იაპონური ავტომობილები, რომლებიც ამერიკული დიზაინის შთაგონებით შეიქმნა
Aa
Aa

იაპონური ავტომობილები, რომლებიც ამერიკული დიზაინის შთაგონებით შეიქმნა

ზოგჯერ კავშირები საკმაოდ მკაფიოა.

იაპონური საავტომობილო ინდუსტრიის აღზევება ავტოისტორიაში შეუდარებელი ფაქტი გახლავთ. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ქვეყანაში ევროპული და ამერიკული ავტომობილები იწყობოდა. წარმოებისთვის ძირითადად ამერიკული ტექნოლოგიები გამოიყენებოდა.

იაპონელები, მაქსიმალურად ეფექტური შედეგის მისაღწევად, მოდიფიცირებას ყველაფერს უწევდნენ. ამ პროცესში კი საავტომობილო სფერო იმდენად დაიხვეწა, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილების აწყობა დაიწყეს. ამერიკული გავლენა კი მხოლოდ საწარმოო მეთოდებზე არ იგრძნობოდა. ამერიკა იყო პროდუქტის დიზაინშიც.

ქვემოთ სწორედ იმ იაპონურ ავტომობილებზე მოგიყვებით, რომელთა დიზაინიც ამერიკული ავტოკულტურის შთაგონებით შეიქმნა.

Toyota Celica GT Liftback და Ford Mustang


1970-იან წლებში Toyota-ს სპორტული კუპეების სეგმენტში თავის დამკვიდრება სურდა. 1971 წელს კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, Celica GT-ი Ford Capri 2-litre GT-ზე, Opel Manta-სა და Morris Marina 1.8 TC Coupe-ზე სასურველი ავტომობილი იყო. დიახ, ასე მარტივად - მათ წარმატებული ავტომობილის შექმნა გადაწყვიტეს და შედეგიც სულ რაღაც ერთ წელიწადში დადეს.

მოგვიანებით ამ Celica-მ Liftback კორპუსის სახე მიიღო, რომელიც Mustang Fastback-ს ნამდვილად წააგავდა. მწვანე ფერში ის ზუსტად იმ „მუსტანგს“ ჰგავდა, რომლითაც სტივ მაქვინი სან ფრანცისკოს ქუჩებს ცეცხლის ალში ახვევდა.

Toyota-მ Mustang-ის ხაზის წარმატება დაინახა და რაღაც მსგავსის შექმნა გადაწყვიტა, ოღონდ, რა თქმა უნდა, იაპონური ინტერპრეტაციით. როგორ ფიქრობთ, გამოუვიდათ?

Prince Skyline Sports Coupe და Chrysler New Yorker


Skyline-ის სახელწოდება თავდაპირველად Prince-ის ბრენდთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, 1966 წელს Nissan-ი მათ შეუერთდა. იქამდე, სანამ მსოფლიო საოცრად პოპულარულ GT-R-ს იხილავდა, ეს სახელი ჩვეულებრივ საოჯახო ავტომობილთან ასოცირდებოდა. 1961 წელი იყო, როდესაც ეს ლამაზი მოყვანილობების 2-კარიანი კუპე სერიულად იწარმოებოდა.

თუმცა, რა გამოარჩევდა ამ მოდელს? არაფერი გარდა იმისა, რომ მოდელზე მუშაობისას Prince-ის დიზაინერებზე დიდი გავლენა Chrysler New Yorker-მა იქონია. ცხაურისა და მაშუქების არქიტექტურა ამ ორ მოდელში თითქმის იდენტურია.

კიდევ ერთი დამთხვევა იყო ისიც, რომ ორივე მოდელი 1961 წელს გამოვიდა.

Mitsubishi Debonair და Lincoln Continental


60-იან წლების აშშ-ში Lincoln Continental-ი მდიდრული კლასის ამერიკული მანქანის განსახიერება გახლდათ. დაბალი, ყუთისებრი დიზაინის 1961-68 წლის მოდელები თეთრი სახლივით გრანდიოზული იყო და ყველა სხვა მდიდრული ტიპის მანქანებზე ერთი თავით მაღლა იდგა.

ასეთმა მანქანამ კი იაპონელების ყურადღება ადვილად მიიპყრო. Mitsubishi-ის დიზაინერებმა ახალი თაობის Debonair-ი 1964 წელს დააპროექტეს. მოდელის გასაჯაროებიდან მალევე კი ხალხს ეგონა, რომ Debonair-ი ყველაზე დიდი ასლგადამღების აპარატით იყო წარმოებული.

მწარმოებელმა მდიდრული კლასის მოყვარულებზე გათვლილი ავტომობილი გამოუშვა, რომელიც Continental-ს ზედმეტად ჰგავდა. თუმცა, თუ ამ ფორმების უკვდავობას გავითვალისწინებთ, ეს არც არავის აინტერესებდა. Debonair-ს ყველა კმაყოფილი სახით ყიდულობდა.

Nissan Gloria და Pontiac Grand Prix


1960-იან წლებში ვერტიკალური დიზაინის მაშუქებს ამერიკული ავტომწარმოებლების უმეტესობა აქტიურად იყენებდა. მათგან ყველაზე ცნობილი 1965-67 წლებში წარმოებული Pontiac GTO, Grand Prix-ი და Bonneville-ია. გეტყვით იმასაც, რომ ასეთი დიზაინი 1965-68 წლის Cadillac-ისა და Plymouth-ის შემადგენლობაშიც დომინირებდა.

1964 წლის Gran Prix-ის Nissan Gloria-სთან საოცრად დიდი მსგავსება აქვს. 1966 წელს იაპონელებმა იმავე სტილის მაშუქები საოცრად სწრაფად დანერგეს. ეს პატივი კი Gloria-ს ერგო.

თუ ამ ორ ავტომობილს ერთმანეთის გვერდით „ცხვირებით“ დააყენებდით, მაშინ მათი ერთმანეთისგან გარჩევა გარკვეული დისტანციიდან ნამდვილად გაგიჭირდებოდათ.

Datsun B-210 Coupe და AMC Hornet


AMC Hornet-ი საყოველთაოდ ცნობილი The Man With the Golden Gun-ში გამოჩენის შემდეგ გახდა. მოგვიანებით კი თავად Hornet-ი Datsun-ის შთაგონებად იქცა. იაპონურმა მწარმოებელმა ორკარიანი კუპე გამოუშვა, რომელიც ამერიკელ მეგობარს ვიზუალურად ძალზედ ჰგავდა. თუმცა, მისგან განსხვავებით, Datsun-ი ბევრად ეკონომიური იყო, რაც საწვავის კრიზისის დროს მეტ პრაქტიკულობას იძლეოდა.

მაშინ, როდესაც Hornet-ი გაუმაძღარი 5.9-ლიტრიანი V8 ძრავით იყო წარმოდგენილი, B210 Coupe-ს მოკრძალებული 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა.

Honda 1300 Coupe და 1970 Dodge Coronet


ჩვენს ჩამონათვალში ბოლო (და შეიძლება საუკეთესოც) Honda 1300 Coupe-ისა და ლეგენდარული Dodge Coronet-ის მსგავსებაა. მაშუქებიდან წამოსული და ერთმანეთისგან გამოყოფილი ცხაურებით, ეს მოდელები წინიდან ერთმანეთს ძალზედ ჰგვანან. Coronet-ის გამოსვლის შემდეგ Honda-მ შთაგონების წყარო მაშინვე იპოვა და 1300 Coupe-თი იდეას ხორციც შეასხა.

1300 Coupe-ს შექმნა ჩვეულებრივი სედანისთვის სპორტული ხასიათის მინიჭებას ემსახურებოდა. მწარმოებელმა 115 ცხენის ძალა საკმაოდ საინტერესო, ჰაერის გაგრილებაზე მომუშავე ძრავადან მიიღო. ის ამ პერიოდში Ford Escort-ს ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევდა.

მსგავსებების სერია აქ არ იწურება. ამერიკული კუნთებიდან Honda-მ ფერთა არჩევანიც „გადმოაკოპირა". მიუხედავად ყველაფრისა, ამ ორი ავტომობილის გაბარიტებში უზარმაზარი განსხვავება იყო, რაც რა თქმა უნდა საავტომობილო კულტურით არის გამოწვეული.

რომელი იაპონული მოდელი შეესაბამებოდა ყველაზე მეტად თქვენში მცხოვრებ ამერიკელს? იყო თუ არა ეს ამერიკული ავტომობილების საუკეთესო იტერაცია ეკონომიურობისა და პრაქტიკულობის მხრივ? იქნებ ასეთ ვიზუალში 4-ცილინდრიანი ძრავის ხმა არ მოგწონთ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

მსგავსი სიახლეები