Aa Aa

ეშმაკი ხარების ოჯახიდან: Lamborghini Diablo

1985 წელს, Lamborghini-ს ქარხანაში ფიქრი ლეგენდარული Countach-ის შეცვლაზე დაიწყეს. ავტომწარმოებლის V12-იანი სუპერქარების ხაზის ბოლო მოდელი, უკვე საკმაოდ ძველდებოდა. შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნამაც მკვეთრად დაიკლო. მიუხედავად ამისა, პროექტი 132 დამუშავების პროცესში ხუთ წელი იყო, ბიუჯეტმა კი 6 მილიარდი იტალიური ლირა შეადგინა.

ვინც ცოტათი მაინც ჩახედულია ამ ავტომწარმოებლის ისტორიაში, ფერუჩიო ლამბორგინის კორიდასადმი სიყვარულის შესახებ აუცილებლად ეცოდინება. Countach-ის გარდა, მის თითქმის ყველა მოდელს კორიდასთან დაკავშირებული სახელი ერქვა. ტრადიცია მისი უკანასკნელი პროექტის შემთხვევაშიც არ დაარღვია.

დეტალები წყაროების მიხედვით განსხვავდება, ზოგადი ისტორია კი ერთია:

მადრიდში 1869 წლის 11 ივლისს ვერაგუას ჰერცოგის  მძვინვარე ხარსა და ტორეადორ ელ ჩიკოროს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა. ცხოველი, ცნობილი თავისი დაუნდობლობით, არანორმალური ძალითა და ტანჯული ცხოვრებით, ისტორიაში დიაბლოს (ესპ. ეშმაკი) სახელით შევიდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, ჰერცოგის ხარი საკმარისად აგრესიული აღმოჩნდა იმისათვის, რომ Lamborghini-ს სუპერქარის დასახელება გამხდარიყო.

ავტომობილის დიზაინი (ისევე, როგორც მისი 2 წინამორბედის) მარჩელო განდინიმ შეიმუშავა. დიზაინზე და კომფორტზე მკვეთრი გავლენა, კერძოდ კი აგრესიული, კუთხოვანი დეტალების ამოღება კრაისლერის მოთხოვნით იყო განპირობებული, რომელმაც იტალიური კომპანია 1987 წელს შეიძინა.

მიზანი იყო შექმნილიყო უფრო ჰუმანური, კომფორტული და აგრესიული ავტომობილი, რომელიც საზოგადოების მაღალ ფენებში დისკომფორტის შეგრძნებას არ გამოიწვევდა.

ეს ყველაფერი კრაისლერის ღრმა კომერციულ ოცნებებში დარჩა, რადგან წარმოებაში ჩაშვების შემდეგ უკვე ნათლად ჩანდა, რომ მარჩელო განდინიმ ეშმაკს სული მიჰყიდა.

Lamborghini-ს ახალი სუპერქარი პუბლიკის წინაშე 1990 წლის 21 იანვარს მონტეკარლოში, Hotel de Paris-ში წარსდგა. 240.000$-ზე მეტი ღირებულების თაობაზე, მომხმარებლებს საკმაოდ სპარტული ავტომობილი მიეწოდებოდათ: ჩვეულებრივი აუდიოსისტემა CD Player-ით, მექანიკური-არაელექტრო შუშის ამწევები, რეგულირებადი, მაგრამ არა ელექტრო სავარძლები და არავითარი ABS-ი.

ამ ყველაფრის მიზანი Diablo-ს ისედაც მაღალი წონის შემცირება იყო. დამატებითი პაკეტები მოიცავდა: მყიდველის სურვილით შეკერილ სავარძლებს, უკანა ფრთას, საბარგო ჩემოდნებს და ექსკლუზიურ Breguet-ის საათს, რომლის ღირებულებაც 10,500$-ს შეადგენდა.

