ნიუ იორკის ახალი კამერები ზედმეტად ხმაურიან მანქანებს აჯარიმებს
Aa
Aa

ნიუ იორკის ახალი კამერები ზედმეტად ხმაურიან მანქანებს აჯარიმებს

ხმაურიანი მაყუჩების ომი გრძელდება.

ნიუ იორკში ზედმეტად ხმაურიან მანქანებს ომს უცხადებენ. ახალი ავტომატიზებული კამერების დახმარებით, ნიუ იორკელები მანქანის ხმის გამო გაფრთხილებას მიიღებენ. საპილოტე პროგრამა ნიუ იორკში ახლახან დაიწყო. ინტერნეტსივრცეში უკვე ის წერილებიც გავრცელდა, რასაც კანონდამრღვევი მძღოლები ფოსტით მიიღებენ.

ქვემოთ მოცემული წერილი BMW M3-ის მფლობელს ეკუთვნის, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს. ტექსტში გარკვევით წერია, რომ მფლობელმა თავისი M3 შესამოწმებელ დაწესებულებაში უნდა მიაბრძანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 875$-ის ოდენობით დაეკისრება.

კამერის სისტემა საკმაოდ მარტივად მუშაობს. დეციბელის მზომელი სენსორი ინფორმაციას იწერს, რა დროსაც კამერა სურათს იღებს. მანქანის ნომრის გამოჩენისას კი იდენტიფიცირება ხდება. დანარჩენ საქმეს მეილის გაგზავნის ავტომატიზებული სისტემა აკეთებს.

პირველად გამაფრთხილებელი წერილი იგზავნება. მფლობელებს პრობლემის მოსაგვარებელი დროც ეძლევათ. მათ, ვისაც მანქანაზე არაქარხნული გამშვები სისტემა აქვს დაყენებული შესაძლოა ცოტა რთულად ჰქონდეთ საქმე. საუკეთესო გამოსავალი რეგულირებადი გამშვები სისტემაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ სისტემა ყველაზე წყნარ მოწყობაზე დააყენოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სისტემა ამჟამად მხოლოდ ნიუ იორკში გაიტესტება. გამოსაცდელი ვადა კი 30 ივნისამდე გაგრძელდება.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ამგვარი კამერები თბილისში? იქნებ თქვენი ავტომობილია ხმაურიანი მაყუჩებით აღჭურვილი... უნდა დაჯარიმდნენ თუ არა ასეთი მძღოლები? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები