ბრიტანელები ავტოწარმოებაში ყოველთვის განსხვავებული ხედვით გამოირჩეოდნენ. მათ ყოველთვის ისეთი ავტომობილების შექმნა სურდათ, რომლებიც ტრადიციული და სხვა დანარჩენებისგან განსხვავებული იქნებოდა. დახვეწილი არისტოკრატული გემოვნება ავტომობილებშიც გამოამჟღავნეს და მსოფლიოს არაერთი უნიკალური ავტომობილი აჩუქეს. ეს ავტომობილები „სუპერქარებში“ გაცილებით ადვილი მოსაძიებელია, ვიდრე ყოველდღიური მოხმარების მანქანებში. ამ სტატიაში 90-იანი წლების მივიწყებული ბრიტანული ავტომობილები იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც საქმეში ღრმად ჩახედული ავტომოყვარულები ძალიან აფასებენ. აქ ვერ შეხვდებით Mclaren F1-ს და Jaguar XJ220-ს, რადგან ეს ავტომობილები ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ნაცნობია, ჩვენ ისეთებს გავიხსენებთ, რომლებიც თითქმის დაგვავიწყდა. მაშ ასე! თქვენს წინაშე 90-იანი წლების ბრიტანული ავტომობილებია, რომლებიც თანამედროვე და ერთფეროვან მანქანებთან მსგავსებას არასდროს იკადრებენ.
LOTUS ESPRIT
„ლოტუსის“ ეს მოდელი 28 წელი იწარმოებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში წარმოებული ყველა ავტომობილი ხელით იწყობოდა. ერთი მანქანის აწყობაზე 21 ადამიანი მუშაობდა და ბოლო წლებში იმდენად დაიხვეწა წარმოება, რომ ერთ დღეში თითო მანქანის აწყობა ესწრებოდა. აწყობილი ავტომობილი სატესტო ტრეკზე გაყავდათ, შემდეგ სტენდზე აყენებდნენ და ყველაფრის დარეგულირება ხდებოდა, ამის შემდეგ ისევ ტრეკზე იტესტებოდა, რადგან ინჟინრები დარწმუნებულიყვნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ამ პროცედურების შემდეგ შესაძლებელი იყო მისი რეალიზაცია. აღნიშნულ მოდელს 4 ცილინდრიანი ძრავებიდან დაწყებული ორი ტურბოთი აღჭურვილი V8 ძრავაც ჰქონდა. სპორტული მანქანების მოყვარულები მაქსიმალისტები ვართ, ამიტომ ყველაზე მეტად ამ უკანასკნელს გამოვარჩევთ. 355 ცხენის ძალიანი „ესპრიტი“, რომელსაც მთავარი აგრეგატები ძარის ცენტრში ჰქონდა მოთავსებული, 0-100 აჩქარებას 4.3 წამში ახერხებდა. ავტომობილის წონა 1300 კილოგრამს შეადგენდა და მაღალ სიჩქარეზე მისი მართვა დაუვიწყარ შეგრძნებებს აღძრავდა. თითქმის 30 წლიანი წარმოების შემდეგ დასასრული მაინც დადგა. ჩვენი გმირი ერთერთი ბოლო Pop up ფარებით აღჭურვილი მოდელია დედამიწაზე.
Aston Martin Vantage V600
შემზარავი ვიზუალია აქვს და პირველი შეხედვისას ხასიათი გარკვევით იკითხება. დახვეწილი ურჩხული სადმე თუ გინახავთ, მაშინ ადვილად მიხვდებით რაზეც გვაქვს საუბარი. ალბათ იფიქრებთ, რომ გრძელი წინა ნაწილი და ძრავის ხუფზე ამობურცული ფორმა სილამაზისთვის აქვს, სინამდვილეში ეს ყველაფერი უზარმაზარი ძრავის სახლ-კარია. 5.3 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც ორი Supercharger-ი აქვს დამონტაჟებული 600 ცხენის ძალას და 745 ნიუტონს გამოიმუშავებს. თითქმის 2 ტონიანი ავტომობილისთვის 100-მდე აჩქარება 3.9 წამში იყო ხელმისაწვდომი, ოღონდ ეს მონაცემი 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო შესაძლებელი, რადგან 100კმ/სთ-ის ნიშნულის მიღწევა პირველივე სიჩქარეში იყო შესაძლებელი, რასაც 6 სიჩქარიან კოლოფზე ვერ ვიტყვით. სამაგიეროდ 6 სიჩქარიანი კოლოფით 350 კმ/სთ-მდე შეეძლო მიღწევა, უბრალოდ აეროდინამიკული მონაცემები მსგავს შესაძლებლობას სახიფათოს ხდიდა, რის გამოც სიჩქარის მაქსიმალური ნიშნული 300-მდე იყო შეზღუდული.
Jaguar XJR-15
ამ ავტომობილის შექმნის იდეა Le Mans-ის რბოლებში მონაწილე „იაგუარის“ მიერ მიღწეული წარმატებები იყო. ავტომობილი სარბოლე ვერსიასთან მიმართებაში მაქსიმალურად მსგავსი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ამ მოდელში კომფორტისთვის განკუთვნილ დეტალებს ვერ შეხვდებით. მისი აეროდინამიკული ფორმები მის დანიშნულებაზე აშკარად მიუთითებს. XJR-15 12 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით არის აღჭურვილი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ბრუნვების გაძლება შეუძლია. აღნიშნული აგრეგატის მოცულობა 6 ლიტრია და 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ძრავი და გადაცემათა კოლოფი გაბარიტებში ძალიან დიდი იყო, მათი საერთო წონა გადაბმულობასთან ერთად 298 კილოგრამია. ავტომობილის მთლიანი წონა კი 1050 კილოგრამს შეადგენს, რაც უეცარ აჩქარებაში ძალიან ეხმარება. 0-100 ასაჩქარებლად 3.9 წამი საკმარისია და სიჩქარის მაქსიმალური მაჩვენებელი 307 კმ/სთ-ს შეადგენს.
TVR Cerbera
„ცერბერუსი“ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰადესის ძაღლი იყო, რომელსაც რამოდენიმე თავი ჰქონდა და ქვესკნელის კარიბჭეს იცავდა, რადგან იქაურობა მიცვალებულებს არ დაეტოვებინათ. ესეთი საშიში ცხოველია ჩვენი გმირიც! მისი ფორმებით და ინტერიერით თუ ვიმსჯელებთ, რთული წარმოსადგენია, რომ ეს ავტომობილი 1993 წელს გამოუშვეს. კომპანია მანამდე არსებულ მოდელებში „როვერის“ ძრავებს იყენებდა, რომლებიც თავად BMW-სგან იღებდნენ ძრავებს. Cerbera პირველი მოდელია, რომელსაც TVR-ის მიერ წარმოებული ძრავა ჰქონდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 8 ცილინდრიანი 4.5 ლიტრი მოცულობის მქონე მოდელი იყო, რომელიც 440 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილი 1100 კილოგრამს იწონიდა და მისი მართვა ძალზედ რთული იყო. ამ ყველაფერს დაბალ წონაზე გადანაწილებული უამრავი ცხენის ძალა განაპირობებდა. იქიდან გამომდინარე, რომ „ცერბერას“ ძრავა წინ ედგა, ინჟინრებმა ამაზეც იფიქრეს და აგრეგატი რაც შეიძლებოდა დაამსუბუქეს, საბოლოოდ მისი წონა 121 კილოგრამამდე დაიყვანეს, რადგან ავტომობილის წინა ნაწილი ზედმეტად მძიმე არ გამოსულიყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოების პერიოდში „ცერბერას“ ერთერთი ყველაზე ფუტურისტული ინტერიერი ჰქონდა. TVR-ის სიაში არაერთი უნიკალური მოდელია, თუმცა 21-ე საუკუნის დასაწყისში მსგავსი ავტომობილები ნაკლები ინტერესის გამო ძლიერ ფინანსურ კრიზისს განიცდიდნენ. რუსი ბანკირის, ნიკოლაი სმოლენსკისთვის სწორედ ეს ფაქტორი გახდა ხელსაყრელი და 2004 წელს გაკოტრების პირას მყოფი კომპანია საკუთრებაში შეისყიდა.
Lister Storm
აღნიშნული მოდელი 90-იან წლებში ყველაზე სწრაფი 4 ადგილიანი Grand Tourer-ი იყო. მისი დანიშნულება ბრიტანული და მსოფლიო მნიშვნელობის რბოლების მოგება იყო. დასაწყისი ძალიან ცუდი გამოვიდა, რადგან ავტომობილს ძალიან ხშირად უფუჭდებოდა აგრეგატები, ამ ყველაფერს „ლე მანის“ რბოლაში მომხდარი დიდი ავარია დაემატა, რომლის დროსაც მრბოლელმა თვალი დაკარგა, თუმცა პატარა კომპანია არ გაჩერდა და პირველობისთვის ბრძოლა ჯიუტად გააგრძელა. მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. 90-იანი წლების მიწურულს მანქანამ მოგება დაიწყო და მის სახელზე GT კლასის არაერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა. რბოლების სამყაროში მას თავისივე კონკურენტის, „ვაიპერის მკვლელი" შეარქვეს. რაც შეეხება სამოქალაქო ვერსიას, „იაგუარის“ 12 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით იყო აღჭურვილი. Lister Storm-ს 546 ცხენის ძალა და 790 ნმ ჰქონდა, რაც 1700 კილოგრამიან ავტომობილს 100-მდე 4 წამში აჩქარებდა. მიუხედავად მისი დახვეწილი ფორმებისა, თუ კარგად დააკვირდებით უკანა მაშუქები Audi 80-სგან აქვს მოპარული, რაც ძალიან უხდება.
Marcos Mantis V8
მისი ძარის გაბერილი ფორმები პირველია, რაც დანახვისას თვალში მოგხვდებათ. საოცარი აგებულების ავტომობილია, მისი უკანა შუშა პირდაპირ უკანა საბურავების თავზე არის გადაჭიმული. ზემოდხსენებულ Lister Storm-თან ბევრ საერთოს იზიარებს, „მარკოსიც“ რბოლებისთვის შეიქმნა და უკანა მაშუქები „აუდი 80“-ის კონკურენტისგან, „ფორდ მონდეოსგან“ აქვს აღებული. თუ Lister Storm-ს „იაგუარის“ ძრავა ჰქონდა, „მანტისი“ ფორდის აგრეგატით სარგებლობდა. 1997 წელს ამ მოდელის ორი ვერსია არსებობდა:“როუდსტერი“ და „კუპე“. 1998 წელს მის აგრეგატებში ცვლილებები შეიტანეს, რაც 8 ცილინდრიანი „ფორდის“ ძრავაზე Supercharger-ის დამონტაჟებით გამოიხატა. ამ ცვლილებამ ავტომობილის შესაძლებლობები გააორმაგა, საბოლოოდ 507 ცხენის ძალა მიიღეს, რაც მას ველურ მტაცებლად აქცევდა. დასაწყისში ავღნიშნეთ, რომ მისი დანიშნულება Lister Storm-ივით რბოლების მოგება იყო, თუმცა მსგავსი შედეგებით ვერ იწონებდა თავს. ეს მის წარმოებაზეც აისახა და „მანტისი“ სულ 51 ერთეულია გამოშვებული, რომლიდანაც მხოლოდ 16-ია 507 ცხენის ძალიანი ვერსია.