როდის უნდა შევცვალოთ გადაცემათა კოლოფის ზეთი
გადაცემათა კოლოფის სითხე თქვენი ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ავტომობილების მფლობელების უმეტესობას ამ სითხის შემოწმება ან ტრანსმისიის მუშაობაზე დაკვირვება ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ამის შემოწმება ძალზედ მარტივია. ტრანსმისიის სითხეს უფრო ხშირად ამოწმებთ თუ ძრავის ზეთს?
თუ გადაცემათა კოლოფში საპოხ საშუალებას საკმარისად ხშირად არ შეამოწმებთ, მაშინ არსებობს ალბათობა, რომ გზაზე გადაადგილებისას დიდი პრობლემები შეგექმნათ. თუ ტრანსმისიაში ზეთის არასაკმარისი რაოდენობა იქნება სიჩქარეები ერთმანეთში მონაცვლეობისას სრიალს დაიწყებს, ხოლო გადართვებისას მექანიკური დეტალები უბრალოდ მარტივად გაიცვითება.
იმისათვის, რომ ამ საკითხში უკეთ გაერკვიოთ სტატიაში გადაცემათა კოლოფის სითხეებზე ვისაუბრებთ და ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებთ.
რისთვისაა საჭირო ტრანსმისიის ზეთი?
ტრანსმისიის ზეთს ერთი მთავარი ფუნქცია აქვს - შეზეთოს ტრანსმისიის ნაწილები. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს თქვენს ავტომობილს, საპოხი საშუალებების გამოყენება ნაწილებს უცვეთად და რბილად მუშაობისთვის ეხმარება. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ტიპის ტრანსმისიებში სხვადასხვა სითხე ისხმება. ამ დროს კი უკვე თქვენი ავტომობილის ტრანსმისიის ტიპის და სპეციალურად მისთვის გამოშვებული ზეთის ცოდნა გჭირდებათ.
ავტომატური გადაცემათა კოლოფისთვის გამოშვებული ზეთები სპეციფიკური საჭიროებების მიხედვითაა წარმოებული. ზოგ შემთხვევებში ავტომატური გადაცემათა კოლოფისთვის შექმნილი სითხეები თანამედროვე მექანიკურ კოლოფებშიც გამოიყენება. ავტომატური ტრანსმისიები, მექანიკურთან შედარებით, უფრო მეტი კომპლექსურობით ხასიათდება. ამიტომაც გარკვეული განსხვავებები არსებობს.
გარდა ამისა, სიჩქარეთა გაპოხვის შენარჩუნება ძრავას მაბრუნი მომენტის გარდამქმნელს, სარქველის კორპუსსა და ქუროს ფრიქციას ეხმარება. მის ფუნქციებში გადაცემათა კოლოფის გაგრილებაცაა. ტრანსმისიის გადახურების შედეგად კი მის შიგნით არსებული ნაწილები ზიანდება.
მექანიკური გადაცემათა კოლოფისთვის შექმნილი სითხე შედარებით სქელი გახლავთ. ძველი გამოშვების ტრანსმისიის შესაზეთად ძრავის ზეთსაც კი იყენებდნენ.
თუ თქვენი მანქანა CVT (უსაფეხურო გადაცემათა კოლოფით) ან ორმაგი ქუროს მქონე ტრანსმისიით არის წარმოდგენილი, მაშინ, მაღალი ალბათობით, სინთეტიკური ზეთი დაგჭირდებათ. ასეთი ტიპის სითხე სიცხის, სიცივისა და ჟანგვის მიმართ უფრო მედეგია.
რამდენად ხშირად უნდა შევცვალო გადაცემათა კოლოფის ზეთი?
სერვისის ინტერვალები ზეთის ტიპზე, ავტომობილის მოხმარებაზე და ავტომობილზეა დამოკიდებული. ისევე როგორც მანქანის სხვა საპოხ საშუალებებს, მოქმედების ვადა გადაცემათა კოლოფის სითხესაც გააჩნია. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება თუ სერვისის თარიღები ჩანიშნული გექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სითხე, ძრავის ზეთთან შედარებით, უფრო იშვიათად იცვლება, მისი რეგულარული შემოწმება აუცილებელი გახლავთ.
ზოგადად კი გადაცემათა კოლოფის საპოხი საშუალებები შეცვლას 50 000კმ-დან 160 000-კმ-მდე საჭიროებს. ყველაზე დიდხანს სინთეტიკური ზეთები ძლებს. ავტომატური კოლოფით აღჭურვილ მანქანებზე მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან შეცვლის ინტერვალი მცირე გახლავთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ავტომატური ტრანსმისიები მეტად ხურდება.
თუ თქვენი მარშრუტი გადაცემათა კოლოფს მეტად ტვირთავს - იყენებთ მისაბმელს, გადაგაქვთ მძიმეწონიანი საგნები, გადაადგილდებით მკაცრ კლიმატურ პირობებში - მაშინ უფრო მეტი ყურადღება გმართებთ. ასეთ შემთხვევებში ტრანსმისიის ზეთის უფრო ხშირი შეცვლა მანქანას არ აწყენდა.
თუ თქვენი ავტომობილი მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი და სიჩქარეების მონაცვლეობისას ქუროს სატერფულზე ფეხს საჭიროზე მეტხანს ტოვებთ, მაშინ მექანიკური ნაწილი ხახუნისას უფრო გაცხელდება და ტრანსმისია გადახურდება. შედეგად, გადაცემათა კოლოფის სიცოცხლისუნარიანობა შემცირდება. ეს ყველაფერი კი სითხის ხშირ შეცვლას საჭიროებს.
ტრანსმისიის ზეთის დონეს აუცილებლად უნდა დააკვირდეთ. შესაძლოა კოლოფი სითხისგან ნელ-ნელა, გაჟონვებით დაიცალოს, ამის შესახებ კი არც კი იცოდეთ. შედეგი კი სავალალო იქნება, რისი გამოსწორებისთვისაც დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ კოლოფის სითხეს 6 თვეში ერთხელ მაინც შეამოწმებთ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მუქი შეფერილობის იქნება სითხე, მით უფრო სწრაფად საჭიროებს ის შეცვლას. კარგ მდგომარეობაში მყოფი ზეთი ფერადი გახლავთ (ძირითად შემთხვევაში წითელი ან მწვანე).
გარდა ამისა, კარგი იქნება კი იმ სავარაუდო ნიშნებსაც გაითვალისწინებთ, რაც გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლაზე მიუთითებს. ქვემოთ იმ ხუთ გარემოებას ჩამოვთვლით, რაც ტრანსმისიის მუშაობის პრობლემაზე მიუთითებს:
1. ზეთის გუბე
მანქანის ქვეშ არსებული ზეთის გუბე მხოლოდ ტრანსმისიის სითხის გაჟონვის გამო არ დგება. მიუხედავად ამისა, ხშირად ზეთის დაქცევის მიზეზი სწორედ ტრანსმისიაა. სწორედ ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, გაჟონვის გამომწვევი მიზეზი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგინდეს.
2. არასასიამოვნო ხმა აქსელერაციისას და მოსახვევებში შესვლისას
ასეთი ხმები ტრანსმისიაში არასაკმარის სითხეზე მიუთითებს. ასეთ დროს ხშირია ვიბრირებაც.
3. სიჩქარეების მონაცვლეობის გართულება
თუ თქვენს ავტომობილს სიჩქარის შეცვლის პრობლემა აქვს, ოპერაციებს გვიან ახორციელებს, ან სიჩქარეებს ახტება, მაშინ პრობლემის მოგვარება ზეთის შეცვლით უნდა დაიწყოთ.
4. დამწვრის სუნი
როგორც გახსოვთ, ავტომატური გადაცემათა კოლოფები ყველაზე მეტად ცხელდება. ტრანსმისიის სითხე კი მის გაგრილებაზეც პასუხისმგებელია. როდესაც გადაცემათა კოლოფში ზეთი არასაკმარისი რაოდენობითაა, მექანიკური ნაწილების ხახუნი იზრდება. შედეგად კი სპეციფიკური სუნიც დგება.
5. მაფრთხილებელი ნიშანი
თუ შედარებით ახალი ავტომობილი გყავთ, ტრანსმისიის ტემპერატურის მატებისას მაჩვენებელთა დაფაზე მაფრთხილებელი ნიშანიც გამოჩნდება. შესაძლოა გამოჩნდეს ე.წ. “Check Engine-ს” ნიშანიც.
ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიით ტრანსმისიასა და მის საპოხ საშუალებაზე ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგექმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად ისევე მოგვემსახურება ჩვენი ავტომობილი, როგორც მოვუვლით მას.