არ არსებობს ნამდვილი ავტომოყვარული, რომელსაც ნიურბურგრინგის შესახებ არ სმენია. ის სოფელ ნიურბურგთან ახლოს, გერმანიაში მდებარეობს და ცნობილია, როგორც ბევრი ავტომწარმოებლის საცდელი ტრასა, რომელზეც უახლესი ავტომობილები „ფეხს იდგამენ“. ეს ტრასა ავტომობილისა და მძღოლის უნარების გამოსაცდელად საუკეთესოა. მასთან გამკლავება რთული და საშიში ამოცანაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
ნიურბურგრინგის მოკლე ისტორია
ნიურბურგრინგი ორ სარბოლო ტრასად იყოფა. GP წრე და სახელგანთქმული ჩრდილოეთის მარყუჟი, რომელსაც ნორდშლაიფის სახელით ვიცნობთ. ორივეს თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა, ამ ორიდან ყველაზე პოპულარული ნორდშლაიფია. სარბოლო ტრასა 1925 წლიდან არსებობს და პირველი რბოლები იქ 1927 წლიდან იმართება. ნორდშლაიფი ბევრ ამაღელვებელ სანახაობას მასპინძლობს. სამწუხაროდ, ფორმულა 1 ამ სიაში არაა. 1976 წელს ნიკი ლაუდას საშიში ავარიის შემდეგ ნორდშლაიფი კალენდრიდან ამოიღეს.
ამ ტრასის სიგრძე 20.83 კილომეტრია. ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრასაა. მას 154 მოსახვევი, სხვადასხვა სიჩქარე და აღმართები აქვს. ფორმულა 1-ის ლეგენდარულმა პილოტმა ჯეკი სტიუარტმა ნორდშლაიფს „მწვანე ჯოჯოხეთი“ უწოდა. ზოგი ამ ტრასას „სასაფლაოსაც“ ეძახის. წლების განმავლობაში დაახლოებით 70 პროფესიონალი პილოტის სიცოცხლე შეიწირა და ასობით მათგანის ეგო გაანადგურა.
რატომ არის ნიურბურგრინგი ასეთი საშიში?
რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ მოიაზრება ნორდშლაიფი ყველაზე საშიშ ტრასად. თუმცა, ძირითადი მიზეზი სამია.
სიმაღლის ცვლილება
ნორდშლაიფი სიმაღლის ბევრ ცვლილებას მოიცავს. სხვაობა მის ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ წერტილს შორის 300.2 მეტრია. მდგომარეობას ის აუარესებს, რომ ეს სიმაღლის ცვლილება თანმიმდევრულად, ნელა არ ხდება, არამედ მომენტალურად. ასეთი ცვლილება ყველაზე დახვეწილ ავტომობილებსაც მწყობრიდან გამოიყვანს.
ყველაზე რთული სექცია ნიურბურგრინგზე „მელიის სოროა“. მას 5 მკვეთრი მაღალსიჩქარიანი მოსახვევი აქვს. ყველაზე საშიში ბოლო მოსახვევია, რომელიც დაღმართში ჩადის, შემდეგ კი დიდი აღმართი მოჰყვება. ამ დროს ყველაზე დიდ მიზიდულობის ძალას გრძნობთ, რაც ავტომობილში როდისმე გიგრძნიათ.
სიმაღლის ცვლილებისას წონა გლუვად არ ნაწილდება. ბევრი გამოცდილი პილოტიც კი შეცდომას უშვებს და დაღმართის სულ ბოლოს ამუხრუჭებს, როცა წონა უკვე წინაა გადანაწილებული. ამას ავტომობილი მწყობრიდან გამოჰყავს და საბოლოოდ ყველაფერი ბარიერთან შეჯახებით სრულდება.
კიდევ ერთი საშიში სექცია ნორდშლაიფის ბოლოსაა და მას „ბაღი“ ჰქვია. ამ სექციამ რამდენიმე გამოცდილი პილოტის კარიერა დაასრულა. ამ სექციაში 60 წამის განმავლობაში ავტომობილები უწონადობის მდგომარეობაში სამჯერ გადადიან. ზოგიერთ შემთხვევაში კი მოხვევისას.
ბრმა მოსახვევები
ნორდშლაიფს 154 მოსახვევი აქვს. ზოგიერთ ძველ ვერსიაში 170. მათგან 90 პროცენტი ბრმა მოსახვევია. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ხედავ, რა არის ბოლოში. ერთ-ერთი ასეთი მოსახვევია Kallenhard-ი. ეს მოსახვევი 5-მილიანია და გვიანი აპექსითაა, რომელიც ბოლოში ძალიან ვიწროვდება. სწორედ იქ, სადაც პილოტები ფიქრობენ, რომ მოსახვევი დასრულდა.
არანაირი უსაფრთხოების ზოლი
სარბოლო ტრასების უმეტესობას უსაფრთხოების ზოლები აქვს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტრასიდან უსაფრთხოდ გადასვლის საშუალებას იძლევა. ბევრ სექციაში სარბოლო ტრასასა და ბარიერებს შორის ერთ მეტრზე ნაკლები დაშორებაა.
როგორ არ უნდა ვმართოთ ნორდშლაიფზე
მართალია, ავტომწარმოებლები ამ ტრასაზე ძირითადად ამას აკეთებენ, მაგრამ ნორდშლაიფი რეკორდების დასამყარებლად არ არის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ ტრასაზე ძალებს პირველად ცდის. რა თქმა უნდა, სრული უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ არსებობს გარკვეული უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც უნდა დაიცვათ.
93-წლიანი ისტორიის შემდეგ, ამ ტრასაზე ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ ყველას გაცინებას მოახერხებთ. ამაში Youtube-ის იმ ასობით ვიდეოს ვგულისხმობთ, რომლებშიც ნიურბურგრინგზე მომხდარი წარუმატებლობებია თავმოყრილი.