სჭირდება ელექტრო ავტომობილს ზეთი?
მიუხედავად იმ აზრისა, რომ ელექტრო ავტომობილები, შიგაწვის ძრავიანთან შედარებით, გაცილებით მარტივია, მათ პერიოდულ გეგმური სერვისები მაინც სჭირდება.
კლიმატის ცვლილების საკითხი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მწვავედ დგას. მსოფლიო ლიდერები ამ საკითხზე კონფერენციებს მართავენ და მომავლის გეგმებზე თანხმდებიან. სწორედ ამის გამო, ავტოსამყარო ისტორიაში გარდამტეხ პერიოდშია და დიდ ცვლილებას განიცდის. შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები მალე წითელ წიგნში იქნება შეტანილი. მოგვწონს თუ არა ეს, მომავალი ელექტრო ავტომობილებისაა!
ავტოსამყაროს გარდა, ელექტრო ავტომობილებზე გადაწყობა, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვიწევს. მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა შიგაწვის ძრავიანების მართვას და მათზე ზრუნვასაა შეჩვეული. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ელექტრო ავტომობილების შენახვა გაცილებით მარტივია, მზრუნველობას ისინიც საჭიროებს. ამ სტატიაში ჩვენ გესაუბრებით იმ სითხეებზე, რაც EV-ებს კარგ ფორმაში ყოფნისთვის ესაჭიროება.
სჭირდება ელექტრო ავტომობილებს ზეთი?
სჭირდება თუ არა ელექტრო ავტომობილს მოტორის ზეთი? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა. რა თქმა უნდა, არა! ყოველ შემთხვევაში არა იმ ფორმით, რა ფორმითაც შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს.
როგორც იცით, შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ზეთი ძრავაში სხვადასხვა მოძრავი ნაწილის გაპოხვისთვის სჭირდება. ზეთი დროთა განმავლობაში ბინძურდება და მას გამოცვლა სჭირდება. შიგაწვის ძრავა დგუშების, სარქველების, სარქველების ზამბარების, მაერთებელი საწევების, მუხლა ლილვების, საკისარებისა და ცილინდრების მეშვეობით ფუნქციონირებს. ყველა მათგანი ურთიერთქმედებს და ხახუნის შესამცირებლად ზეთი სჭირდება.
ნაკლები ხახუნი ნიშნავს ნაკლებ გამოყოფილ სიცხეს, ნაკლებ ჟანგვას და ძრავის ნაკლებ ცვეთას. ზეთის გარეშე ეს ნაწილები ერთმანეთის დახმარების ნაცვლად, ერთმანეთს დააზიანებს. საბოლოოდ, ისინი ფუნქციონირებას შეწყვეტს და თქვენ ახალი ძრავა, ან საერთოდაც ახალი ავტომობილი დაგჭირდებათ.
როგორ იყენებს ელექტრო ავტომობილი ზეთს?
შიგაწვის ძრავის სწორად გაპოხვა, ელექტრო ავტომობილის მოტორის გაპოხვისგან განსხვავდება.
ელექტრო მოტორს, დამხმარე ძალურ დანადგარებსა და ცენტრალურ ჩამკეტ მექანიზმს სჭირდება საპოხი. მათ ექსტრემალურ პირობებს უნდა გაუძლონ. გაუმკლავდნენ მაღალ ტემპერატურას და მაბრუნ მომენტს. გაპოხვა სჭირდება:
-
მოტორის კომპონენტებს;
-
ბორბლის საკისრებს;
-
ტრანსმისიას;
-
ჰაერის გამაგრილებლის კომპონენტებს;
-
ცენტრალურ ჩამკეტ მექანიზმს.
ელექტრო ავტომობილის ხანგრძლივი ფლობა და სერვისი
ელექტრო ავტომობილის ფლობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მას ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვს და ნაკლებ სერვისს საჭიროებს.
სანამ ელექტრო ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, კარგი იქნება იმის ცოდნა, თუ რა გეგმური სერვისები სჭირდება მას.
რაც უფრო ძველდება EV, მისი ბატარეა სულ უფრო დეგრადირდება. საჭიროა, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდული შეფასება. ზოგიერთ ელექტრო კომპონენტს, რომლებიც ბატარეასთან, უკუგარდამქმნელთან, ან ელექტრო მოტორთანაა დაკავშირებული, შესაძლოა დროთა განმავლობაში შეცვლა დასჭირდეს.
მთავარი საკითხი ისაა, რომ ელექტრო ავტომობილით 12 წლით სარგებლობის შემდეგ, ბატარეის შეცვლა მოგიწევთ. ექსპერტების შეფასებით ელექტრო ავტომობილების ბატარეა საშუალოდ 500 000 კილომეტრზე ძლებს.
ამ გარბენით ავტომობილის ბატარეის სიმძლავრე 70%-მდე მცირდება, რაც იმის ნიშანია, რომ ბატარეის გამოცვლის დროა. რა ღირს ახალი? ეს ბატარეის ზომაზე და ავტომწარმოებელზეა დამოკიდებული.
სხვა სითხეები, რომლებიც უნდა შევცვალოთ
სიცხე ელექტრო ავტომობილისთვის მთავარი პრობლემაა. გამაგრილებელი სითხე მას ლითიუმის იონის ბატარეისგან გამოყოფილი სიცხის რეგულირებისთვის სჭირდება. ეს არის ის პროცესი, რომელშიც ელექტრო ავტომობილები და შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები ერთმანეთს ჰგავს. გამაგრილებელ სითხესთან დაკავშირებული სერვისები 7 წელიწადში ერთხელ სჭირდება. ეს სერვისი მოიცავს გამოშრობას, წმენდას და შევსებას ყველა მილსადენის.
ელექტრო ავტომობილების უმეტესობას ტრანსმისია არ აქვს. ამიტომ, ისეთ სითხის ისეთ შემოწმებას არ საჭიროებს, როგორსაც შიგაწვისძრავიანი ავტომობილები. თუმცა, Porsche-ს ინოვაციურ სრულიად ელექტრო Taycan-ს 2-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. მას ჩვეულებრივ სერვისი დასჭირდება. თუ ელექტრო ავტომობილები ამ მიმართულებით განვითარდება, მაშინ ტრანსმისიის სითხის კონტროლი მათაც დასჭირდებათ. ელექტრო ავტომობილის გადაცემათა კოლოფებს ხანდახან მაღალ სიჩქარესთან უწევთ გამკლავება, რაც ზეთზე მაღალ თბოფიზიკურ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ ტრანსმისიის ზეთი სიცხის გამძლე უნდა იყოს.
იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად იყენებთ საქარე მინის საწმენდ სითხეს, რა თქმა უნდა, მისი ავზის შევსებაც საჭიროა. იმის მიხედვით, თუ ამინდის როგორ პირობებში ცხოვრობთ, ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოთ და სითხე ისე შეარჩიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ავტომობილების მუხრუჭები დიდხანს ძლებს, სამუხრუჭე სითხეს შემოწმება მაინც სჭირდება. სამუხრუჭე სითხის ნაკლებობამ შესაძლოა მუხრუჭების გაფუჭება განაპირობოს. სამუხრუჭე სითხე ელექტრო ავტომობილში ყოველი 40 000 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შეივსოს. სითხის რეკომენდებული ტიპის დასადგენად ისევ მფლობელის სახელმძღვანელოს უნდა მიმართოთ.
ელექტრო ავტომობილი იმდენივე ზეთს არ მოიხმარს, რამდენსაც შიგაწვის ძრავიანი ავტომობილი. მაგრამ, მას ზეთი მოტორის საკისარითვის სჭირდება.
როგორც ხედავთ, სითხეების გამოცვლა ნაკლები სიხშირით, მაგრამ EV-საც სჭირდება. მომავალში გარშემო მხოლოდ ელექტრო ავტომობილები იქნება და ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს ენთუზიასტებს ნამდვილად არ ახარებთ, თუმცა, რას ვიზამთ, ბედს უნდა შევეგუოთ და ელექტრო ავტომობილებზე გადავერთოთ.