ძველი სკოლის სპორტული მანქანები, რომელთა შეძენაც 2022 წელსაც შეიძლება
ეს ახალი მანქანები ძველი სკოლის სტილის მართვის სიამოვნებას ისევ მოგანიჭებთ.
ავტოინდუსტრია ბევრ არასასიამოვნო სიმართლეს მალავს. ერთ-ერთი ასეთი მწარე სიმართლე ისაა, რომ ავტომწარმოებლები ენთუზიასტებზე აღარ ფიქრობენ. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთული ხდება ისეთი ახალი მანქანის მონახვა, რომელიც მძღოლს მართვის ჭეშმარიტ სიამოვნებას მიანიჭებს. დაახლოებით ისეთს, როგორსაც 10 ან 20 წლის წინ გამოშვებული სპორტული მანქანები გვთავაზობდნენ.
ატმოსფერული ძრავა, მექანიკური გადაცემათა კოლოფი და სიმარტივე ის მახასიათებლებია, რაც თანამედროვე მანქანების უმეტესობას არ აქვს. თუმცა, საბედნიეროდ, მოყვარულებისთვის რამდენიმე ალტერნატივა მაინც არსებობს. დღეს კი სწორედ ამ ალტერნატივებს ჩამოგითვლით და მიმოვიხილავთ.
Mazda MX-5 Miata
ასეთ სიებში Mazda-ს კომპაქტური როდსტერის ხშირი ხილვით გამოწვეული თქვენი მობეზრება ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს ავტომობილი ძველი და ტკბილი დროის მართვის გამოცდილებას 2022 წელსაც გვთავაზობს. რეცეპტი მარტივია - სიმსუბუქე, ატმოსფერული ძრავა, საკმარისი სიმძლავრე და მოკლე ფარდობის მექანიკური კოლოფი.
MX-5-ის ყველზე ახალი ვერსია 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 184 ცხენის ძალასა და 205ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ 1 030კმ-იანი კაბრიოლეტი 0-დან 100-მდე 5.7 წამში აჩქარდეს. MX-5-ის მართვადობაზე კი ლეგენდები დადის. შედეგად, ამ მანქანით გადაადგილება სიამოვნებას გარანტირებულად მოგანიჭებთ და ღიმილსაც მოგგვრით!
Mazda MX-5 Miata-ს მახასიათებლები:
ძრავა: 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ერთრიგა;
სიმძლავრე: 184 ცხენისძალა, 205ნმ;
წონა: 1 030კგ;
0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება: 5.7 წამი.
Dodge Challenger
თუ კლასიკური ამერიკული კუნთები მოგწონთ, მაშინ გეტყვით, რომ Dodge Challenger-ს ამ სიამოვნების მონიჭება ყველაზე მეტად შეუძლია. დიახ, მოსახვევებში სხარტი არ არის, მაგრამ Challenger-ის საქმე დაკლაკნილ გზებზე სიარული არც არასდროს ყოფილა.
ეს მოდელი ძრავების რამდენიმე ვერსიით გამოდის, რომელთა მოცულობაც 5.7-ლიტრიდან 6.4-ლიტრამდე მერყეობს. ამ უკანასკნელი აგრეგატით მანქანა 0-დან 100-მდე 4.3 წამში ჩქარდება. სამწუხაროდ, Challenger Hellcat-ის მექანიკური გადაცემათა კოლოფით შეძენას ვეღარ მოახერხებთ. ის ZF-ის 8-სიჩქარიანი ავტომატიკით გამოდის. მიუხედავად ამისა, Challenger-ი ძველი სკოლის ამერიკული კუნთების ატმოსფეროს ნამდვილად შეგიქმნით.
Porsche Cayman GT4
როდესაც მანქანის მართვის სიამოვნებაზე ვსაუბრობთ Porsche აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს. ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი 718 Cayman GT4 გახლავთ, რომელიც 718-ების სერიაში ყველაზე მიმზიდველია.
4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ატმოსფერული ოპოზიტური ძრავა 420 ცხენის ძალასა და 420 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს შუაძრავიანი „პორშე“ 1 418კგ-ს იწონის და 100კმ/სთ-ს 3.6 წამში ავითარებს. რაც მთავარია, დაბალანსებული შასი, საოცარი მოჭიდება და მანევრულობა მოსახვევებში ყველა თქვენ ცხოვრებისეულ პრობლემას დაგავიწყებთ.
Porsche Cayman GT4-ის მახასიათებლები:
ძრავა: 4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ატმოსფერული ოპოზიტური;
სიმძლავრე: ძრავა 420 ცხენის ძალა, 420ნმ;
წონა: 1 418კგ;
0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება: 3.6 წამი.
Ford Mustang GT-ი
Ford Mustang GT-ის S550 თაობის გამოსვლას ბევრი მოყვარული სიხარულით არ შეხვედრია. მათი უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ მანქანა „ზედმეტად ევროპულ“ ხასიათს ატარებდა. თუმცა, მიუხედავად ყველაზე სახეცვლილი Mustang-ის სტატუსისა, მანქანას თავისი ტრადიციული გენები მაინც მოსდგამს.
4-ცილინდრიან ტურბინიან ძრავასთან ერთად, მოდელი 5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავის ვერსიადაც არსებობს. ეს უკანასკნელი 460 ცხენის ძალასა და 569ნმ-ს გამოიმუშავებს. 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით წარმოდგენილი Mustang-ები 0-დან 100-მდე 4.2 წამში ჩქარდება.
