ტრანსმისიის სიჩქარეების სიმრავლე ყოველთვის გამოსავალი არ არის
ავტოინდუსტრიაში იყო პერიოდი, როდესაც ყველაფერი მარტივი იყო. ტრანსმისიები 4-5-სიჩქარიანი მექანიკური ან 3-4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემებით გამოდიოდა. ძალზედ იშვიათი გახლდათ 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფები. შემდეგ 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფები შემოვიდა, პოპულარული გახდა და მასობრივადაც დამკვიდრდა.
თუ მოვლენებს ავაჩქარებთ, მაშინ 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის მქონე Ford Ranger Raptor-თან აღმოვჩნდებით. 9-სიჩქარიანი კოლოფი აქვს ახალ Range Rover Evoque-საც. პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ 9 და 10-სიჩქარიანი ტრანსმისიებით აღჭურვილ მანქანებს დაყოვნება ახასიათებთ. ასეთ შემთხვევებში კი მძღოლისთვის მანქანის მართვის სიამოვნება ქრება.
რატომ ამატებენ მწარმოებლები ტრანსმისიის სიჩქარეს მანქანებს?
იმიტომ, რომ ეს საწვავის ეკონომიასა და წარმადობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. როგორ?
რაც უფრო მეტი სიჩქარე აქვს გადაცემათა კოლოფს, ძრავაც უფრო ნაკლებ ბრუნზე მუშაობს. ნაკლებ ბრუნზე მუშაობას ნაკლები საწვავიც სჭირდება. შესაბამისად, ვიღებთ საწვავის ეკონომიას.
კი, მაგრამ წარმადობასთან რა კავშირშია?
ხშირად ინჟინრები დამატებით სიჩქარეებს მაღლა არ ამატებენ. ეს ნიშნავს, რომ სიჩქარეები გადაცემათა ფარდობაში, ერთმანეთს შორისაა. შედეგად ერთად არსებული ბევრი სიჩქარე ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს არ კარგავს, აგრეგატი მაღალ ბრუნებზე რჩება და პიკურ სიმძლავრეს ბორბლებს მაქსიმალურად აწვდის.
ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ ხდება. გადაცემათა კოლოფების წონა, ზომა, დამზადების ხარჯები და კომპლექსურობაც მატულობს. პირდაპირპროპორციულად იზრდება სერვისისა და შეკეთების ხარჯებიც. რაც ყველაზე ცუდია, ტრანსმისიაში სიჩქარეთა რაოდენობის გაზრდა „ფიქრის“ დროსაც ზრდის. ასე და ამგვარად, თუ 10-სიჩქარიანი კოლოფით აღჭურვილ ავტომობილს აქსელერატორს ფეხს ბოლომდე დააჭერთ, მეათე სიჩქარიდან მეოთხეში გადმოსატანად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. შედეგად, პროცესი დაგვიანებით სრულდება და სასურველ სიმძლავრეს დაყოვნების შემდეგ იღებთ.
რამდენად დიდი პრობლემაა ეს?
ეს თავად უნდა განსაზღვროთ. თუ აქტიური ტარების სტილი გაქვთ და გადასწრებაც გიყვართ, მაშინ ასეთი კოლოფი მინიმუმ არ მოგეწონებათ, ხოლო მაქსიმუმ თქვენს ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს.
თუმცა, არსებობს ისეთი კოლოფებიც, რომლებიც ნაკლებ კბილანა ნაკრებს იყენებს და, შესაბამისად, გადაცემათა მეტ ფარდობას იღებენ. ის ნიშნავს, რომ მოძრაობაში ნაკლები დეტალია და სიჩქარეთა მონაცვლეობის დროც მცირეა. ასეთი გადაცემათა კოლოფი ZF 8HP გახლავთ, რომელიც BMW 1-Series-შიც და Aston Martin Vanquish-შიც გვხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრსიჩქარიანი კოლოფები უფრო და უფრო მკვიდრდება, მათი დღეები მაინც დათვლილია. მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნით, რომლებსაც ასეთი ტიპის ტექნოლოგია საერთოდ არ სჭირდება.
რამდენადაა თქვენთვის მისაღები 9 და 10-სიჩქარიანი კოლოფები? როგორია თქვენი გამოცდილება? დაწერეთ მოსაზრებები კომენტარებში!