Porsche-ს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები მსოფლიოში
Aa
Aa

Porsche-ს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები მსოფლიოში

Porsche-მ თავისი არსებობის მანძილზე უამრავი ლეგენდარული მოდელი გამოუშვა. საგზაო ავტომობილების გარდა, ეს ბრენდი ავტოსპორტშიც დიდ წარმატებას აღწევდა.

ამ სიაში მოხვედრილმა თითოეულმა ავტომობილმა ავტოსამყაროზე თავისებური გავლენა მოახდინა. რა აქვთ საერთო ამ ავტომობილებს? ყველა მათგანი იშვიათია და ყველას ოპოზიტური ძრავა აქვს.

რა თქმა უნდა, Posche-ს ავტომობილები ძვირადღირებულია და მასზე ყველას ხელი არ მიგვიწვდება. მაგრამ, ამ სიაში მოხვედრილები  მილიონერებისთვისაც კი შეიძლება მიუწვდომელი აღმოჩნდეს. ეს ფასები შესაძლოა გადაჭარბებულადაც მოგეჩვენოთ.

1970 წლის PORSCHE 917K: $14,080,000

ლეგენდარული 917K ყველაზე ძვირიანი Porsche-ა, რაც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. ეს ავტომობილი ლე მანზე 1970-1971 წლებში დომინირებდა. 5.0-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა 630 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ავტომობილს 0-100კმ/სთ-მდე 2.7 წამში მიეღწია, რაც არა მხოლოდ იმ დროისთვის, არამედ დღესაც შთამბეჭდავია.

რას ნიშნავს სახელში ასო K? K ნიშნავს Kurzheck-ს ანუ „მოკლე კუდს“. 917 მაღალ სიჩქარეზე არასტაბილური იყო. 917K-ს მოკლე კუდი და ვერტიკალური „ფარფლები“ სტაბილურობის გარანტია გახდა. ალუმინის გამოყენების წყალობით, ავტომობილი 800კგ-ს იწონიდა. ეს ავტომობილი მხოლოდ 12 ეგზემპლარად აიწყო. სარბოლო ისტორიამ და იშვიათობამ 2017 წელს Pebble Beach Auctions-ზე მისი რეკორდული ფასი განაპირობა.

1982 წლის PORSCHE 956: $10,120,000

ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასა ყველა ავტომოყვარულმა იცის. მაგრამ იცოდით, რომ მისი დაფარვა 6 წუთსა და 11.13 წამში შეძლო? ეს რეკორდი 35 წლის განმავლობაში მოუხსნელი იყო, სანამ სხვა სარბოლო Porsche-919 Evo-მ გააუმჯობესა.

Porsche 956 დროს უსწრებდა. მისი 2.65-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა 620 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ ავტომობილის სისწრაფე და სტაბილურობა იმ დროისთვის შთამბეჭდავი იყო. მან Circuit De La Sarthe-ზე 350კმ/სთ განავითარა. ამ ავტომობილმა Porsche-ს 1982-1984 წლებში FIA World Sportscar Championship-ზე პილოტის თასი და კონსტრუქტორთა თასი მოაგებინა. ეს კონკრეტული ეგზემპლარი Gooding & Company-$10,120,000-ად გაყიდა.

1956 PORSCHE 550 RENNSPORT SPYDER: $6,100,000

Porsche 550 Rennsport Spyder-ი პირველად 1953 წელს გამოჩნდა და მხოლოდ 90 ეგზემპლარად აიწყო. მისი 1.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა 110 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ის 590 კილოგრამს იწონიდა. მოგვიანებით მას «გიგანტური მკვლელი» უწოდეს.

ეს ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 10 წამში აღწევდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად სწრაფი იყო. მაქსიმალური სიჩქარე – 220კმ/სთ. 1.5-ლიტრიანი ავტომობილისთვის ეს შედეგიც შთამბეჭდავი იყო. ამ კონკრეტულ 1956 წლის ეგზემპლარს რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად ამისა, Bonhams-ის აუქციონზე $6,100,000-ად გაიყიდა.

1985 წლის PORSCHE 959 PARIS-DAKAR: $5,945,000

959-ში Porsche-მ უამრავი თანამედროვე ტექნოლოგია გამოცადა. როცა გამოვიდა, ის იყო გზებზე დაშვებული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი. მაქსიმალური სიჩქარე – 317კმ/სთ. თუმცა, იცოდით, რომ ის რალის ავტომობილის მიხედვით იყო აწყობილი?

სანამ საგზაო ვერსია გამოვიდოდა Porsche 959 Paris-Dakar რალის ავტომობილი იყო. ეს კონკრეტული ავტომობილი კი 7 პროტოტიპიდან ერთ-ერთია. ასევე ერთ-ერთი იმ სამიდან, რომელიც 1985 წლის პარიზ-დაკარ რალიში მონაწილეობდა. ტვინ ტურბო 6-ცილინდრიანი ძრავა 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც 44 ცხენის ძალით ნაკლებია, ვიდრე საგზაო ვერსიაში. RM Sotheby-ის აუქციონზე ეს ეგზემპლარი $5,945,000-ად გაიყიდა.

1972 წლის PORSCHE 917/10 SPYDER: $5,830,000

Porsche 917/10 Can-Am სერიებში დომინირებდა. მისი 5.4-ლიტრიანი ტვინ-ტურბო 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა 1150 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 2.3 წამში აღწევდა, რაც დღევანდელი სტანდარტებითაც შთამბეჭდავია.

ამ კონკრეტულმა ავტომობილმა 1972 წელს ჯორჯ ფოლმერი გამარჯვებამდე მიიყვანა. მისი ტექნიკური მონაცემების გამო, PORSCHE 917/10 SPYDER-ს მოიხსენებენ, როგორც «ავტომობილს, რომელმაც Can-Am რბოლები მოკლა». 2012 წელს Mocum-ის აუქციონზე $5,830,000-ად გაიყიდა.

1998 წლის PORSCHE 911 GT1 STRASSENVERSION: $5,665,000

Porsche 911 GT1 ლე მანის ოქროს ერაში FIA GT Championship-ში მონაწილეობისთვის აიწყო. წესების მიხედვით, სარბოლო ავტომობილი საგზაოზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. Porsche-მ 911 GT1-ის საგზაო ვერსია გამოუშვა და მას Strassenversion უწოდა.

911 GT1 Strassenversion-ი მხოლოდ 20 ეგზემპლარად აიწყო, რამაც ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათ Porsche-დ აქცია. მისი ტვინ ტურბო 6-ცილინდრიანი ძრავა ევროპის გამონაბოლქვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სარბოლო ძრავისგან მცირედით განსხვავდებოდა. 536-ცხენისძალიანი ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 3.9 წამში აღწევდა. გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკური. ეს ვერცხლისფერი ეგზემპლარი Gooding & Company-ს აუქციონზე $5,665,000-ად გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები