1967 წლის უიშვიათესი Toyota Shelby 2000 GT-ი აუქციონზე გადის
Aa
Aa

1967 წლის უიშვიათესი Toyota Shelby 2000 GT-ი აუქციონზე გადის

Gooding & Company-ს 4 მარტის აუქციონზე 1967 წლის Toyota 2000 GT გამოჩნდება, რომელსაც შეჯიბრზე Shelby American-ი იყენებდა.

1960-იან წლებში ქეროლ შელბისა და Ford-ს შორის არსებული პარტნიორობა, რომლის დროსაც Cobra და GT40 შეიქმნა, ბზარების გაჩენას იწყებდა. გამომდინარე აქედან, შელბიმ ახალი შესაძლებლობების ძიება დაიწყო. ამ პერიოდში Toyota ამერიკულ ბაზარზე და ავტოსპორტში სახელის დამკვიდრებას ცდილობდა. ამ ორი გიგანტის გზა კი სწორედ აქ გადაიკვეთა. 

იაპონური ავტომწარმოებლის საუკეთესო იარაღი კი 2000 GT-ი გახლდათ. ეს ერთ-ერთი პირველი იაპონური სპორტული ავტომობილი გახლდათ. მოდელი 2.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა (მოგვიანებით 2.3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანიც დაემატა) ძრავით იყო აღჭურვილი, რომელზეც Yamaha-მ იმუშავა. სიმძლავრე 150 ცხენის ძალით იყო განსაზღვრული. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ავტომობილს 220კმ/სთ განევითარებინა.

1967-დან 1970 წლამდე მხოლოდ 351 ეგზემპლარი შეიქმნა. მათგან 60 ამერიკისთვის იყო განკუთვნილი. 60-დან 3 კი Shelby American-მა SCCA C-Production-ის რბოლისთვის მოამზადა. სურათზე ნაჩვენები მოდელი - შასის ნომრით MF10-10001 - ამ სამიდან პირველი 2000GT-ი იყო.

ზემოთ ხსენებული სარბოლო პროგრამა მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა და MF10-10001-ის კარიერაც ამით დასრულდა. მას შემდეგ მანქანა რამდენიმე ავტოკოლექციას ამშვენებდა. 1980 წელს ის ამჟამინდელ მფლობელს ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც სრული რესტავრაცია ჩაუტარა. მოდელი ხშირად სტუმრობდა ისეთ საავტომობილო ფესტივალებს, როგორიც Goodwood Festival of Speed-ია.

ფასი? Gooding & Company-ის პროგნოზით MF10-10001 აუქციონზე 2.75-3.5 მილიონ დოლარამდე უნდა შეფასდეს. ამის მიზეზი მანქანის ექსკლუზიურობა, Shelby-თან კავშირი და სერიული ნომერია. Toyota-სა და აშშ-ს ბაზრის ისტორიისთვის ეს მანქანა მართლაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოდელი შესაძლოა მოსალოდნელზე მეტადაც შეფასდეს.

მსგავსი სიახლეები