიპედით სიარულისას ავტომობილი დაეჯახა.

შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი „რენოსთვის“ შედარებით წარმატებული გამოდგა. უნგრეთში ალონსო დროებით რბოლის ლიდერი იყო. ჰამილტონის წინააღმდეგ კარგი დაცვა მის გუნდელ ესტებან ოკონს, გამარჯვებაში დაეხმარა. ნიდერლანდებსა და რუსეთში ესპანელმა მეექვსე ადგილი დაიკავა, იტალიაში კი მერვე. კატარში ალონსო პოდიუმზე ავიდა. საბოლოოდ, გუნდმა 40 წლის პილოტს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.

„ყოველი დღე, ყოველი წელი და ყოველი სეზონი ახალი დასაწყისია და შენ კიდევ წარმატების შიმშილი გკლავს. ყველაფრის უკეთესად და უკეთესად გაკეთება გინდა“, -  ამბობს ფერნანდო ალონსო და 40 წლის ასაკშიც არ წყვეტს ჩვენს გაოცებასა და აღფრთოვანებას. მას მხოლოდ 11 ქულა დააკლდა იმისთვის, რომ 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მისი მართვის სტილი, ერთი რამ უდავოა. ესპანელი სამურაი ნამდვილი ლეგენდაა. ერთადერთი პელეტონში, ვისაც მიხაელ შუმახერის დომინაციის ეპოქაში მოუწია, რბოლა და მას ტოლი არ დაუდო. კიმი რაიკონენის წასვლის შემდეგ, ერთადერთი ძველი სკოლის პილოტი,  ძველი თაობის უკანასკნელი სამურაი, რომელიც ფორმულა 1-ის მოყვარულების გულში სამუდამოდ დარჩება.

გაზიარება: