Aa Aa

რალის სუპერვარსკვლავი: კოლინ მაკრეის ისტორია

სწორი გზები სწრაფი მანქანებისთვისაა,

მოსახვევები სწრაფი პილოტებისთვის“

- კოლინ მაკრეი


რალის მოყვარულებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ ამ სპორტს ბევრი ლეგენდა ჰყავს. ზოგმა მათგანმა მაყურებელს თავი ტარების გამორჩეული სტილით, ზოგმაც კი ქარიზმატულობით დაამახსოვრა. იყვნენ პილოტებიც, რომლებიც სპორტსმენებისთვის ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს აერთიანებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო კოლინ მაკრეი.

კოლინ მაკრეი შოტლანდიელების ეროვნული გმირია. თუმცა მისი დიდება შოტლანდიის საზღვრებს გასცდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. რალის და არამხოლოდ რალის გულშემატკივრებს ის უყვარდათ თავისი მართვის სტილის გამო, რომელმაც მაკრეის რალის მსოფლიო ჩემპიონატში 25 გამარჯვება მოუტანა და მაყურებელს შესანიშნავი სანახაობით დაამახსოვრა თავი. მის უშიშრობას შეუპოვარ ხასიათს პატივს სცემდა ყველა, ვინ იცნობდა, უყურებდა და უყვარდა. ის იყო შთაგონება მოტორბოლაში 9 გზის მსოფლიო ჩემპიონი ვალენტინო როსისთვის. მის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი დევიდ ქულთარდი და ლეგენდარული ჯეკი სტიუარტი.

კოლინ მაკრეი - როცა რალის სიყვარული სისხლში გაქვს

კოლინ მაკრეი 1968 წლის 5 აგვისტოს ლანარკში დაიბადა. რალის სიყვარული მას მემკვიდრეობით გადაეცა. კოლინი იყო ლეგენდარული ჯიმი მაკრეის შვილი და ასევე მრბოლელი ალისტერ მაკრეის ძმა. კოლინის მამა 5 გზის ბრიტანეთის რალის ჩემპიონი გახლდათ, სწორედ ამიტომ, მამის გავლენით ავტომობილების შემოწმებაში ადრეული ასაკიდან, 16 წლიდან იყო ჩართული და რთულ პირობებში მართვას თავიდანვე შეეჩვია. მისი ძმა ალისტერი მსოფლიო მასშტაბით წარმატებულ კარიერას დღემდე აგრძელებს და მაკრეების ოჯახი უდიდესი პატივისცემით სარგებლობს რალის სამყაროში, თუმცა კოლინი უდავოდ ყველაზე წარმატებული და გამორჩეული მაკრეი იყო.

1986 წელს ის პირველად შოტლანდიის რალის ჩემპიონატში Talbot Sunbeam-ით გამოჩნდა. 2 წლის შემდეგ მან შეძლო ჩემპიონატში თავისი Vauxhall Nova - თი გამარჯვების მოპოვება. მისი შემდეგი ავტომობილი Ford Sierra XR 4x4i იყო, მოგვიანებით კი Sierra Cosworth. მაკრეიმ 1987 წლის ახალი ზელანდიის რალიზე მაყურებლის გაოგნება და მეხუთე ადგილის დაკავება შეძლო. რატომ იყო მეხუთე ადგილი დიდი მიღწევა? მაკრეი მძიმე, უკანამავალ კუპეს მართავდა, მაშინ, როცა ზელანდიაში შედარებით მსუბუქი ოთხივეწამყვანი ავტომობილები დომინირებდა.

მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოახერხა კოლინმა პროფესიონალურ რალიში გადასვლა. ის Prodrive-ის გუნდთან ერთად თავისი ლურჯ-ყვითელი Subaru Impreza WRC-თი გამოდიოდა.

ამავე გუნდთან ერთად მაკრეიმ ბრიტანული ტურინგ მანქანების ჩემპიონატის კნოკჰილის ეტაპში BMW 3 სერიის კუპეთი მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ახალგაზრდა პილოტ მეტ ნილთან შეჯახების გამოწვევის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

რალის მსოფლიო ჩემპიონატში პირველად 1993 წლის ახალი ზელანდიის ეტაპზე გაიმარჯვა. მაკრეიმ კარიერის პიკს 1995 წელს მიაღწია, როცა მისი მსოფლიო ჩემპიონი გუნდელი კარლოს საინსი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის პირველი და უკანასკნელი ტიტული მოიპოვა.  კოლინ მაკრეი დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია. ის მხოლოდ 27 წლის და 109 დღის იყო, როცა ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. მანამდე ეს მიღწევა იუჰა უკანაწამყვან ეკუთვნოდა, რომელსაც შოტლანდიელმა 140 დღით აჯობა. 

Subaru Impreza WRC


მომდევნო წლებში მაკრეი მხოლოდ მეორე ადგილს ჯერდებოდა და ეს მისთვის საკმარისი არ იყო. 1999 წელს მეტოქე „ფორდის“ გუნდში გადავიდა.

ფორდში“ მაკრეის სისწრაფე და უნიკალური მართვის სტილი არ შეცვლილა. ამერიკული კომპანია მას ორი წლის განმავლობაში 6 მილიონ ფუნტს უხდიდა, რამაც კოლინი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად რალის მრბოლელად აქცია. Ford Focus WRC-ს არც თუ ისე მაღალმა სანდოობამ და კოლინის აგრესიული ტარების სტილმა, რომელიც ხშირად ავარიით სრულდებოდა, პილოტს 2000 წლის სეზონში მხოლოდ მეოთხე, ხოლო 2001 წლის სეზონში მეორე ადგილი მოუტანა. კონტრაქტი 2002 წლამდე გაუხანგრძლივეს.

დახვედრა ფორდის გუნდში

შოტლანდიელი იმედისმომცემ „ციტროინის“ გუნდში გადავიდა, სადაც ყოფილ გუნდელთან კარლოს საინსთან და სებასტიან ლოებთან ერთად უწევდა ასპარეზობა. მაკრეიმ საუკეთესო შედეგი მონტე კარლოს რალიზე აჩვენა - მეორე ადგილი, იმ სეზონში ჩემპიონატში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.

2004 წელს წესები შეიცვალა. გუნდებს მძღოლების რიცხვის სამიდან ორამდე შემცირება მოსთხოვეს და კოლინ მაკრეი გუნდში ადგილის გარეშე დარჩა. მაშინ შოტლანდიელმა გადაწყვიტა ავტოსპორტის სხვა სახეობებშიც ეცადა ბედი. Prodrive-ის გუნდის სახელით 24-საათიან ლე მანზე Ferrari 550-GTS Maranello- იასპარეზა. თავის კლასში პოდიუმი-მესამე ადგილი მოიპოვა, ჯამში კი მეცხრე ადგილი დაიკავა. მაკრეიმ დაკარ რალიშიც მიიღო მონაწილეობა და ყველასთვის მოულოდნელად 2006 წელს მსოფლიო რალიშიც Citroen Xsara- გუნდში დაბრუნდა, მას შემდეგ რაც ლოებმა ხელი მოიტეხა. მისი ბოლო რბოლა 2006 წლის თურქეთის რალიზე შედგა.

Ferrari 550-GTS Maranello

მაკრეის ბრწყინვალე კარიერა ბრიტანეთის დედოფლისთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. 1995 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, დედოფალმა ის MBE (Member of the Order of the British Empire - ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრის) ტიტულით დააჯილდოვა. ეს არის საპატიო ჯილდო, რომელსაც დედოფალი გარკვეული მიღწევებისთვის გადასცემს.

რატომ იყო მაკრეი საუკეთესო?

ნებისმიერ მრბოლელს კითხეთ, თუ რაოდენ რთულია ერთი რალის განმავლობაში 2-ჯერ გადაბრუნდე და, მიუხედავად ამისა, ისევ იმ ტემპით მოგებისთვის ბრძოლა გააგრძელო. ეს 2002 წელს კვიპროსის რალიზე მოხდა და მსგავსი შემთხვევები მაკრეის კარიერაში არც თუ ისე ცოტა იყო. მისთვის არასდროს იყო საკმარისი მეორე ადგილი ან თუნდაც მოგება. იგი ყოველთვის უფრო მეტისთვის იბრძოდა, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში გამაოგნებელ შედეგებს აჩვენებდა ან დიდი ავარიით ამთავრებდა, მაგრამ მას სხვაგვარად არც შეეძლო და ეს ყველამ იცოდა.