V12-იანი სუპერქარების ახალი სტანდარტული მოდელის კონსტრუქცია უკანაწამყვანი და, რა თქმა უნდა, ცენტრალურძრავიანი იყო. მისი ტექნიკური მახასიათებლები კი ასე გამოიყურებოდა:

ძრავა: – Lamborghini V12 [Dual Overhead Cams] მოცულობით 5.7 ლიტრი, ცილინდრზე 4 კლაპანი [სულ 48]

კომპიუტერით კონტროლირებადი მრავალწერტილოვანი შეფრქვევა, რომელიც Weber-თან და Marelli-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

გადაცემათა კოლოფი: 5-სიჩქარიანი მექანიკა

სიმძლავრე: 499 ცხენის ძალა 

მაბრუნებელი მომენტი: 579 ნიუტონ მეტრი 

0-100 კმ/სთ: 4 წამზე ნაკლები

წონა: 1600 კგ

Countach-ისგან განსხვავებით უკანა საჰაეროები შასიში ინტეგრირებულია, რომელთა მეშვეობითაც ჰაერი რადიატორებისკენ და ძრავასკენ მიემართება. უკანა ბამპერი კი 12-ცილინდრიანი ძრავის მიმდებარე სივრციდან ცხელი ჰაერის გამოდინებას უზრუნველყოფს. აღჭურვილია 17-ინჩიანი ნახევრად ალუმინის OZ-ის დისკებით და Pirelli P Zero საბურავებით.

სუპერქარში სხვადასხვა სახის მეტალია გამოყენებული – მგზავრების ადგილს მეტალის კონსტრუქცია იცავს, სხვა ნაწილებს კი მსუბუქი ლითონი – ძირითადად ალუმინი. სიგანე იგივე გამოვიდა, რაც Countach-ის და ავტომობილის პარკირებაც არ იყო ადვილი, თუმცა, წინამორბედივით კარების სტილი ე.წ Lambodoors-ი იყო. ახალი სუპერქარის ხილვადობა წინამორბედზე ბევრად უკეთესი იყო. უკანა ფანჯარას ძრავა აღარ ეფარებოდა.

ეშმაკი უკვე Lamborghini-ს სულში ჩასახლდა… დაბალი, განიერი და უკიდურესად სწრაფი.

მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კილომეტრ საათით განისაზღვრა, თუმცა, Nardo-ს ტრეკზე, სანდრო მუნარიმ 340 კილომეტრ საათის განვითარება შეძლო. მიღწეულ იქნა როგორც Countach-ის შეცვლის მთავარი საბაბი (320 კმ/სთ-ზე მაღალი მაქს. სიჩქარე), ასევე მთავარი მიზეზიც – იტალიურმა სატანამ Ferrari F40 დაამარცხა და სუპერქარების ბაზარზე პირველი ადგილი დაიკავა (Bugatti EB110-ს და Jaguar XJ220-ს გამოსვლამდე).

Diablo კარგად იყიდებოდა და კომერციული თვალსაზრისით პრობლემა არ შეჰქმნია. მან სხვადასხვა ჟურნალსა და ავტოექსპერტს შორის ბევრი ტესტი და შემოწმება გაიარა და ყველა მათგანში გამოცდა წარმატებით ჩააბარა. თუმცა, რამდენიმე ნაკლი მაინც ჰქონდა: ჰიდრავლიკის არქონა და კონუსის სიმძიმე – ანუ ის პრობლემები, რომლებიც Lamborghini-ს ამ მოდელამდეც აწუხებდა. პრობლემა საბოლოოდ 1993 მოგვარდა, როდესაც Diablo-ს ახალი ვერსია – Diablo VT გამოვიდა.

Viscous Traction ვერსიაში ძირითადად კომფორტი და მართვადობა იქნა გაუმჯობესებული. ავტომობილზე დაყენდა AWD სისტემა, რომელიც დაახლოებით მაბრუნი მომენტის 25%-ს წინა საბურავებზე ანაწილებდა. 1995 წელს გამოჩნდა Roadster ვერსიაც.

Lamborghini-ს 30-ე წლისთავის აღსანიშნად 1994-1995 წლებში შეზღუდული სერიით გამოდიოდა Diablo Special Edition 30 (სულ 150 ერთეული, სიმძლავრე – 530 ცხენის ძალა) და მისი მოდიფიკაცია Diablo SE30 Jota (სულ 28 ერთეული, 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, სიმძლავრე – 603 ცხენის ძალა). Jota თავისი კარბონის ნაწილებით, სტანდარტულ Diablo-ზე დაახლოებით 150 კგ-ით მჩატე იყო. გარეგნულად განსხვავებული ბამპერები, აეროდინამიკური ღობეები და სახურავზე 2 საჰაერო, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ ადვილი იყო სტანდარტული Diablo-სგან გამორჩევა. SE30-ში და Jota-ში Lamborghini-მ გადაწყვიტა არ დაეყენებინა VT-ს მსგავსი AWD და დაკიდების სისტემა. თუმცა Special Edition ვერსიებში დაკიდების სისტემის სიმაგრე სალონიდან ელექტრონულად მართვადი იყო.

Lamborghini-ს ყველაზე სწრაფი ავტომობილის შექმნა დღემდე საკმაოდ გასაიდუმლოებულია. არსებობს რამდენიმე წყარო,ომელიც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული Diablo VT-ში ძრავის მოცულობის 7 ან 8 ლიტრამდე გაზრდისა. გამოთვლების მიხედვით 640 ცხენის ძალის მიღება იქნებოდა შესაძლებელი.

იდეა არ მოიწონეს და სხვა ალტერნატივა აირჩიეს: ორი Garret T4 ტურბინა, სპეციალურად შექმნილი შუალედური გამაგრილებელი, სარქველები, ცილინდრები და ა.შ. დინამომეტრზე შემოწმების დროს ტურბინის მაქსიმალურ წნევაზე გამოიმუშავა 1170 ცხენის ძალა, რაც ავტომობილის წინა ხიდს ნაწილებად ამსხვრევდა. Diablo VT Twin Turbo-ს სიმძლავრე საბოლოოდ 600 ცხენის ძალით განისაზღვრა 6 PSi წნევაზე და 750 ცხენის ძალით 9 PSi წნევაზე.

არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სულ გამოშვებულია 6-იდან 7-მდე ტვინ-ტურბო ვერსია. ჭორების მიხედვით ერთ-ერთ მათგანს 1000 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრე აქვს.

Diablo SV, იგივე Super Veloce 1995 წლიდან ეშმაკის დამატებითი პაკეტი იყო. მას არ ჰქონდა VT-ს AWD და ელექტრო დაკიდების სისტემა, თუმცა გააჩნდა მსგავსი სალონი და გაძლიერებული მუხრუჭები. SV ვიზუალურად ჩვეულებრივი Diablo-სგან რეგულირებადი, განსხვავებული სპოილერით და საჰაეროებით გამოირჩეოდა. მისი 5.7-ლიტრიანი ძრავა კი უკვე 517 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

1996 წელს, ჟენევის ავტოსალონში Diablo SVR – Supertrophy წარმოადგინეს. შექმნის იდეა 24 Hours of Le Mans-იდან მოდიოდა, როცა ტომას ბჩერმა BPR GT სერიებში გამარჯვება მოიპოვა.

SVR 1194 კგ-ს იწონიდა (SV ვერსიაზე 191 კგ-ით მსუბუქი) და 547 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Supertrophy გახდა პირველი Diablo, რომელიც ცვლადი ფაზებით აირგანაწილებას იყენებდა. კოსმეტიკური ცვლილებები უამრავი იყო. განსაკუთრებულად შესამჩნევი კი სარბოლო პოლიმეთილის ფანჯრები, დაფარული, განსხვავებული მაშუქები და 18-ინჩიანი OZ Racing-ის მაგნიუმის დისკები. სულ გამოუშვეს 31 ერთეული, მათგან კი მხოლოდ რამდენიმე იყო საყოველთაო გზებზე დაშვებულად გადაქცეული და გაყიდული.

მეორე თაობის Diablo-ს გამოშვება 1999 წელს დაიწყო. ვიზუალურ ცვლილებებში შედიოდა ახალი, განსხვავებული დისკები, სალონი და Nissan Z32 300ZX-ის მაშუქები, რომლის გამოყენების ლიცენზიაც Lamborghini-მ ოფიციალურად მიიღო.

მექანიკური ცვლილებები მოიცავდა უფრო მძლავრ და დიდ მუხრუჭებს ABS-ით, ცვლადი ფაზებით აირგანაწილების სისტემას და ძრავის გაზრდილ სიმძლავრეს 536 ცხენის ძალამდე. შესაბამისად შეიცვალა ტექნიკური მახასიათებლები: გაუმჯობესებული დამუხრუჭება და 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.6 წამში.

პარალელურად გამოდიოდა უკანა წამყვანი SV და შეზღუდული სერიით Edition 2000 ვერსიაც.

1999-2000 წლების მანძილზე ევროპული ბაზრისთვის 80 ერთეული Lamborghini Diablo Gran Turismo გამოვიდა, რომელიც SV-ს კიდევ უფრო მეტად სპორტულ ვერსიას წარმოადგენდა. გაძლიერებული მუხრუჭები, უფრო ხისტი დაკიდების სისტემა და შეცვლილი ექსტერიერი მოდიფიკაციის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდა.

თითქმის მთლიანი ავტომობილი კარბონისგან იყო აწყობილი. ნახშირბადი გამოყენებული არ იყო მხოლოდ სახურავის და კარების კონსტრუქციაში. GT-ს ძრავა სხვა დემონების ძრავებისგან საკმაოდ განსხვავდებოდა – გარდა 6 ლიტრამდე გაზრდილი მოცულობისა, ძრავა მიიღო ინდივიდუალური შემშვები სისტემა თითოეულ ცილინდრზე, ისევე როგორც უკვე კარგად გამოცდილი ცვლადი ფაზებით აირგანაწილების სისტემა და, რა თქმა უნდა, ავტომწარმოებლის ტრადიცია: ალუმინის და მაგნიუმის შემშვები კოლექტორი. ძრავის მოდიფიცირებამ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ანახა: 575 ცხენის ძალა 7300 ბრუნზე და 630 ნმ 5500 ბრუნზე.

შასის მსგავსად, Diablo GT-ს სალონის მასალად უმეტეს წილად კარბონი იყო გამოყენებული. სარბოლო საჭესთან, სკამებთან და 4-წერტილიან ღვედებთან ერთად, რა თქმა უნდა, არც კომფორტი იყო დავიწყებული: კონდიციონერს, უსაფრთხოების 2 ბალიშს და უკანახედვის კამერას მფლობელი თავისი ნებით ირჩევდა. GT მხოლოდ 4 ფერის გამოდიოდა: ნარინჯისფერი, ყვითელი, შავი და ვერცხლისფერი.

Diablo SVR Supertrophy-ს შემდეგ მზადება უკვე 2000 წლის სეზონისთვის დაიწყო. ბაზად აიღეს GT მოდელი, რომელსაც უამრავი მოდიფიკაცია დასჭირდა.

უკატალიზატორო სპეციალური გამომშვები სისტემით და Lamborghini-ს სარბოლო [LIE] ძრავის ელექტრონული მართვით სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მართვადობის გაუმჯობესებაზე სარბოლო დაკიდების სისტემით და ძარათი იზრუნეს. GT-ს 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფისგან განსხვავებით, GTR 5-სიჩქარიანი იყო, მეხუთე სიჩქარის დამოკლების დამატებითი ფუნქციით.

სარბოლო, განიერი დისკები მაგნიუმის იყო. ძარა GT-ს მსგავსად კარბონის, სახურავი ფოლადის, ხოლო კარები ალუმინის. შეცვლილი იყო პილოტის სკამის და გადამრთველის მდებარეობა, კაბინაში კი დამონტაჟებული იყო ცეცხლმაქრი სხვა სარბოლო და უსაფრთხოების მოწყობილობებთან ერთად. 30 ავტომობილის წარმოება გადაწყვიტეს, თუმცა, საბოლოოდ, რაოდენობამ 40-ს მიაღწია. GTR-ი ეშმაკის სპორტული შესაძლებლობების პიკს წარმოადგენდა.

1990 წელს Automobili Lamborghini S.P.A,-ს CEO-მ, მაიკ კიმბერლიმ დართო ნება Automóviles Lamborghini Latinoamérica-ს გაეყიდა მისი მოდელები ან თუნდაც გამოეშვა და შეეცვალა დიზაინი საკუთარი ინიციატივით. ერთ-ერთ ასეთ ქმნილებას წარმოადგენს Diablo-ს მოდიფიცირებული ვერსია – Coatl-ი (აცტეკურად გველეშაპი), რომელიც პუბლიკის წინაშე 2001 წელს Eros GT1-ის სახელით წარსდგა.

Coatl-ის მაქსიმალური სიჩქარე 385 კმ/სთ-ით განისაზღვრებოდა, 100-მდე აჩქარება 3.5 წამით ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე 635 ცხენის ძალით, რომელიც Diablo-ს 6.3-მდე მოდიფიცირებული ძრავით მიიღებოდა, დამატებითი სიმძლავრის ასატანად, გველეშაპის ძარა ქრომირებულ ფოლადს შეიცავდა – შეიძლება ითქვას, რომ ძრავის, ისევე როგორც შასის პროექტი ინგლისში, McLaren-ს ქარხნამდე მიდის.

აღსანიშნავია სხვა რამდენიმე ლათინოამერიკული პროექტის არსებობაც (მაგ. Lamborghini Alar), რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

90-იანი წლების ბოლოს Lamborghini Audi Aktiengesellschaft-ის საკუთრებაში გადავიდა. ახალი V12-იანი სუპერქარი მზადების პროცესში იყო, თუმცა. პროცესის დასრულებამდე გადაწყდა, ბაზრისთვის ახალი, გაუმჯობესებული Diablo შეეთავაზებინათ.

უკანასკნელი მოდელები 6-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვა (მსგავსი ტექნოლოგიები, რაც Diablo GT-ში), სიმძლავრემ კი 550 ცხენის ძალა შეადგინა. Diablo 6.0 VT 2001 წლამდე გამოდიოდა, უკანასკნელ 2 გამოშვებას კი 6.0 VT SE დაერქვა. ერთ-ერთი მათგანი ოქროსფერი, ხოლო მეორე ბრინჯაოსფერი იყო, რაც განთიადის და მზის ჩასვლის სიმბოლოებს წარმოადგენდა. ოქროსფერი Diablo ბოლონიაში, Lamborghini-ს მუზეუმში ინახება.

დღემდე აღიარებულია, რომ Diablo იყო Lamborghini-ს საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქმნილება. სუპერქარმა პოპულარობა ავტოსამყაროში დამსახურებულად მოიპოვა. მის ანგარიშზე არაერთი ცნობილი საავტომობილო ჟურნალის, გადაცემის განხილვის ობიექტად ყოფნა და კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობაა.

ეშმაკის წარმოება 2001 წელს შეწყდა, თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა: 1879 წლის 5 ოქტომბერს კორდობაში, Coso de los califas კორიდას მოედანზე ცნობილ ტორეადორ რაფაელ (El Lagartijo - ხვლიკი) მოლინა სანჩესსა და ხოაკინ დელ ბალ დი ნაბარას ფერმის ხარს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა. ტორეადორის 28 ხანჯლის დასობის მიუხედავად, ცხოველი სიკვდილზე უარს ამბობდა. მისმა ვნებამ და სიცოცხლის ჟინმა მაყურებლების აღფრთოვანება გამოიწვია, რაც ხარის სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნაში გადაიზარდა. El Lagartijo იძულებული გახდა, დაეთმო საკუთარი ღირსება და ხარისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ხარი საჩუქრად დონ ანტონიო მიურას მიართვეს, რომელმაც ცხოველი სევილიაში, საკუთარ რანჩოზე წაიყვანა. იგი ახალ ფერმაშიც სხვა ხარებთან შედარებით სიდიდით და მძვინვარებით გამოირჩეოდა, მისი ზედმეტსახელი კი ,,ღამურა” იყო, რაც ესპანურად Murciélago -ს ნიშნავს…

გაზიარება: