ყველაზე სწრაფი წარმოებული Lamborghini
წლების განმავლობაში Lamborghini-მ უამრავი გიჟური და ეგზოტიკური სუპერქარი გამოუშვა. Miura, Diablo, Aventador-ი... ამ სახელების ხსენებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, რაზეა საუბარი.
ამ მოდელების უმეტესობას ყოველთვის ორი რამ ჰქონდათ საერთო: V12 ძრავა და ამ ძრავის შუა განლაგება.
ჩვენ დღეს Lamborghini-ს ყველაზე სწრაფ მოდელებზე ვისაუბრებთ. ამ სიაში მოხვედრილი ყველა ავტომობილი 300კმ/სთ-ზე მეტს გამოიმუშავებს. მათ შორის, ავტომწარმოებლის სუვიცაა. მეორე სუვი ისტორიაში, რომელიც Lamborghini-მ გამოუშვა.
1. LAMBORGHINI VENENO - 356 კმ/სთ
Veneno ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, რაც კი იტალიურ ავტომწარმოებელს გამოუშვია. მისი ატმოსფერული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი – 690ნმ. ძალას ოთხივე თვალზე უნიკალური, 7-სიჩქარიანი ავტომატიზებული მექანიკური გადაცემათა კოლოფი ანაწილებს. Lamborghini მას ISR-ს უწოდებს. ის უფრო ჩქარია, ვიდრე ორმაგი გადაბმულობის სტანდარტული კოლოფები, რომლებიც Aventador-ის შემდეგ გამოსულ ყველა V12-ან ავტომობილს ჰქონდა.
კარბონის კორპუსი იმას ნიშნავს, რომ ის 125 კილოგრამით უფრო მსუბუქია, ვიდრე Aventador-ი. 0-100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აღწევს. Aventador-ი - 2.9 წამში. მაქსიმალური სიჩქარე – 356კმ/სთ. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ კიდევ ბევრი ეგზოტიკური მოდელი გამოვიდა, ის ყველაზე სწრაფი ლამბოს ტიტულს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. 2013-2014 წლებში მხოლოდ 13 ეგზემპლარი აიწყო. მათგან 4 კუპეა. 9 – როდსტერი. ეს მოდელი კომპანიის 50-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამოუშვეს.
2. LAMBORGHINI SIAN FKP 37 - 350 კმ/სთ
Lamborghini Sian FKP 37 Aventador-ზე დაფუძნებული კიდევ ერთი ავტომობილია. ეს იტალიური ბრენდისგან პირველი ჰიბრიდული სუპერქარია. ეს მოდელი პატივს გარდაცვლილ ფერდინანდ კარლ პიხს მიაგებს. პიხიი ავსტრიელი ბიზნესმენი, ინჟინერი და Volkswagen Group-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომელიც 1937 წელს დაიბადა. სწორედ აქედან გაჩნდა სახელში FKP 37. 2020 წლიდან ამ ავტომობილის 63 ეგზემპლარად აწყობა იგეგმება. მათგან 19 როდსტერი იქნება.
ბრენდის პირველ ჰიბრიდულ სუპერქარსაც Aventador-ის ძრავა აქვს. ეს ძრავა 774 ცხენის ძალასა და 720ნმ-ს გამოიმუშავებს. ამას ემატება ელექტრო მოტორის 34 ცხენის ძალა და 38ნმ. საერთო ჯამში 804 ცხენის ძალის წყალობით, ეს ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე – 350კმ/სთ. ელექტრიფიკაციის გამო, ეს ავტომობილი ცოტათი უფრო მძიმეა, ვიდრე Veneno.
3. LAMBORGHINI CENTENARIO - 350 კმ/სთ
მესამე ყველაზე სწრაფი Lamborghini-ც ამ სიაში Aventador-ზეა დაფუძნებული. ამ ავტომობილს Centenario კომპანიის დამაარსებლის ფერუჩიო ლამბორგინის მეასე დაბადების დღის აღსანიშნავად დაერქვა. ამ ავტომობილში იტალიური ავტომწარმოებლისთვის ბევრი სიახლე ვიხილეთ. მაგალითად, 10.1-ინჩიანი მულტიმედია სისტემა და უკანა წამყვანი კონფიგურაცია.