2022 წელის ამ თაობისთვის საბოლოო წელი გახლავთ. მომავალ წელს S650 თაობა გამოვა, რომელიც ჰიბრიდი იქნება.
Ford Mustang GT-ის მახასიათებლები:
ძრავა: 5-ლიტრიანი ატმოსფერული V8;
სიმძლავრე: 460 ცხენის ძალა და 569ნმ;
0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება: 4.2 წამი;
წონა: 1 680კგ.
Toyota GR86
მძღოლისთვის გამოშვებულ მანქანებზე საუბრისას Toyota-ს კომპაქტურ, უკანაწამყვან სპორტულ ავტომობილს თავს ვერ ავარიდებთ. Mazda MX-5-ის მსგავსად ის მსუბუქია, ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი და მექანიკური კოლოფი აქვს. 2.4-ლიტრიანი ოპოზიტური 4-ცილინდრიანი ძრავა 228 ცხენის ძალასა და 250ნმ-ს გამოიმუშავებს. მცირე წონის ხარჯზე კი 0-დან 100-მდე აჩქარება 5.8 წამში შეუძლია.
Toyota GR86 1 277კგ-ს იწონის და ის დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით, ძალზედ ცოტას მსუბუქია. რაც მთავარია, ავტომობილის შასი დახვეწილია. საპროექტოდ კი ერთ-ერთი იდეალური მანქანა გახლავთ.
Toyota GR86-ის მახასიათებლები:
ძრავა: 2.4-ლიტრიანი ოპოზიტური 4-ცილინდრიანი;
სიმძლავრე: 228 ცხენის ძალა;
წონა: 1 277კგ;
0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება: 5.8 წამი.
Chevrolet Camaro SS
Challenger-ისა და Mustang-ის გვერდით Camaro რომ არ გვეხსენებინა, გულშემატკივრები სასტიკად გაგვაკრიტიკებდნენ. Mustang-ის მსგავსად, Chevy Camaro გარდამავალ ეტაპზე გახლავთ. 2024 წელს Camaro-ს სახელს ელექტრო სედანი ატარებს. ეს კი საკულტო მოდელის დასასრულს ნიშნავს.
თუმცა, იქამდე ჯერ საკმაო დროა იმისთვის, რომ ტრადიციული მოდელი შეიძინოთ, რაც ორ კარს, V8 აგრეგატსა და 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფს გულისხმობს.
ახალი LT1 ვერსიაში 6.2-ლიტრი მოცულობის აგრეგატი შეგხვდებათ, რომელიც 455 ცხენის ძალასა და 617ნმ-ს გამოიმუშავებს. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დიდი სამეულიდან („მუსტანგი“, „ჩელენჯერი“, „კამარო“) Chevy ყველაზე ახლოსაა ნამდვილი სპორტული ავტომობილის ცნებასთან.
Chevrolet Camaro SS-ის მახასიათებლები:
ძრავა: 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8;
სიმძლავრე: 455 ცხენის ძალა;
ტრანსმისია: 6-სიჩქარიანი მექანიკური;
წონა: 1 783კგ;
0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება: 4.3 წამი.
Nissan Z-ი
2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მანქანა Nissan Z-ი გახლავთ. ამ მოდელმა 370Z-ი უნდა ჩაანაცვლოს. 370Z-ისგან ახალი მოდელი მემკვიდრეობით იმავე შასისა და გადაცემათა კოლოფს მიიღებს. ახალი Z-ი Infinity Q50 და Q60 RedSport-ის 3.0-ლიტრიანი V6-ით იქნება აღჭურვილი.
ეს კი საკმაოდ კარგი ამბავი გახლავთ, რადგან ამ აგრეგატებს ეფექტურობის პიკში 400 ცხენის ძალისა და 474ნმ-ის გამომუშავება შეუძლია. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ახალი მოდელი 0-დან 100-მდე 4.4 წამში აჩქარდება.
Nissan Z-ის მახასიათებლები:
ძრავა: 3.0-ლიტრიანი V6;
სიმძლავრე: 400 ცხენის ძალა;
ტრანსმისია: 6-სიჩქარიანი მექანიკური;
0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება: 4.4 წამი.
Porsche 911 GT3
უკანაძრავიან გერმანულ სპორტულ ავტომობილს რეკლამა და შესავლები არ სჭირდება. წლების გასვლასთან ერთად 911-ის გაბარიტები გაფართოვდა, ტექნოლოგიურად კი უფრო დაიხვეწა და კომპლექსური გახდა. მიუხედავად ამისა, 911 უკომპრომისო წარმადობას გვთავაზობს, რაც GT3 ვერსიაში უფრო პიკანტურადაა წარმოდგენილი.
718 Cayman GT3-ის მსგავსად, 911 GT3-იც 4-ლიტრიანი ატმოსფერული ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 503 ცხენის ძალასა და 470ნმ-ს გამოიმუშავებს.
მეტიც, 911 GT3-ის შეძენა 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც არის შესაძლებელი. ასეთი ტრანსმისიით კი მანქანა 100კმ/სთ-ს 3.7 წამში განავითარებს. ეს PDK-კოლოფიან ვერსიას 0.5 წამით ჩამორჩება. ფაქტი ისაა, რომ 911 GT3-ის კომპლექტაციები ბევრი სხვადასხვა ტიპის მოყვარულის სურვილებს დააკმაყოფილებს.
რომელია ჩამოთვლილთაგან თქვენი ფავორიტი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში!