ილონ მასკის Tesla Roadster-მა უკვე 3 მილიარდ კმ-ზე მეტი დაფარა
ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა თავისი Tesla Roadster-ი კოსმოსში SpaceX-ის Falcon Heavy კოსმოსური რაკეტით გაუშვა. ახლა ის დედამიწიდან 337 მილიონი კმ-ით არის დაშორებული და მარსს უახლოვდება.
სპორტული ელექტრო ავტომობილის კოსმოსში გაშვებიდან მალევე WhereisRoadster? ვებ-გვერდიც გაკეთდა, საიდანაც Tesla-ს ადგილმდებარეობის გაგება NASA-ს მონაცემებით არის შესაძლებელი. WhereisRoadster?-დან ვიგებთ იმასაც, რომ Roadster-ი დედამიწას 6 005კმ-სთ-ის სისწრაფით შორდება და მარსს უახლოვდება. მარსამდე მას 320 მილიონი კილომეტრი აშორებს, ხოლო ამ დრომდე კოსმოსში 3 მილიარდზე მეტი კილომეტრი აქვს დაფარული.
საინტერესო გახლავთ ის ფაქტიც, რომ Roadster-ზე დაკვირვება ტელესკოპით ბოლოს 2018 წლის მარტში განხორციელდა. ტორონტოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსები აღნიშნავენ, რომ მანქანის ტრაექტორიაზე დაკვირვებას სამეცნიერო ღირებულება აღარ აქვს. ახლა ის ძვირადღირებული კოსმოსური ჯართი უფროა.
2020 წელს Tesla წითელ პლანეტას 8-მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. პლანეტასთან ასე მიახლოებას კი 2035 წლამდე არ ელიან. მოსალოდნელია, რომ 2047 ან 2050 წელს Tesla-სა და დედამიწას შორის მანძილი რამდენიმე მილიონ კმ-მდე შემცირდება.
გარდა ამისა, შემდეგი 15 მილიონ წელში არსებობს 22%-იანი შანსი, რომ Roadster-ი დედამიწაზე აღმოჩნდება. თუმცა, მისი მდგომარეობა ისეთ არ იქნება, როგორიც სურათებიდან გახსოვთ.