Dodge-ს ლოგოს განვითარების ისტორია
Dodge-მა ბოლო დროს თავისი მომავლის ხედვა და ელექტრიფიკაციის გეგმები 2021 წლის მეორე ნახევარში წამოგვიდგინა. ის თავისი გეგმის განხორციელებას American eMuscle-ით დაიწყებს. მართალია, ეს ავტომობილი წარმოებისგან შორსაა, მაგრამ კომპანიამ რაღაც დეტალები უკვე გაგვიმხილა. სარეკლამო რგოლში მხოლოდ კონტურები ჩანს. თვალი მოვკარით ახალ ლოგოს. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ეს ლოგო კომპანიამ 60-70-იანი წლებიდან გააცოცხლა.
ჩვენ უკვე გესაუბრეთ, სხვადასხვა ბრენდის ლოგოს წარმოშობის ისტორიაზე, ასევე წლების განმავლობაში მათ ცვლილებაზე. დღეს კი Dodge-ს ლოგოზე მოგიყვებით.
6-ქიმიანი ვარსკვლავი
კომპანია Dodge ორმა ძმამ, ჯონ ფრენსის დოჯმა და ჰორაციო ილჯინ დოჯმა დაარსა. ავტომწარმოებელი 1900 წელს დაარსდა, თუმცა პირველი ავტომობილი 1914 წელს გამოვიდა. 6-ქიმიანი ვარსკვლავი ორი სამკუთხედის შეერთებით იყო მიღებული. შუაში კი გადაბმულად DB იყო ჩაწერილი, რაც Dodge Brother-ს, ძმებ დოჯებს, ნიშნავდა. წრეში კი Dodge Brothers Motor Vehicles იყო ჩაწერილი. 1929 წლებში brothers სატვირთოების ლოგოებიდან ამოიღეს. 1930 წელს კი სხვა ავტომობილების.
ლოგო დავითის ვარსკვლავს ჰგავდა, თუმცა ამ ლოგოს იუდაიზმთან არ ჰქონდა კავშირი. მუქი სამკუთხედი სხეულს ნიშნავდა. ღია ფერის კი სულს. ზოგი თეორიის მიხედვით ეს შუასაუკუნეების მისტიციზმის სიმბოლოა, რომელიც სულისა და სხეულის ერთობას ნიშნავს. ამ ლოგოს 1914-1938 წლებში იყენებდნენ.
კიდევ ერთი ლოგო, რომელიც 1910 წელს წამოადგინეს, იყო ცენტრში ჩასმული D და B ასოები, რომლებიც ერთმანეთს კვეთდა. მათ გარშემო კი 6 პატარა წრე იყო.
ვერძი ნახტომში
ეს ლოგო პირველად 1932 წელს გამოჩნდა. ვერძის ორნამენტს კომპანია სატვირთოებზე 1940-1950 წლებში იყენებდა. წლების განმავლობაში ეს ლოგო განვითარდა და დაიხვეწა, ბოლოს მხოლოდ ვერძის თავი დარჩა. 1980-იანებში კი ამ ლოგოს მეორე სიცოცხლე აჩუქეს.
ფარი
ეს ლოგო პირველად 1941 წელს გამოჩნდა. ეს დოჯების ოჯახის გერბი იყო. ჰორიზონტალურ ხაზებს ვერტიკალური ხაზი კვეთს. შუაში ასო o წერია. ზემოთ რაინდის მუზარადია. მუზარადი 1955 წელს ლოგოდან ამოიღეს. მას რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებდნენ. ბოლოს ის 1976 წლის Dodge Aspen-ზე დააბრუნეს და 1981 წლამდე დატოვეს.
მომავლის ხედვა
დიზაინერმა ვიჯილ იქსნერმა „მომავალის ხედვის“ ლოგო შექმნა და ის Chrysler-ის ავტომობილებზე 1955 წლიდან გამოიყენებოდა. ორი გადამკვეთი ბუმერანგი მოძრაობისა და პროგრესის სიმბოლო იყო. ეს ლოგო მარკეტინგისთვის 1955-1962 წლებში გამოიყენებდა.
ფრეთცოგი
თავი არ იმტვრიოთ იმის ამოხსნაზე თუ რას ნიშნავს ფრეთცოგი, რადგან ამ სიტყვას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ეს სიტყვა დიზაინერმა გამოიგონა. Dodge ამ ლოგოს 1962-1981 წლებში იყენებდა. ეს არის ერთ-ერთი ლოგო, რომელსაც კომპანია ყველაზე დიდხანს იყენებდა. სახალისოა ის ფაქტი, რომ მას გამოგონილი სახელი ჰქვია. ისრის სამი თავი 3-ქიმიან ვარსკვლავშია ჩასმული.
ეს ლოგო ელექტრიფიკაციის ერაში ისევ გააცოცხლეს. ის ახალ ელექტრო Dodge eMuscle-ზე ვიხილეთ და, სავარაუდოდ, მომავალში სხვა ელექტრო ავტომობილებზეც ვიხილავთ.
პენტასტარი
პენტასტარს Dodge 1982-1995 წლებში იყენებდა. ეს ახალი დიზაინი არ იყო. ის Chrysler-ისგან ისესხეს. ეს უკანასკნელი ლურჯ პენტასტარს იყენებდა. Dodge – წითელს. 5-კუთხედში 6-ქიმიანი ვარსკვლავია ჩასმული. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ლოგოს პენტასტარი. ეს კომპანიის პირველ ლოგოს გვაგონებს, რომელიც ასევე 6-ქიმიანი ვარსკვლავი იყო.
ვერძის თავი
ეს ლოგო მაშინ გამოჩნდა, როცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ Ram-ის სატვირთოები განეხსხვავებინა. Dodge-მა ორნამენტი ლოგოდ გადააკეთა. 1996 წლიდან ეს ლოგო ყველა ავტომობილზე გამოიყენებოდა, გარდა Viper-ისა. როცა ავტომწარმოებელმა Ram-ი სატვირთოების მწარმოებელ ცალკე ბრენდად გამოყო, ეს ლოგო Ram-ს დარჩა.
დოჯ ლოგო
მას შემდეგ, რაც 2009-10 წლებში ვერძის თავის ლოგო Ram_ს გადასცეს ახალი ვერისია შეიმუშავეს. უბრალოდ ვერცხლისფერი ასოებით დაწერილი Dodge ბოლოში ორი წითელი ხაზით. ეს ორი წითელი ხაზი, როგორც ამბობენ, ვნებისა და აღფრთოვანების სიმბოლოა. ეს ლოგო დღემდე გამოიყენება. ზოგ შემთხვევაში კი ვერცხლისფერის ნაცვლად, თეთრს იყენებენ.
ამ ლოგოეის გარდა, ისტორიის მანძილზე სხვებსაც იყენებდნენ. ამ და დანარჩენ ლოგოებს, რომლებიც სტატიაში ვერ მოხვდა, ვიდეოში იხილავთ:
და რომელია თქვენი ფავორიტი?