ტიფოსების სიყვარული: სკუდერია Ferrari-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე
Aa Aa

ტიფოსების სიყვარული: სკუდერია Ferrari-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე

„სკუდერია ფერარი“ ავტორბოლების მრავალი მოყვარულისთვის ფორმულა 1-ის განუყოფელი ნაწილია. „სკუდერია“ იტალიურად საჯინიბოს ნიშნავს. ეს გუნდი კი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ერთადერთია, რომელსაც 1950 წლიდან ფორმულა 1-ის ყველა რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ეს საჯინიბო ლეგენდარულმა ენცო ფერარიმ დააარსა. თავდაპირველად, გუნდი „ალფა რომეოს“ მანქანებით გამოდიოდა. 1947 წლიდან კი ფერარიმ საკუთარი ავტომობილების გამოშვება დაიწყო.

„ფერარის“ კონსტრუქტორების ჩემპიონატი 16-ჯერ აქვს მოგებული. გუნდის ყველაზე წარმატებული პილოტი კი ყველასთვის კარგად ცნობილი - „წითელ ბარონი“ მიხაელ შუმახერია. შუმახერი გუნდს 1996 წელს შეუერთდა და 2006 წლამდე 72 გრან პრი და 5 ტიტული მოიგო.

გუნდის ერთგულ გულშემატკივრებს ტიფოსები ეწოდებათ, საშინაო რბოლა კი მონცას ტრასაზე ტარდება.

მაგრამ, როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ მოაღწია „სკუდერია ფერარიმ“ ჩვენამდე? ამ გუნდს ავტორბოლებში მონაწილეობის თითქმის საუკუნიანი ისტორია აქვს და ყველა დეტალის მოყოლა, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება. თუმცა, ვეცდებით, ამ რთულ ამოცანას თავი კარგად გავართვათ. 

ლეგენდის დაბადება

„სკუდერია ფერარი“ ენცო ფერარიმ 1929 წლის 16 ნოემბერს დააარსა. გუნდი თავდაპირველად  ავტომობილებს „ალფა რომეოსთვის“ აწყობდა და ამავე სახელით გამოდიოდა. 1938 წელს „ალფას“ მმართველობამ გადაწყვიტა, რომ რბოლაზე საკუთარი საჯინიბოს სახელით უნდა გამოსულიყო და არა ფერარის. მათ „ალფა კორსი“ დააარსეს. ენცო ფერარი უკმაყოფილო იყო გუნდის პოლიტიკის ცვლილებით და 1939 წელს საბოლოოდ გამოეყო „ალფა რომეოს“.

1939 წელს „ფერარიმ“ საკუთარი სარბოლო ავტომობილის აწყობა დაიწყო, რომელსაც Tipo 815 ერქვა. მანქანის დიზაინი ალბერტო მასიმინომ შექმნა. თუმცა, მოვლენები მთელი მსოფლიოსთვის ცუდად განვითარდა. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. რბოლები კი დროებით შეწყდა. ომის შემდეგ ენცო ფერარიმ „ალფა რომეოდან“ რამდენიმე კოლეგა გადმოიბირა და „სკუდერია ფერარი“ შექმნა, რომელიც უკვე საკუთარ ავტომობილებს აწყობდა.

1947 წლის მაისში გუნდმა 12-ცილინდრიანი, 1.5-ლიტრიანი Tipo 125 ააწყო. პირველი სარბოლო მანქანა, რომელიც „ფერარის“ სახელს ატარებდა!

სარბოლო ვერსია Tipo 125 ანუ Ferrari 125 F1 1948 წელს შეიქმნა და რამდენიმე გრან პრიში მონაწილეობდა. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ არსებობდა.

Ferrari 125 F1

50-იანები: ფერარის წყევლა

1950 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფორმულა 1-ში და მასში „ფერარიც“ მონაწილეობდა. ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც 1950 წლიდან ყველა სეზონში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„სკუდერია ფერარიმ“ ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ბრიტანეთის რბოლა გამოტოვა, ვერ გაერკვნენ რა ფინანსურ საკითხებში. გუნდის დებიუტი 1950 წელს მონაკოს გრან პრიზე 125 F1-ით და სამი წარმატებული მრბოლელით შედგა: ალბერტო ასკარი, რეიმონდ ზომერი და ჯიჯი ვილორეზი. მოგვიანებით „ფერარი“ უფრო ძლიერი ძრავის ავტომობილებზე გადავიდა (275, 340 და 375 F1). „ალფა რომეოს“ გუნდი ჩემპიონატში დომინირებდა. მოიგო სეზონის თერთმეტივე რბოლა.

1951 წელს „ალფა რომეო“ ფორმულა 1-დან წავიდა. „ფერარიმ“ კი რბოლაზე 2.0-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანი Ferrari Tipo 500 გამოიყვანა. 1951 წელს ხოსე ფროილან გონსალეზმა 1951 წლის ბრიტანეთის გრან პრიზე პირველი ადგილი დაიკავა.