2006 წლის X Games-ს დროს, შოტლანდიელი ლეგენდა ისე გამოიყურებოდა, თითქოს Rally Super Special-ში ტრეივის პასტრანას წინააღმდეგ მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა. მაკრეი 0.77 წამით წინ იყო და კიდევ უფრო სწრაფი ხდებოდა. შემდეგ გადაბრუნდა.

ბოლო, მარჯვენა მოსახვევში მაკრეი ზედმეტად სწრაფად გადახტა და თავისი Subaru WRX STI გადმოუტრიალდა. სასწაულებრივად, ისევე, როგორც კატა, რომელიც ყოველთვის თათებით ეცემა, მანქანაც ბორბლებზე დაეცა. მაკრეიმ რბოლა დაუყოვნებლივ გააგრძელა და პასტრანას მხოლოდ 0.52 წამით ჩამორჩა.

ეს მომენტი იყო მაკრეის სიტყვების განხორციელება: „როცა ეჭვი გეპარება, სიჩქარეს მოუმატე“. ის ყოველთვის თავზეხელაღებულად უტევდა.

პასტრანა გაოგნებული იყო იმით, რაც დაინახა.

"მაკრეი ნამდვილი ღმერთია.“ - თქვა მან. - „მანქანა უბრუნდება და თითქოს დროც კი არ დაუკარგავს. ეს ბიჭი გასაოცარია!“

ტრაგედია, რომელმაც რალის სამყარო შეძრა

2007 წელს მსოფლიო რალის სამყარომ უდიდესი დანაკარგი განიცადა. მაკრეის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. შვეულმფრენი, რომელშიც მაკრეი, მისი ვაჟი და ოჯახის ახლობლები ისხდნენ, მაკრეების საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა. კატასტროფის გამოწვევაში ბრალი კოლინ მაკრეის დასდეს. შერიფის განცხადებით, რალის პილოტი შვეულმფრენისთვის უჩვეულოდ დაბლა დაფრინავდა.

შვეულმფრენის კატასტროფის ადგილი (2007წ.)

მაკრეის გარდაცვალების შემდეგ მისმა ახლო მეგობარმა დევიდ ქულთარდმა თქვა: „ის იყო უშიშარი, ეპატაჟური და დამაბრმავებლად სწრაფი. ყველა კარგი შოტლანდიური თვისება ჰქონდა.“

კოლინ მაკრეის ხსოვნის პატივსაცემად პერთსი Colin McRae Forest Stages Rally 2008 წლიდან იმართება და რალის ისეთ ვარსკვლავებს იზიდავს, როგორებიც არიან არი ვატანენი, სტიგ ბლომქვისტი, ტრეივის პასტრანა და კოლინის მამა - ჯიმი მაკრეი.

რალის ენთუზიასტები ხშირად კოლინ მაკრეის ყველაზე ნიჭიერ პილოტად მოიხსენიებენ, რომლის დაუოკებელი მართვის სტილიც, ხშირად მოსახვევში დამტვრეული მანქანის ხილვით სრულდებოდა. ერთი შეხედვით სამეფო სიმშვიდის მქონე მაკრეი, ყოველთვის თავზეხელაღებული და ამავდროულად ძალზედ სწრაფი იყო.

ჩვენ აქ დიდხანს სიცოცხლისთვის არ ვართ, ჩვენ აქ კარგი სიცოცხლისთვის ვართ“. ეს სიტყვები კოლინს ეკუთვნის და ზუსტად ასახავს მის ხედვას და განვლილ ცხოვრებას. მისი ტარების სტილი ყოველთვის აგრესიულობის, არნახული სისწრაფის და შეუპოვარი ხასიათს აერთიანებდა. ბევრი ამბობს, რომ არა ეს სამი თვისება, მაკრეი უფრო მეტად წარმატებული იქნებოდა, თუმცა ეს ის სწორედ ის მახასიათებლებია, რომლებმაც კოლინ მაკრეი რალის სუპერვარსკვლავად აქცია.

გაზიარება: