BMW-ს გული უცხო სხეულში
კომპანია Wiesmann-ი 1988 წელს გერმანელი ავტოინჟინერი ძმების ძალისხმევით დაარსდა. ავტოენთუზიაზისტმა ძმებმა პირველი ავტომობილი 1993 წელს შექმნეს. ყველა მათ მიერ წარმოებული ავტომობილი ხელნაკეთია და მათი აგრეგატები ყოველთვის BMW-დან არის აღებული. 80 და 90-იანი წლები მსგავსი მცირე ზომის კომპანიებისათვის საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი იყო. ამ ეპოქაში ავტომოყვარულებმა თავისი წარმოსახვის პიკს მიაღწიეს. შესაბამისად, ხელნაკეთ ავტომობილებს, რომლებიც საკულტო ავტომობილების ძრავებს იყენებდა საკმაოდ ხშირად შეხვდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ავტომობილები ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოებოდა და არ იყო დიდ ბრუნვებზე გათვლილი, მაინც დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ. სამწუხაროდ ეს ეპოქა მალე დასრულდა, ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი Wiesmann-ის საუკეთესო მოდელები გავიხსენოთ.
Wiesman MF 30 პირველი მოდელი იყო, რომელმაც ავტომოყვარულებში დიდი ყურადღება დაიმსახურა. იგი რეტრო სტილის დიზაინით იყო შექმნილი, როგორც მისი ყველა მომდევნო მოდელი. მასში მე-3 სერიის E46 BMW-ს 3.0 ძრავა (M54B30) იყო მოთავსებული. მე-3 სერიასთან მიმართებაში გაცილებით მსუბუქი იყო, შესაბამისად მისი ტექნიკური მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. უფრო ადვილად რომ მიხვდეთ, აღნიშნული მოდელი 0-100 აჩქარებას 5.9 წამში აღწევდა.
2006 წელს, MF30-თან ერთად კომპანიამ MF3 მოდელიც წარადგინა. ამ ორ მოდელს შორის განსხვავება მხოლოდ ძრავა იყო. ამ უკანასკნელში 6 ცილინდრიანი (S54b32) M3-ის ძრავა იყო მოთავსებული. ავტომობილის გრძელი ცხვირი ძრავის ცენტრში განთავსების საშუალებას იძლეოდა, შესაბამისად ავტომობილი სტანდარტულ M3-თან შედარებით გაცილებით კარგად იმართებოდა.
მომდევნო წლებში Wiesmann-მა კიდევ უფრო „გიჟური“ მოდელები წარადგინა: GT MF4 და GT MF5. მოცემული მოდელები BMW-ს კიდევ უფრო მძლავრი აგრეგატებით იყვნენ აღჭურვილნი, თუმცა ჩვენი ყურადღება მათში არსებულ ყველაზე საკულტო მოდელზე შეჩერდება. GT MF5-ში M5-ის ლეგენდარული V10 ძრავა იყო მოთავსებული. იგი 507 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და საკმაოდ დაბალი წონის გამო 0-100 აჩქარებას წარმოუდგენელ 3.9 წამში ახერხებდა. ამ ყველაფერს ავტომობილის აეროდინამიკული და ულამაზესი რეტრო სტილის დიზაინი ემატებოდა. კომპანიის ისტორიაში აღნიშნული მოდელი დღემდე ყველაზე სასურველ მოდელად რჩება.
სამწუხაროა, მაგრამ მსგავსმა კომპანიაებმა 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან გამკლავება ვერ მოახერხეს და უმეტესობა დაიხურა. 2014 წელს wiesmann-მაც იგივე ბედი გაიზიარა და გაკოტრდა, თუმცა მისი შეძენა ბრიტანელმა ინვესტორმა მოახერხა და როგორც კომპანიის ახალი ხელმძღვანელი იუწყება, სულ მალე ავტომოყვარულებს წარმოუდგენელ პროექტს შესთავაზებს.