1952 წელს გუნდმა ასკარისთან, ჯუზეპე ფარინასთან და პიერო ტარუფისთან ერთად სეზონის თითქმის ყველა რბოლა მოიგო. ასკარიმ 6 რბოლაში ზედიზედ გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა.

Tipo 500

1953 წელს ასკარიმ მხოლოდ 5 რბოლის მოგება შეძლო, მაგრამ ტიტული მაინც მას დარჩა. ლეგენდარულმა ხუან მანუელ ფანხიომ, რომელიც იმ დროს „მაზერატის“ პილოტი იყო, პირველმა დაამარცხა „ფერარი“.

1954 წლის სეზონში 2.5-ლიტრიანი ძრავებისთვის ახალი რეგულაციები დაწესდა. Ferrari Tipo 625-ს უჭირდა ფანხიოს „მაზერატისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა. „ფერარიმ“ მხოლოდ ორჯერ მოიგო (ბრიტანეთის გრან პრიზე გონსალეზმა, ხოლო ესპანეთის გრან პრიზე ჰოვტორნმა).

1955 წლის სეზონიც არ ყოფილა გუნდისთვის წარმატებული. მორის ტრინტიგნანტმა გამარჯვება მხოლოდ მონაკოს გრან პრიზე მოიპოვა. „ფერარის“ გუნდმა „ლანჩა“  D50 შეიძინა, მას შემდეგ, რაც გუნდს ასკარის გარდაცვალების გამო ფორმულადან წასვლა მოუწია. 1956 წელს ამ მანქანით კოლინსმა 2 რბოლა მოიგო. ფანხიომ სამ გრან პრიში შეძლო გამარჯვება და ჩემპიონატიც მოიგო.  

Lancia D50

1957 წლის სეზონის მერე ფანხიო „მაზერატიში“ დაბრუნდა. ლუიჯი მუსო და მარკიზ ალფონსო დე პორტაგო „ფერარიში“ კასტელოტის შეუერთდნენ. თუმცა, ყველაზე ბნელი წლები წინ იყო. გუნდი თითქოს დაწყევლესო. პილოტები ერთმანეთის მიყოლებით ტრაგიკულად იღუპებოდნენ. კასტელოტი ბოლიდის გამოცდის დროს დაიღუპა.

მოგვიანებით, პორტაგო რბოლისას მაყურებლებში შევარდა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ავარიისას პილოტი და 9 მაყურებელი გარდაიცვალა.

1958 წელს კონსტრუქტორების ჩემპიონატი ოფიციალურად გამოცხადდა. კარლო კიტიმ „ფერარისთვის“ სრულიად ახალი მანქანა - Ferrari 246 Dino შექმნა. ამ მანქანის სახელწოდება დიდ ემოციურ დატვირთვას ატარებდა. მას Dino ენცო ფერარის უდროოდ გარდაცვლილი შვილის პატივსაცემად დაერქვა.

1958 წლის საფრანგეთის გრან პრიზე Ferrari-ს წყევლამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი. ავარიაში პილოტი ლუიჯი მუსო გარდაიცვალა. გერმანიის გრან პრიზე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, რომელმაც კოლინსის სიცოცხლე შეიწია.

ჰოვტორნმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. რამდენიმე თვეში კი ისიც ავარიაში მოყვა, რამაც ფორმულა 1-დან წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

Ferrari 246 Dino

ამ ტრაგედიების შემდეგ, გუნდმა 5 ახალი მრბოლელი აიყვანა: ტონი ბრუქსი, ჟან ბერა, ფილ ჰილი, დენ გარნი და კლიფ ელისონი. თუმცა 1959 წელი „ფერარისთვის“ წარმატებული არ აღმოჩნდა. ბერა გუნდის მენეჯერთან უთანხმოების საფუძველზე გაუშვეს. ბრუქსი სეზონის ბოლომდე წარმატებულად ასპარეზობდა, სანამ ჩემპიონატი ჯეკ ბრებემთან წააგო, რომელიც „კუპერით“ გამოდიოდა.

60-იანები: ენცო ფერარის დიდი იმედგაცრუება

1960 წლის სეზონი შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. „ფერარიმ“ შეინარჩუნა ჰილი, ელისონი და ვოლფგანგ ფონ ტრიპსი. დაიმატა უილი მეირესი და რიჩი გინტერი. თუმცა, წყევლა არსად გამქრალა. ელისონი ბოლიდის შემოწმების დროს მძიმედ დაშავდა.  

კარლო კიტი და ენცო ფერარი

1961 წლის სეზონში „ფერარი“ კიტის კიდევ ერთი ახალი მანქანით Ferrari 156-ით წარსდგა. გუნდის პილოტები ჰილი და ფონ ტრიპსი ერთმანეთს ჩემპიონობას ეცილებოდნენ. „ფერარის“ ჯანკარლო ბაგეტიც შეურთდა და გახდა პირველი პილოტი, რომელმაც სადებიუტო რბოლა მოიგო (საფრანგეთის გრან პრი).

1961 წლის იტალიის გრან პრიზე ფონ ტრიპსი მაყურებლებს შეეჯახა, რის შემდეგაც გარდაიცვალა და მაყურებლების სიცოცხლეც შეიწირა. ჰილმა ჩემპიონატი მოიგო.  

ვოლფგანგ ფონ ტრიპსი და ფილ ჰილი

1961 წელს კიტი და რომოლო ტავონი „ფერარიდან“ საკუთარი გუნდის დაარსების მიზნით წავიდნენ. ფერარიმ მაურო ფორგიერი სარბოლო დირექტორად, ხოლო ეუხენიო დრაგონი გუნდის მენეჯერად დააწინაურა.

1962 წელს გუნდმა 1961 წლის მანქანები გამოიყენა. ფორგიერი ახალ დიზაინზე მუშაობდა. გუნდს არც ერთი რბოლა არ მოუგია. იტალიაში მეტალზე მომუშავეების გაფიცვის გამო, „ფერარიმ“ ორი რბოლა გამოტოვა. იმედგაცრუებული ენცო ფერარი რბოლებს აღარ ესწრებოდა. მის მაგივრად გუნდის მხარდასაჭერად მისი ცოლი დადიოდა. სეზონის ბოლო ორ რბოლაზე „ფერარი“ არ გამოცხადდა. მრბოლელებს შეეძლოთ სხვა გუნდის სახელით გამოსვლა, თუ ეს სპონსორთა ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდა.

1963 წელს სკუდერია შედარებით მსუბუქი მანქანით 156-ით დაბრუნდა. გუნდის მრბოლელები იყვნენ ბანდინი, ჯონ სარტისი, უილი მეიერესი და ლუდოვიკო სკარფიოტი. გერმანიის გრან პრი სარტისმა მოიგო. მეიერესი კი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და ბოლიდის მართვა აღარ შეეძლო. 

Ferrari 156

1964 წლის სეზონში „ფერარის“ 8-ცილინდრიანი ბოლიდი ჰყავდა, რომლის დიზაინიც ანჟელო ბელეიმ შექმნა. გუნდს პედრო როდრიგესი შეუერთდა. სარტისმა ორი რბოლა მოიგო. ბანდინიმ - ერთი. „ფერარი“ ჯიმ კლარკის „ლოტუსზე“ ნელი იყო, მაგრამ მანქანის სანდოობამ სარტისს ჩემპიონობა და ბანდინის მეოთხე ადგილი მოუტანა.

1965 წელი ბოლო სეზონი 1.5-ლიტრიანი ძრავებისთვის იყო. „ფერარიმ“ არჩია, ისევ V8 ძრავებით გამოსულიყო. ყველაფრის მიუხედავად, გუნდი ჯიმ კლარკის დომინირების წინააღმდეგ უძლური იყო.

ვერავინ უარყოფს, რომ ენცო ფერარი ეგოისტი კარიერისტი იყო, რომელიც მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე ფიქრობდა. 1955-1965 წლებში ფერარის ავტომობილით ტრასაზე სულ მცირე 6 მრბოლელი დაიღუპა. ალბათ გაინტერესებთ, რას ფიქრობდა ის უბედური შემთხვევების შემდეგ. ენცო ფერარი ფიქრობდა არა პილოტებზე, არამედ იმაზე თუ რამდენად გამოდგებოდა ავტომობილი შემდეგი რბოლისთვის. 

1966 წლის სეზონში სარტისის Ferrari 312-ს 3.3-ლიტრიანი V12 ძრავა ჰქონდა. სეზონის დასაწყისში ბანდინიმ ეს ბოლიდი ,,ტასმანის სერიებზე” ატარა. სარტისმა ბელგიის გრან პრი მოიგო, თუმცა დრაგონისთან უთანხმოების შემდეგ ის მაიკ პარკსით ჩაანაცვლეს.

1967 წელს გუნდმა დრაგონი სამსახურიდან დაითხოვა და ფრანკო ლინი მოიყვანა. ტრაგედიების ტალღა იტალიურ საჯინიბოს ისევ წინ ჰქონდა. ბანდინი ავარიაში მოყვა და ცეცხლმოკიდებულ მანქანაში გამომწყვდეული აღმოჩნდა. გუნდმა პარკსი და სკარფიოტი დაიტოვა, მაგრამ პარკსმა ბელგიის გრან პრიზე სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც რბოლებიდან დროებით წასვლა გადაწყვიტა.

1968 წლის სეზონი შედარებით წარმატებული ჩანდა. ჯეკი იქსმა რამდენიმე კარგი რბოლა ჩაატარა, რამაც ჩემპიონატზე გამარჯვების შანსი მისცა, თუმცა, კანადაში ავარიის შემდეგ მისი შანსები შემცირდა. ამონმა რბოლების მოგება ვერ შეძლო.

1969 წელს ფერარის ეკონომიკურად გაუჭირდა. ენცო ფერარიმ თავისი ბიზნესის 50% „ფიატს“ მიჰყიდა. მან ფულის დაბანდება ჭკვიანურად გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის სეზონში „ფერარიმ“ წარმატებას ვერ მიაღწია, სეზონმა მაინც ნაყოფიერად ჩაიარა. ეს იყო „ფერარის“ რეკონსტრუქციის წელი.

70-იანები: „ფერარის“ დიდების დასაწყისი

1970 წელს „ფერარი“ რბოლებში ახალი მოდელით 312B-ით მონაწილეობდა. ახალი 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავებით. ამ ძრავას გუნდი შემდეგი 10 წელი იყენებდა. ჯეკი იქსმა ავსტრიის, კანადისა და მექსიკის გრან პრი მოიგო, რამაც ჩემპიონატში მეორე ადგილი მოუტანა. იმ სეზონში კლეი რეგაცონის დებიუტი შედგა.

სამი წარუმატებელი სეზონის შემდეგ 1974 წელს გუნდმა ლეგენდარული ნიკი ლაუდა დაიმატა. მენეჯერად ლუკა დი მონტეძემელო დაინიშნა. „ფერარიმ“ ესპანეთის გრან პრი მოიგო, შემდეგ ჰოლანდიის და გერმანიის. თუმცა, რეგაცონიმ ტიტული ემერსონ ფიტიპალდისთან დათმო.

ახალი Ferrari 312T ლაუდამ და რეგაცონიმ განავითარეს. შრომამ შედეგი გამოიღო და ამ მოდელმა გუნდს წარმატება მოუტანა. ლაუდამ 5 რბოლაში გაიმარჯვა და პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. „ფერარიმ“ კონსტრუქტორების თასი მოიგო.  

1976 წელს ნიკი ლაუდა ჩემპიონატში კვლავ ლიდერობდა, სანამ გერმანიის გრან პრიზე მძიმე ავარიაში არ მოყვა. ის მაშინვე კარლოს როიტმანით ჩაანაცვლეს. ყველასთვის მოულოდნელად ლაუდა ავარიიდან მხოლოდ ექვსი კვირის შემდეგ ტრასაზე დაბრუნდა. ის ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ სეზონის ბოლო რბოლაში წვიმიანი პირობების გამო რბოლიდან გადადგომა გადაწყვიტა და ტიტული ჯეიმს ჰანტს აჩუქა.

1977 წელს ნიკი ლაუდამ კიდევ შეძლო საკუთარი თავისთვის და გუნდისთვის ტიტულის მოგება.  თუმცა გუნდის მენეჯმენტთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაც საბოლოოდ მისი „ბრებემში“ გადასვლით დასრულდა.

1978 წელს „ფერარიში“ როიტმანი და ჟილ ვილნევი იყვნენ. თუმცა, მათ Lotus 79-ს კონკურენცია ვერ გაუწიეს.

1979 წელს ჯოდი შეკტერმა „ფერარის“ შუმახერამდე ბოლო ტიტული მოუტანა.

80-იანები: ენცო ფერარის გარდაცვალება

1980 წელს გუნდმა სეზონში მთლიანად 8 ქულა მოიპოვა. ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ, შეკტერი „ფერარიდან“ წავიდა. 1981 წლის სეზონისთვის გუნდმა დიდიე პირონი დაიმატა და ახალი, ტურბოიანი მოდელი წარადგინა. ვილნევმა მონაკოს და ესპანეთის გრან პრი მოიგო. გუნდმა ტიტული ვერ მოიპოვა, მაგრამ ეს 1982 წლის სეზონისთვის მოსამზადებლად კარგი გამოცდილება აღმოჩნდა.

ამ წელს „ფერარიმ“ ორივე მრბოლელი დაკარგა. ენცო ფერარის ფავორიტი ჟილ ვილნევი ბელგიის გრან პრის კვალიფიკაციის დროს დაიღუპა. პირონი კი გერმანიის გრან პრიმდე მძიმედ დაშავდა. გუნდში პატრიკ ტემბეი და მარიო ანდრეტი მოვიდნენ. „ფერარიმ” კონსტრუქტორების ჩემპიონატი მოიგო. 

1983 წელს რენე არნოს და პატრიკ ტემბეის გამარჯვებებმა გუნდს კიდევ ერთი ტიტული მოუტანა. ტემბეი „რენოში“ გადავიდა. გუნდმა მიქელე ალბორეტო აიყვანა. პილოტი კარგ შედეგს აჩვენებდა, თუმცა, ეს ნიკი ლაუდას და მისი დომინანტი „მაკლარენის“ დასამარცხებლად საკმარისი არ იყო.

შემდეგ წელს ალბორეტოს მთავარი კონკურენტი უკვე ალენ პროსტი იყო. ამასობაში არნო გუნდმა სტეფან იოჰანსონით ჩაანაცვლა. თუმცა, შედეგი ცვლილებებმა ვერ გამოიღო და 1986 წელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

1987 წელს იოჰანსონის ნაცვლად Ferrari-ს ბოლიდით გერჰარდ ბერგერი ასპარეზობდა. მან ორი რბოლის მოგება შეძლო.

