ლეგენდარული და უკომპრომისო "ევო"
Ralliart-ი ბრიტანული „მიცუბიშის“ სპორტული განყოფილებაა, რომლის სახელზეც ამ ბრენდის უამრავი მოდელის მოდიფიცირებაა. ამ სტატიაში ლეგენდარულ „ევოზე“ ვისაუბრებთ.
Ralliart-მა 2004 წელს FQ-400 მოდელი შეზღუდული ტირაჟით გამოუშვა. სახელწოდება სახალისო დატვირთვისაა: 400 ცხენის ძალას ნიშნავს, ხოლო FQ კი Fucking Quick-ს.
2006 წელს კომპანიამ „ევოს“ მომდევნო თაობის „გიჟური“ მოდელი წარადგინა. FQ-360 მოდელი, როგორც 300, 320 და 340 მოდელების გაგრძელებად მოიაზრებოდა. იგი გიგანტური ტურბოთი იყო აღჭურვილი, ძრავის მართვის კომპიუტერი ქარხნული პარამეტრებიდან სრულად იყო გადაპროგრამირებული. ბრიტანელების მიერ მოდიფიცირებულ მოდელს 366 ცხენის ძალა და 492 ნიუტონი აქვს, ეს ყველაფერი 3200 ბრუნზე, თუმცა ავტომობილს გიგანტური ტურბოს პრობლემა მაინც აქვს. 3000 ბრუნამდე დიდი ტურბოსთვის დამახასიათებელი ჩავარდნა აქვს, რასაც „ტურბო ლაგს“ ეძახიან. 0-100 აჩქარებას 4 წამში ასრულებს, რაც „სუპერქარების“ მაჩვენებელია.
გარედან ძალიან მცირე ცვლილებებია, მხოლოდ წინა ბამპერზე დამატებული კარბონის სპოილერი და სახურავის ბოლოში კარბონის ჰაერის მიმმართველი აქვს. რაც შეეხება ინტერიერს, სტანდარტულ მოდელს სტერეოს ქვევით შესანახი უჯრა ჰქონდა, FQ-360-ს კი „რალიარტის“ მაჩვენებლთა დაფა აქვს. მასში სამი მაჩვენებელია თავმოყრილი: ვოლტაჟის, ზეთის ტემპერატურის და ტურბოს წნევის. მიუხედვად მსგავსი უკომპრომისობისა, ავტომობილში ელემენტარული კომფორტი მაინც გათვალისწინებულია, რაც მის საყოველდღეო მოხმარების დანიშნულებას ბოლომდე ამართლებს.