ამ ავტომობილს კარბონის პანელები აქვს. უკანა დიფუზორი კი საგზაო ავტომობილებში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. Centanario-ს 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა 756 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 690ნმ. 0-100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე – 350კმ/სთ.
4. LAMBORGHINI AVENTADOR SVJ ROADSTER – 350კმ/სთ
ესეც პირველი ავენტადორი ჩვენს სიაში. თანაც ეს Aventador SVJ -ია: ავტომწარმოებლის პირველი მოდელი, რომელსაც Aerodynamica Lamborghini Attiva (ALA) ფუნქცია ჰქონდა – სრულად აქტიური აეროდინამიკა.
ALA უამრავ დამატებით აეროდინამიკურ დანამატს გულისხმობს, რომლებიც დამჭერ ძალას, Avendator SV-სთან შედარებით, ჯამში 40%-ით ზრდის. 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა 759 ცხენის ძალასა და 720ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს ძალა ოთხივე თვალზე ნაწილდება. 0-100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე – 350კმ/სთ.
5. LAMBORGHINI AVENTADOR LP 700-4 - 350 კმ/სთ
რა თქმა უნდა, ამ სიაში ის ავტომობილიც უნდა მოხვედრილიყო, რომლის წყალობითაც უსწრაფესი სუპერქარების სერია მივიღეთ. ეს ავტომობილი უკვე 10 წელია გამოდის და მისი გზა დასასრულს უახლოვდება, რადგან Lamborghini-ს ელექტრიფიკაციაზე აპირებს კონცენტრაციას. მისი V12 ძრავა პირველი იყო, რომელიც ამ ავტომწარმოებელმა 1964 წლის Lamborghini 350 GT-ის შემდეგ ააწყო.
ამ ავტომობილს 690 ცხენის ძალა და 690ნმ აქვს. 2012 წლისთვის ეს იყო პირველი Lamborghini, რომელიც 100კმ/სთ-მდე 3 წამზე ნაკლებ დროში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ.
6. LAMBORGHINI HURACAN PERFORMANTE SPYDER - 325 კმ/სთ
Lamborghini Huracan Performante Spyder-ი Huracan LP610-4-ის ყველაზე გიჟური ვერსია იყო, სანამ Huracan Evo გამოჩნდებოდა. მას კარბონის ელემენტები ამშვენებს და სტანდარტული Huracan-ისგან სწორედ ამით განსხვავდება.
მისი 5.2-lლიტრიანი V-10 ძრავა 631 ცხენი ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი – 600ნმ. ძალას ოთხივე თვალზე 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფი ანაწილებს. კაბრიოლეტი ცოტათი უფრო მძიმეა, ვიდრე კუპე ვერსია. 0-100კმ/სთ-მდე 3.1 წამში აღწევს. რაც 0.2 წამით ნაკლებია, ვიდრე კუპეს შემთხვევაში. თუმცა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 325კმ/სთ-ია.
7. LAMBORGHINI URUS - 305 კმ/სთ
თუ გინდა რომ დღევანდელ ტენდენციებს არ ჩამორჩე, მაშინ სუვი უნდა გამოუშვა. Lambo-მაც დროს ფეხი აუწყო და 2018 წელს Urus-ი გამოუშვა. ეს იყო კომპანიის მეორე სუვი LM002-ს შემდეგ. Urus-ი ამჟამად ყველაზე ნელი ავტომობილია, რომელსაც კომპანია უშვებს. თუმცა, ყველაზე გაყიდვადი.
რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია და Urus-ი ნელი საერთოდაც არა არის. მისი მაქსიმალური სიჩქარე 305კმ/სთ-ია. მისი 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 641 ცხენის ძალასა და 850ნმ-ს გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ძალას ოთხივე თვალზე ანაწილებს. გასაკვირი არაა, რომ Urus-ი საკმაოდ მძიმეა. ის 2 197კგ-ს იწონის. მიუხედავად დიდი წონისა, 0-100კმ/სთ-მდე 3.6 წამში აღწევს.