იაპონელი მინირაკეტა ფინელის ხელში: VHT Racing Toyota Starlett
შორიდან მაღალბრუნიანი ძრავის ბღავილი ისმის. PORSCHE GT3 RS? არა, ის ასე არ ჟღერს. Ferrari 458? არა, მას V8 აქვს. Honda VTEC? მაინც არა. ეს უკანაწამყვანი VHT Racing-ის მიერ შექმნილი Toyota Starlet-ის 11 000- ბრუნიანი ძრავის ხმაა.
ამ მოდელის რალის პროექტი ფინეთში დიდი ინეტრესითა და პოპულარულობით სარგებლობს. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ მანქანის მონაცემები და ხასიათი ფინელი მრბოლელების მართვის გამოერჩეულ სტილში ზუსტად ჯდება. ეს კონკრეტული პროექტი, ალბათ სხვა დანარჩენი „სტარლეტებისგან“ კიდევ უფრო მეტად გიჟური და ამავდროულად დახვეწილია.
ეს პროექტი ფინელ მიკო კატაიას ფარეხში 2002 წელს დაიბადა, როცა, ფინურ F ჯგუფის რალიში მონაწილეობის მისაღებად, 1979 წლის Toyota Starlet KP62 იყიდა. ავტომობილი ნახევრად დაშლილი და საკმაოდ ნატანჯი იყო, მაგრამ ამ ფაქტმა მიკოს მანქანის შეძენა ვერ გადააფიქრებინა. F ჯგუფის რალიში მონაწილების მისაღებად თავისი 1.5-ლიტრიანი 115 ცხენისძალიანი ძრავით „სტარლეტი“ იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა.
პირველად რალიში მონაწილეობა მიკომ 2002 წელს მიიღო. მას შემდეგ რალი სიგიჟემდე შეუყვარდა და „სტარლეტის“ პროექტის გაკეთება გადაწყვიტა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ავტომობილში რადიკალური ცვლილებები არ შეუტანია.
2004 წელს ფინური რალის ერთ-ერთი მონაკვეთის ბოლო მოსახვევში მიკოს ავარია მოუვიდა. პილოტი სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა. ავტომობილი კი სერიოზულ შეკეთებას საჭიროებდა. მამის დახმარებით, მიკომ მისი შეკეთება დაიწყო და პირველი, რაც შეცვალა იყო ძრავი, რადგან მას აღარ ჰყოფნიდა 115 ცხენის ძალა და 7 000-ბრუნიანი ლიმიტი არ აკმაყოფილებდა. ძრავის გაუმჯობესების შემდეგ, ერთ-ერთ სატესტო გარბენზე ძრავამ დატვირთვას ვერ გაუძლო და გადაიწვა. ამის შემდეგ „სტარლეტი“ 2011 წლამდე ფარეხში დაამწყვდიეს.
2009 წელს კატაიმ Automotive Electronics Engineer-ის დიპლომი აიღო და თავისი ტუნინგ ატელიე გახსნა: VHT Racing Engineering. თავის ავტოსახელოსნოში ყველა საჭირო ხელსაწყო და აღჭურვილობა ჰქონდა იმისთვის, რომ „სტარლეტის“ პროექტი გაეგრძლებინა.
პროექტის მეორე ეტაპზე, მიკომ შასის გადაკეთება და უფრო მძლავრი ძრავის ჩადგმა გადაწყვიტა. პატარა „ტოიოტას“ ძრავის სივრცეში ახალი 1,6-ლიტრიანი 8-სარქველიანი 200 ცხენისძალიანი ძრავი აღმოჩნდა, რომლის მაქსიმალური ბრუნი წუთში 8700 აღწევდა. ამასთან ერთად კატაიამ „ბოშის“ ახალი კომპიუტერი (ECU) დააყენა. მონაცემები თავისი გემოვნებით შეცვალა. ყურადღების მიღმა არც სავალი ნაწილი დაუტოვებია. ახალი Cusco-ს დიფერენციალი და KW-ს დაკიდების სისტემა დააყენა, რომელიც ექსკლუზიურად „სტარლეტისთვის“ დაამზადებინა. ეს საჭირო განახლებები იყო, რათა ახალ, ძლიერ ძრავას მანქანა მოსახვევში გამკლავებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, კატაია შედეგით უკმაყოფილო დარჩა.
პროექტის მესამე საფეხური დაიწყო, როცა მიკო „პაიკს პიკის“ აღმართის დაძლევის 100 წლის იუბილესთვის ემზადებოდა. პირველი, რაც მან გააკეთა, „სტარლეტში“ ახალი 4A-GE 16 სარქველიანი ძრავას ჩადება იყო. იმისათვის, რომ 11 000-ბრუნიანი 250 ცხენისძალიანი ძრავა მიეღო, მიკოს მისი თავიდან ბოლომდე გადაწყობა მოუწია. ძრავის ძირითადი ბლოკი ანალოგიური 20-სარქველიანი 4A-GE ძრავისგან აიღო, გაძლიერებული ლილვი და მსუბუქი დგუშები დაუყენა (თითო დგუშის წონა 189 გრამს შეადგენდა). ავტომობილს ახალი „სასუნთქი გზები“ დასჭირდა. ფინელი ინჟინრისთვის პრობლემა არც ეს იყო. მიკოს მიერ შემუშავებული ჰაერის შემშვები და გამონაბოლქვის სისტემები 250 ცხენს ყველაზე კარგად 8 000-დან 11 000-ამდე ბრუნის დიაპაზონში ამუშავებდა.
„სტარლეტი“ თავდაპირველად რალის ბოლიდის პროექტად მოიაზრებოდა, ამიტომ 6-სიჩქარიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მიკოსთვის აუცილებლობა იყო. იმისათვის, რომ ავტომობილს ფინელის გიჟური ტარების სტილისთვის გაეძლო, „სტარლეტი“ „ვილვუდის“ ვენტილირებადი მუხრუჭებით აღჭურვა.
ამ ეტაპზე მიკო კატაიას VHT Racing Toyota Starlet 250 ცხენის ძალას 10 200 ბრუნზე აწარმოებს. 0-100 კმ/სთ-ამდე აჩქარება კი სულ რაღაც 4,5 წამს საჭიროებს. 810 კილოგრამი წონის მქონე ავტომობილი 600-ზე მეტი ცხენის ძალის მქონე მეტოქეებს თავის კლასში სერიოზულ კონკურენციას უწევს.
როგორც კატაია ამბობს, ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა, რადგან ავტომობილს უკეთესი შედეგების მისაღებად ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ერთადერთი, რაც მუდამ უცვლელი დარჩება, მაღალბრუნიანი ატმოსფერული ძრავა იქნება.