ამ GT-R 400R-ის ფასმა შესაძლოა 2-მილიონიანი რეკორდი მოხსნას
ბოლო დროს იაპონური სპორტული ავტომობილების ფასები საკმაოდაა გაზრდილი. ამ თემას ჩვენს პლატფორმაზე რამდენიმე სტატიაც მივუძღვენით. JDM-ის შეძლებული მოყვარულები თანხებს არ იშურებენ იმისთვის, რომ სასურველი ავტომობილი ხელში ჩაიგდონ. შედეგად კი აბსურდულ თანხად შეფასებულ უამრავ ავტომობილს ვხედავთ. თუმცა, 2-მილიონიანი ბარიერი არც ერთ მათგანს გადაულახავს, რაც ერთგვარ გამოწვევად იქცა.
ახლა კი შანსია, რომ ეს რეკორდიც მოიხსნას. ვინ არის პრეტენდენტი? მიესალმეთ Nissan Skyline GT-R NISMO 400R-ს, რომელიც ამჟამად ბრიტანეთშია გასაყიდად გამოტანილი. მის სანაცვლოდ კი 1.6 ფუნტ სტერლინგს ითხოვენ, რაც 2.2 მილიონი დოლარია.
ეს ის მოდელია, რომელიც ასეთ დაფასებას ნამდვილად იმსახურებს. იაპონური ავტომობილების კოლექციაში 400R-ი მართლაც განსაკუთრებული მანქანა იქნებოდა. თუმცა, ვიღაცამ შეიძლება მაინც იკითხოს - რატომ უნდა შეფასდეს ორ მილიონად ძველი „ნისანი“? ახლავე გაიგებთ რატომ.
GT-R-ზე დაფუძნებული 400R-ი ზუსტად იმ ტექნოლოგიას იყენებს, რაც Nissan Motorsports International-მა (NISMO) Le Mans-ის პროგრამისთვის შექმნა. სტანდარტული GT-R-ის 2.6-ლიტრიანი ორტურბინიანი RB26DETT ერთრიგა ძრავა 276 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. NISMO-მ 2.8-ლიტრიანი RB-X GT2-დან კი სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაზარდა. აქ საქმე 400 ცხენის ძალას ეხება. შედარებისთვის გეტყვით, რომ 1990-იან წლებში ასეთ ცხენის ძალებს მხოლოდ Ferrari და Lamborghini ითავაზებოდა. მეტიც, C4 თაობის ZR-1-ის ეგზოტიკური LT5-ის პიკი 375 ცხენის ძალა გახლდათ.
„სუპერქარების“ ტერიტორიაზე ეს ავტომობილი მხოლოდ ძრავით არ იბრძოდა. მოდელს კარბონის დეტალები და ძვირიანი მასალისგან დამზადებული მექანიკური დეტალებიც მრავლად აქვს. საფუძვლიანადაა გაუმჯობესებული სამუხრუჭე და დაკიდების სისტემაც. საბოლოოდ ეს ყველაფერი მართვის შეგფრძნებებზე აისახება, რაც უნიკალური გახლავთ. ამას გარდა, კორპუსის აეროდინამიკური დანამატები არამხოლოდ მიჭერის ძალას ზრდის, არამედ ძრავს და მუხრუჭებს აგრილებს.
Nissani ამტკიცებს, რომ ჯამში სულ 44 ეგზემპლარი გამოუშვა. მათგან 40-ის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ამ კონკრეტულ ავტომობილს 61 000კმ აქვს გავლილი, რაც ბევრი არ არის. მანქანა წუნდაუდებელ მდგომარეობაშია.
როგორ ფიქრობთ, მოხსნის ეს ავტომობილი 2-მილიონიან ბარიერს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.