5 მიზეზი, თუ რატომ არის „ვოლვო“ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი
თუ „ვოლვო“ რამით ცნობილია, ეს უსაფრთხოებაა. უამრავი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, შვედური მწარმოებელი დრო და დრო სიის სათავეში ყოფნას ახერხებდა, რითაც „ვოლვო“ ყოველთვის ამაყობს. მათთვის უსაფრთხოება დღემდე პრიორიტეტად რჩება და, როგორც თვითონ მწარმოებელი გვამცნობს, 5 ძირითადი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ „ვოლვო“ უსაფრთხო ავტომობილის სტატუსს ღირსეულად ატარებდეს.
1. თანმიმდევრობა
70-იან წლებში ამერიკის მთავრობამ უსაფრთხოების საორიენტაციო ნიშნად Volvo 240 გამოიყენა. ამის შემდეგ „ვოლვომ“ პერმანენტულად IIHS-ის, NHTSA-სა და ევროპის NCAP-სგან უმაღლეს შეფასებებს იღებდა. გასულ წელს მცირე SUV-ის კატეგორიაში Volvo XC40-სა და Volvo XC60-ს, საშუალო ზომის SUV-ებში, უსაფრთხოების საუკეთესო შეფასებები მიენიჭათ.
2. ინოვაცია
„ვოლვოს“ უსაფრთხოების ინჟინერმა, ნილს ბოჰლინმა, 1959 წელს სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედი დააპროექტა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს ინოვაცია იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ „ვოლვომ“ გაათავისუფლა პატენტი, რათა სხვა კონკურენტ ბრენდებსაც გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. 1964 წელს შვედურმა ბრენდმა ბავშვის სავარძელიც პირველმა გამოსცადა.
3. აქცენტი ავარიების პრევენციაზე
21-ე საუკუნეში „ვოლვომ“ კიდევ უფრო დიდი ამბიციებით შეაბიჯა. 2003 წლიდან ამ ბრენდის ავტომობილები ე.წ. ბრმა წერტილების დაცვითაა აღჭურვილი, როდესაც მანქანა შედის გვერდითა ან უკანა ბრმა წერტილში კამერებით ან სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებით მძღოლს ინფორმაციას აწვდის. 2008 წლიდან „ვოლვოს“ გზაზე სხვა ავტომობილის, ქვეითის ან ცხოველის ამოცნობა და გარდაუვალი შეჯახების აცილება შეუძლია. აგრეთვე, ყურადღების დაქვეითებისას, სავალი ზოლის მოულოდნელად შეცვლისას და წინ მიმავალ ავტომობილთან უეცარი მიახლოვებისას ავტომობილი კორექტირებას ავტომატურად ახდენს.
4. პრიორიტეტი ყველას უსაფრთხოებას
უსაფრთხოების ღვედის პატენტის გაუქმებასთან ერთად, „ვოლვომ“ 40 წელში დაგროვებული ავტოავარიის კვლევა საჯაროდ აქცია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სხვა ავტომწარმოებლებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ უფრო მეტად უსაფრთხონი. მოცემული დოკუმენტი შეიცავს ისეთ კვლევებს და ინფორმაციებს, როგორებიცაა: განსხვავება ქალისა და მამაკაცის ანატომიას შორის. „ვოლვო“ იყო პირველი, რომელმაც საავარიო ტესტებში ქალის მანეკენი გამოიყენა, რითაც კისრის და გულმკერდის დაზიანებები 50%-ით შეამცირა.
5. ამბიცია და გრძელვადიანი მიზნები
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, „ვოლვომ“ მომავლის ხედვა საჯაროდ განაცხადა და მას Vision 2020 უწოდა. ახალი ხედვის ამბიცია არის ის, რომ „ვოლვოს“ მართვისას არავინ დაიღუპება ან სერიოზულად არავინ დაშავდება. ამის განხორციელებას ისინი ავტონომიური მართვის რეჟიმით და ხელოვნური ინტელექტით აპირებენ. მიუხედავად ამბიციის წარმოუდგენლობისა, „ვოლვო“ მუდმივად აგრძლებს კვლევებს, ინოვაციებს და განვითარებას, რათა საბოლოოდ მიზანი მიღწეული იყოს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სხვა ნებისმიერ ავტომწარმოებელზე უფრო მეტმა ამბიციურობამ „ვოლვო“ თამაშზე ბევრად წინ წაიყვანა.