იდეალური „სივიკის“ პროექტი - გზა უბრალოებიდან არაჩვეულებრივობამდე
Aa
Aa

იდეალური „სივიკის“ პროექტი - გზა უბრალოებიდან არაჩვეულებრივობამდე

ნებისმიერ ავტომოყვარულს თავის საყვარელ ავტომობილთან რაღაც ღირებული აკავშირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კუთვნილი ავტო უბრალოდ გადაადგილების საშუალებად გვესახება. ჩვენი დღევანდელი  გმირიც იმ სიას მიეკუთვნება, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ გადაადგილების საშუალება.

ხუან სელგერო 16 წლის იყო, როდესაც ბებიამ თავისი 78 წლის „სივიკი“ გადასცა. ეს „სივიკი“ მისი პირველი მანქანა გახდა, რომელთანაც ძალიან ბევრი კარგი მოგონება და ემოცია აკავშირებდა, ამიტომ „იდეალური სივიკის“ შექმნა გადაწყვიტა.

Honda Civic-ის ყველა მოყვარულმა იცის, რამდენად გამოსადეგია ეს ავტომობილები პროექტებისთვის. ბევრი საინტერესო დასრულებული პროექტი არსებობს, მაგრამ ჩვენ გვსურს თქვენი ყურადღება ერთ კონკრეტულზე  გავამახვილოთ: ხუან სელგეროს 1978 წლის Honda Civic-ზე.

დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, ხუანი „სივიკს“ ყოველდღიური „ფაცი-ფუცისთვის“ იყენებდა. საინტერესოა ამ პერიოდში მისი დამოკიდებულება ავტომობილისადმი: „თუ რამე გაფუჭდება, გაფუჭდეს. არ მადარდებს.“ - ამბობდა ის.

რეალურად, ხუანმა პროექტი 25 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც უკვე სტაბილური შემოსავალი ჰქონდა და პროექტის დაწყებისთვის მორალურად და ფინანსურადაც მზად იყო.

პროექტი არც თუ ისე მარტივი შესასრულებელი აღმოჩნდა. ყველაზე შრომატევადი პროცესი ’78-იანი „სივიკის“ ძრავის სივრცეში ’98-იანი „ინტეგრას“ B18C1-ის ძრავის ჩაყენება აღმოჩნდა. ხუანმა ძრავა სივრცეს იმდენად კარგად მოარგო, გეგონებათ, ქარხნულად იყო ჩადგმული. რა თქმა უნდა, ძრავაში პატარა ცვლილებების შეტანა მოუწია, კონკრეტულად, დამოკლებული ჰაერის შემშვები სისტემის დაყენება.

ასეთ ძლიერ ძრავს კონტროლი სჭირდებოდა და იმისათვის, რომ „სივიკს“ კარგად მოეხვია და გაჩერებულიყო, ხუანმა დაკიდების სისტემა შეცვალა, NSX-ის სამუხრუჭე სისტემა დააყენა, Mugen MR5s სპორტულ დისკები, Nankang AR-1, ე.წ. ნახევრად სლიკის ტიპის საბურავები შეუსადაგა.

იმისათვის, რომ ახალი დიდი ზომის ბორბლები ძარას არ ეხებოდეს, ხუანმა ფრთები წინ 2,5 სანტიმეტრით, უკან კი 7,5 სანტიმეტრით გააფართოვა, შესაბამისად ბაზაც გაიზარდა, რაც ამ მანქანის მართვის სტაბილურობას უფრო მეტად წარმოაჩენს.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ავტომობილი „ლექსუსის“ ნაცრისფერით შეღება და შეცვალა უშნო ბამპერები. ამერიკის უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, ამერიკულ მოდელებს ქარხნულად ძალიან უშნო პლასტმასის ბამპერები მოჰყვებოდა. იმისათვის, რომ 1975 წლის მოდელის ბამპერები ძარას მჭიდროდ მორგებოდა, სამაგრების დამოკლება მოუწია.

რაც შეეხება ინტერიერს, ხუანმა სალონი მაქსიმალურად ქარხნულ მდგომარეობაში დატოვა, კასეტების მაგნიტოფონიც კი არ შეუცვლია. ერთადერთი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ავტომობილი მოდიფიცირებულია, არის სიჩქარეთა გადამრთველი.

ამ პროექტს მისი ისტორიულობა მეტად საინტერესოს ხდის, მოგეხსენებათ. რომ ეს პირველი სივიკია ჰონდის ისტორიაში. ჩვენმა სივიკმა საკმაოდ კარგად მოიხდინა შედარებით თანამედროვე აგრეგატები, საბოლოოდ 650 კილოგრამიანი 216 ცხენისძალიანი პატარა, სხარტი და მოქნილი ავტომობილი გამოვიდა, რომელიც „პორშეებს“ და „ფერარებს“, მესამე სიჩქარეში ბუქსაობით, გვერდით უვლის და ხუანიც ბოლომდე კმაყოფილია.

გერმან ბუხალცევი

მსგავსი სიახლეები