1988 წელს გუნდი კვლავ კარგ ფორმაში ჩანდა. კონსტრუქტორების ჩემპიონატში მეორე ადგილიც კი დაიკავა.

1988 წლის 14 აგვისტო Ferrari-ს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. ენცო ფერარი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ფიატის“ წილი კომპანიაში 90%-ამდე გაიზარდა. 10 % ენცო ფერარის ერთადერთ ვაჟიშვილს პიერო ფერარის გადაეცა.

ამ წელს ბერგერმა და ალბორეტომ ისტორიული რბოლა ჩაატარეს, სადაც პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს. ეს იყო პირველი დუბლი, რომელიც „მაკლარენის“ შემდეგ სხვა გუნდმა მოიპოვა. ეს გამარჯვება ბერგერმა ენცო ფერარის მიუძღვნა.

1989 წელი იყო ბოლო, როცა ფორმულა 1-ში ტურბო ძრავები გამოიყენეს. მას შემდეგ ფორმულაში 3.5 - ლიტრიანი 12 - ცილინდრიანი ძრავები გამოიყენებოდა. გუნდში ახალმოსულ ნაიჯელ მანსელს ახალ რეგულაციებთან გამკლავება უჭირდა. მიუხედავად ამისა, გუნდმა ბრაზილიაში რბოლის მოგება მოახერხა. მანსელმა ბუდაპეშტში აირტონ სენას დამარცხება შეძლო. ეს გამარჯვება მანაც ენცო ფერარის ხსოვნას მიუძღვნა.

90-იანები:

სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ალენ პროსტმა „მაკლარენი“ დატოვა და „ფერარიში“ მანსელს შეუერთდა. ეს მართლად ვარსკვლავური შემადგენლობა იყო. გუნდის პირველი პილოტი პროსტი გახდა. მანსელი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მისი ბოლიდი პროსტისაში გაუფრთხილებლად გადაცვალეს. 1990 წლის სეზონის ბოლოს უკმაყოფილო მანსელმა „ფერარი“ დატოვა. იაპონიის გრან პრიმდე პროსტი თავის მთავარ კონკურენტთან აირტონ სენასთან  9 ქულით აგებდა. სენამ პროსტი გზიდან გადააგდო. ფინიშის ხაზი ვერც ერთმა მათგანმა გადაკვეთა და გამარჯვება ბრაზილიელს დარჩა.

მანსელი ჟან ალესით ჩაანაცვლეს. 1991 წელს „ფერარის“ ბოლიდი კონკურენციას ვეღარ უწევდა სხვა გუნდების უფრო მცირე ზომის, შედარებით მსუბუქ ბოლიდებს. პროსტი რბოლებს ვეღარ იგებდა. მოგვიანებით,, მან გუნდი საჯაროდ გააკრიტიკა. ამბობდა, რომ ბოლიდი სატვირთოზე ძნელი სამართავი იყო. პროსტი ჯიანი მორბიდელოთი ჩაანაცვლეს.

1993 წელს გერჰარდ ბერგერი Ferrari-ში დაბრუნდა. გუნდის დირექტორად ჟან ტოდი დაინიშნა. Ferrari 412T-ით ბერგერი და ალესი სხვა მრბოლელებს კონკურენტუნარიანები იყვნენ, თუმცა, გუნდს იღბალმა უმტყუნა. სკუდერიას არც 1995 წელს უმართლებდა.

Ferrari 412T

1996 წელს „ფერარიმ“ ორივე თავისი პილოტი შეცვალა. გუნდში ედი ირვინი და უკვე ორ გზის მსოფლიო ჩემპიონი მიხაელ შუმახერი მოვიდნენ. შუმახერს „ბენეტონიდან“ გუნდის ტექნიკური პერსონალის დიდი ნაწილი გადმოჰყვა. ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომეტი სკუდერიას ისტორიაში. 1996 წლის სეზონში „ფერარი“ V10 ძრავაზე გადავიდა.

F310 ბოლიდით შუმახერმა სამი გამარჯვება მოიპოვა. ორივე პილოტს სამი რბოლიდან გადადგომა მოუწია. კონსტრუქტორების ჩემპიონატში „ფერარი“ მეორეზე გავიდა. შუმახერმა მესამე ადგილი დაიკავა. ირვინმა - მეათე.

1997 წელს ჯოდი შეკტერის მერე „ფერარი“ პირველად უწევდა სხვა გუნდებს ძლიერ კონკურენციას. შუმახერმა 5 რბოლა მოიგო. 1997 წელს ევროპის გრან პრიზე ჟაკ ვილნევს შუმახერი ერთი ქულით უსწრებდა. ჟაკი და მიხაელი ერთმანეთს შეეჯახნენ. სტიუარდებმა ავარია სარბოლო ინციდენტად შეაფასეს. ვილნევი მესამეზე გავიდა და ჩემპიონატიც მოიგო. 1997 წელს შუმახერს არასპორტული საქციელისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს. თუმცა „ფერარის“ კონსტრუქტორის ჩემპიონატის ქულები შეუნარჩუნეს. ირვინმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

1998 წელს ფერარიმ ახალი ბოლიდი წარადგინა. თუმცა F300 McLaren–Mercedes MP4/13-ს კონკურენციას ვერ უწევდა. ბრაუნმა 3- შეჩერებიანი სტრატეგია შეიმუშავა, მაშინ, როცა „მაკლარენს“ 2-შეჩერებიანი სტრატეგია ჰქონდა. მონცაზე შუმახერმა და ირვინმა პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს. შუმახერმა ტიტული „მაკლარენის“ ფინელ პილოტ მიკა ჰაკინენთან წააგო. ირვინი მეოთხეზე გავიდა. მთლიანად გუნდმა კი კონსტრუქტორების ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.  

1999 წლის სეზონი „ფერარისთვის“ წარმატებულად დაიწყო. გუნდმა პირველი ოთხი რბოლიდან სამი მოიგო. ედი ირვინმა ავსტრალიის გრან პრიში გაიმარჯვა. სილვერსტოუნზე რბოლაში მუხრუჭის გაუმართაობის გამო შუმახერი ავარიაში მოყვა. მან მარჯვენა ფეხი მოიტეხა და შემდეგი 6 რბოლის გამოტოვება მოუწია. „ფერარიმ“ ის მიკა სალოთი ჩაანაცვლა. შუმახერმა ბოლო ორ რბოლაზე მოახერხა დაბრუნება. ის ირვინს გამარჯვებაში ეხმარებოდა. მალაიზიის რბოლაზე ორივე მრბოლელს დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან მათი დეფლექტორის პანელი ერთი სანტიმეტრით გრძელი აღმოჩნდა. ჩემპიონატი მიკა ჰაკინენმა მოიგო. მეორე ადგილი შუმახერს ერგო. მესამე ირვინს. „ფერარიმ“ 1983 წლის მერე კონსტრუქტორების ჩემპიონატი პირველად მოიგო.

2000-იანები: მიხაელ შუმახერის ეპოქა

„ფერარიმ“ ირვინი რუბენს ბარიკელოთი ჩაანაცვლა. სეზონი კარგად დაიწყო. „ფერარიმ“ დუბლი გაიფორმა. საფრანგეთში, ავსტრიასა და გერმანიაში წარუმატებლობის შემდეგ შუმახერი ჰაკინენს მხოლოდ ორი ქულით უსწრებდა. იტალიის გრან პრის შემდეგ გერმანელი გამარჯვებების რაოდენობით აირტონ სენას გაუთანაბრდა. პრესკონფერენციაზე შუმახერმა ცრემლები ვერ შეიკავა. 2000 წლის სეზონში „ფერარის“ პილოტმა 1979 წლის შემდეგ პირველად მოიგო ტიტული.

2001 წელს შუმახერის და „ფერარის“ დომინირება გრძელდებოდა. მან კვლავ შეძლო მიკა ჰაკინენის დამარცხება და ტიტულების რაოდენობით ალენ პროსტს გაუტოლდა. ბარიკელომ მესამე ადგილი დაიკავა.

2002 წელს გუნდმა 17 რბოლიდან 15 მოიგო. შუმახერი 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ავსტრიის გრან პრიზე გუნდის ბრძანების გამო ბარიკელო შუმახერს გამარჯვებაში დაეხმარა. შუმახერმა ბარიკელო პოდიუმის ყველაზე მაღალ საფეხურზე აიყვანა, რის გამოც ფორმულა 1-ის ფედერაციამ „ფერარი“ მილიონი დოლარით დააჯარიმა. 2003 წელს გუნდის ბრძანებები აიკრძალა.

2003 წელს „მაკლარენი“ „ფერარის“ დიდ კონკურენციას უწევდა. ჩემპიონატის ბედი ბოლო რბოლაზე გადაწყდა. შუმახერმა „მაკლარენის“ კიმი რაიკონენს ორი ქულით აჯობა და მეექვსე ტიტული მოიგო. „ფერარიმ“ კონსტრუქტორის ჩემპიონატი მეცამეტედ მოიგო. 2003 წელს ფორმულა 1-ის ჟურნალი იტყობინებოდა, რომ გუნდის ბიუჯეტი 443,800,000 დოლარს შეადგენდა.

2004 წლის სეზონში „ ფერარი“ კვლავ დომინირებდა. გუნდმა 18-დან 13 რბოლა მოიგო. 12 პირველი 13 რბოლიდან, რაც ფორმულა 1-ის ისტორიაში რეკორდია. შუმახერმა მეშვიდე და უკანასკნელი ტიტული მოიგო.

2005-მა წელმა „ფერარის“ იღბალი შეცვალა. F2005 ტემპის ნაკლებობას განიცდიდა. ბაჰრეინის რბოლაში შუმახერი ჰიდრავლიკის პრობლემების გამო გადადგა. წარუმატებლობაში წვლილი „ბრიჯსტოუნის“ საბურავებმაც შეიტანა. ის ისეთი გამძლე არ იყო, როგორც „მიშლენის“ საბურავები. „ბრიჯსტოუნის“ საბურავები გამოსადეგი სან მარინოს გრან პრიზე აღმოჩნდა. ამერიკის გრან პრიზე „მიშლენის“ საბურავებიანი 7 გუნდი გადადგა.

Ferrari F2005

2005 წელს ბარიკელომ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. ხმები დადიოდა, რომ ის მეორე პილოტად ყოფნით უკმაყოფილო იყო. ბარიკელო გუნდმა ფელიპე მასათი ჩაანაცვლა.

სკუდერიას 2006 წლის მანქანა 248 F1, მთლიანად ალდი კოსტას შექმნილი იყო. მასამ თავისი პირველი რბოლა თურქეთში მოიგო. იტალიის გრან პრიზე გამარჯვების შემდეგ, შუმახერმა ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა.

მისი ადგილი გუნდში კიმი რაიკონენმა დაიკავა. „ფერარიში“ მისი ბოლო რბოლა ბრაზილიაში შუმახერმა მეოთხე ადგილით დაასრულა.

2007 წელს კიმი რაიკონენმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და გუნდმა კიდევ ერთი კონსტრუქტორების თასი. ფინელსა და ახალბედა ლუის ჰამილტონს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო.

2007 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა „დასმენის საქმე“. გუნდმა თანამშრომელი ნაიჯელ სტეფნი სამსახურიდან დაითხოვა. საქმე ეხებოდა ტექნიკური ინფორმაციის მოპარვას. გუნდის მენეჯერი სტეფანო დომენიკალი გახდა.

გუნდი 2008 წელს F2008-ით ასპარეზობდა. ჩემპიონობასთან ფელიპე მასა იყო ახლოს. მისი მთავარი კონკურენტი „მაკლარენის“ ლუის ჰამილტონი იყო. ამჯერად, „ფერარი“ დამარცხდა. გუნდმა განცხადება გააკეთა, რომ მოგვიანებით გადაწყვეტდა მიიღებდა თუ არა მონაწილეობას 2009 წლის სეზონში. 

სკუდერიამ 2009 წლის სეზონი თავისი F60-ით წარუმატებლად დაიწყო.  ეს იყო ყველაზე ცუდი სტარტი 1981 წლის შემდეგ. ფელიპე მასა უნგრეთის გრან პრის კვალიფიკაციაზე დაშავდა. დროებით შუმახერით ჩაანაცვლეს, მაგრამ მოტოციკლეტის ტარების დროს მიღებული ტრავმის გამო მანაც ვერ მოახერხა ასპარეზობა. მასას ადგილი ლუკა ბადოერმა დაიკავა, მოგვიანებით კი ჯანკარლო ფიზიკელამ. გუნდისთვის ეს სეზონიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

2010-დღემდე : „სკუდერია ფერარი“ „მერსედესის“ გუნდის და Reb Bull-ის ჩრდილში

რაიკონენმა „ფერარი“ დატოვა და მისი ადგილი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ დაიკავა. გუნდის განცხადებით ფელიპე მასა გუნდში სულ მცირე 2012 წლამდე უნდა დარჩენილიყო. გერმანიის გრან პრიზე გუნდმა მასას უბრძანა ალონსო გაეტარებინა. ამის გამო, ფორმულა 1-ის ფედერაციამ გუნდი $100,000 – ით დააჯარიმა. სკუდერიამ სტიუარდების ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ჯარიმა გაუქმდა.

2011 წელს ალონსომ კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტი მასამაც განაახლა. გუნდისთვის ეს წელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

2012 წელს სკუდერია იმავე პილოტებით ასპარეზობდა. ალონსო კვლავ ახლოს იყო ჩემპიონობასთან, თუმცა „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის წინააღმდეგ ყველა გუნდი უძლური აღმოჩნდა.

2013 წელს გუნდში მასას ადგილას, ბოლო ჩემპიონი - კიმი რაიკონენი დაბრუნდა. „სკუდერია ფერარიმ“ თავისი Ferrari F138 - ით  მხოლოდ 2 პოდიუმი და კონსტრუქტორების ჩემპიონატში მეოთხე ადგილი მოიპოვა.

2014 წელიც არ აღმოჩნდა გუნდისთვის წარმატებული. ამ წელს გუნდი ძირითადად მენეჯმენტში ცვლილებებით შემოიფარგლა. სტეფანო დომინიკალი მარკო მატიაციმ შეცვალა. ალონსომ გუნდი დატოვა. მისი ადგილი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა დაიკავა. Ferrari და 4-გზის გერმანელი ჩემპიონი. ეს იყო წყვილი, რომელზეც ტიფოსები დიდ იმედებს ამყარებდნენ.

