AC Schnitzer-ის ერთი გამოშვების V10-იანი მესამე სერიის კუპე
ვიღაცას BMW-ს ისტორიის უნიკალური ნაწილის ფლობის შანსი აქვს.
სურათებზე თქვენ AC Schnitzer-ის უნიკალურ მანქანას ხედავთ. კომპანიამ ეს ავტომობილი 2007 წლის ფრანკფურტის ავტოჩვენებაზე გამოაჩინა. მოდელი M5/M6-ის 5-ლიტრიანი V10-ით იყო აღჭურვილი. ამ მახასიათებლით ის ყველა ავტომოყვარულის ყურადღებას მყისიერად იპყრობდა. მეტიც, ეს აგრეგატი 544 ცხენის ძალასა და 540ნმ-ს გამოიმუშავებდა, რაც ქარხნულ ვერსიასთან შედარებით 45 ცხენის ძალით მეტი იყო.
ამ ავტომობილს AC Schnitzer-მა GP3.10 დაარქვა და მსოფლიოში ერთადერთია. ახლა კი გასაყიდადაა გამოტანილი. ამჟამინდელი მფლობელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სპეციალური ტესტისას მანქანამ 335კმ/სთ-ი განავითარა. მწარმოებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარე კი 320კმ/სთ გახლდათ.
როგორც სურათებიდან ამჩნევთ, მოდიფიცირების სამუშაოები მხოლოდ ძრავაზე არ განხორციელებულა. მანქანის კორპუსი აეროდინამიკური დანამატებით არის წარმოდგენილი. განსხვავებული დიზაინი აქვს თითქმის ყველა პანელს. უკანა ნაწილში მანქანა 60მმ-ით ისე დააგრძელეს, რომ ძარაზე კორექტირება არ არის შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ღია მწვანე ფერს ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს, განსხვავებულია ავტომობილის ექსტერიერის ფერი, რომელშიც ინტერიერის კონკრეტული დეტალებიცაა შეღებილი.
სალონი სამ ტონშია გადაწყვეტილი - ყავისფერი, თეთრი და ღია მწვანე. შეცვლილია მაჩვენებელთა დაფა და სატერფულები. გაფორმებულია საბარგულის განყოფილებაც კი. ყველა ეს დეტალი, Aachen-ის დისკებთან ერთად, იდეალურ მდგომარეობაშია. ეს ავტომობილი Oldtimer Museum-ში, გერმანიაში იდგა.
ამ სპეციალური და უნიკალური გამოშვების მქონე მანქანის ფასი, სავარაუდოდ, 250 000$-ით უნდა განისაზღვროს. თავდაპირველად კი მანქანის ფასი 76 000$ გახლდათ.
შეიძენდით ერთადერთი გამოშვების AC Schnitzer GP3.10-ს? გეჩვენებათ თუ არა ამ ავტომობილის სავარაუდო ღირებულება გადამეტებულად? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.