განახლებული მენეჯმენტის, სერხიო მარკიონესა და მაურიციო არივაბენეს წყალობით, გუნდმა 2015 წლის სეზონი კარგად დაიწყო. მალაიზიაში ფეტელმა შეძლო „მერსედესის“ პილოტების დამარცხება და „ფერარის“ 34-რბოლიანი უიღბლობა დაასრულა. ფეტელმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. რაიკონენმა მეოთხე.

2016 წელი კი კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება იყო. Mercedes-ის დომინირება გაიზარდა. სკუდერიას არც ერთი რბოლა მოუგია.

225-ე გამარჯვება გუნდმა 2017 წლის ავსტრიის გრან პრიზე მოიპოვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა 2014 წლის შემდეგ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში „მერსედესის“ ნაცვლად სხვა გუნდი ლიდერობდა. მონაკოს გრან პრიზე სებასტიან ფეტელმა გაიმარჯვა. ფეტელმა ჩემპიონატში ლიდერობა იტალიის გრან პრიზე „ფერარისთვის“ საშინაო რბოლაზე დათმო. სინგაპურში ფეტელი პოლ-პოზიციაზე იდგა და სხვაობის გაქვითვა შეეძლო. ფეტელი, რაიკონენი და ფერსტაპენი ერთმანეთს სტარტზე შეეჯახნენ. სამივე მრბოლელის მანქანა დაზიანდა და გადადგომა მოუწიათ. მალაიზიის რბოლაში „ფერარის“ ორივე ბოლიდს ძრავის პრობლემა ჰქონდა. გამარჯვება ჩემპიონატში საბოლოოდ „მერსედესსა“ და ლუის ჰამილტონს დარჩა.

2018 წელს „ფერარის“ მთავარი კონკურენტი კვლავ დაუმარცხებელი „მერსედესის“ გუნდი იყო. პილოტებს კონკურენციას „რედ ბულის“ „მედ მაქსიც“ უწევდა. გუნდმა გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს სკუდერიას კიმი რაიკონენი დატოვებდა. სებასტიან ფეტელმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. კიმი რაიკონენმა მესამე. კონსტრუქტორების ჩემპიონატში „ფერარი“ კვლავ მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

2019 წელს ჩემპიონობისთვის სებასტიან ფეტელი და ფორმულა 1-ის ახალწვეული შარლ ლეკლერი იბრძოდნენ. „მერსედესის“ დომინირება კი უცვლელი იყო. მაქს ვერსტაპენიც თავის სტილში უტევდა. მაურიციო არივაბენე მატია ბინოტომ შეცვალა.

2020 წელს პანდემიის გამო სეზონი გვიან დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლოს გუნდი სებასტიან ფეტელს დაემშვიდობებოდა. სეზონის განმავლობაში ახალგაზრდა ფრანგი პილოტი უფრო სწრაფი იყო და გუნდი უპირატესობას აშკარად მას ანიჭებდა.  წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ფეტელმა Ferrari დატოვა. ეს საკმაოდ მტკივნეული "განქორწინება" იყო. გუნდიდან წასვლისთანავე გერმანელმა მის კოლექციაში მყოფი Ferrari-ს ავტომობილები გაყიდა.

მისი ადგილი გუნდში კარლოს საინსმა დაიკავა. 2021 წლის სეზონი გამორჩეული ლუის ჰამილტონისა და მაქს ფერსტაპენის მეტოქეობით იყო, რომელშიც საბოლოოდ ნიდერლანდელმა გაიმარჯვა. Ferrari-ს პილოტებისთვის ეს საუკეთესო სეზონი არ იყო, მაგრამ წარუმატებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კარლოს საინსმა მეხუთე, შარლ ლეკლერმა კი მეშვიდე ადგილი დაიკავა. კონსტრუქტორთა ჩემპიონატში სკუდერია მესამე ადგილზე გავიდა.

2022 წლიდან კი ბოლიდის დიზაინი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს სეზონი Ferrari-სთვის და შარლ ლეკლერისთვის თითქოს წარმატების მომტანი უნდა ყოფილიყო, თუმცა Ferrari F1-75 საკმაოდ არასტაბილური გამოდგა. შარლ ლეკლერი ტიტულისთვის ბრძოლაში მაქს ფერსტაპენთან დამარცხდა. კარლოს საინსმა კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

2023 სეზონი წინ დაძაბულ დაპირისპირებას გვპირდება. შეძლებს Ferrari ღირსეულად დაბრუნებას? კიდევ რამდენ ხანს იქნება კიმი რაიკონენი ამ გუნდის ბოლო ჩემპიონი? ეს ის კითხვებია, რომელსაც ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და უბრალოდ ლეგენდარულმა გუნდმა ტრასაზე უნდა უპასუხოს. 

გაზიარება: